Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ტკივილი’

დღეს მინდა ვისაუბროთ ტკივილზე, კბილის ტკივილზე.

– მოვალ, როცა ამტკივდება

– არ მაწუხებს და… არ უნდა ხელის მოკიდება

– თუ არ მაწუხებს სამკურნალოც არაა.

– შემაწუხებს და აგერ არა ხარ?! 🙂

ალბათ გეცნოთ ფრაზები?! სამწუხაროდ, არსებობს პაციენტების კატეგორია, უფრო მართებულია ითქვას, რომ უმეტესობა, რომლებიც სტომატოლოგს  მიმართავენ მხოლოდ ტკივილის ან დისკომფორტის გაჩენის შემთხვევაში. ამასთან ნაწილი აღნიშნული პაციენტებისა მოდის მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილების არსებობისას, როდესაც უკვე არანაირი წამალი აღარ შველით.

ტკივილი – დაავადება არაა, იგი მხოლოდ ანთებადი პროცესის ერთ-ერთი სიმპტომია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ტკივილის არ არსეობა – არ ნიშნავს, რომ ანთება არ არის.

ზემოთქმულის კლასიკური მაგალითია ქრონიკული პოლირინოსინუსიტი (ანუ ჰაიმორიტი). დაავადება ვითარდება წლების განმავლობაში, მდორედ და პრაქტიკულად უსიმპტომოდ, მაგრამ ერთხელად გამწვავდება და მტრისას. შედეგად – ტკივილები, გამონადენი ცხვირიდან, ტემპერატურა და უამრავი უსიამოვნო პროცედურა. ქრონიკული ჰაიმორიტი არსად არ ქრება – უბრალოდ ელოდება ხელსაყრელ მომენტს.

რა თქმა უნდა ანთებადი პროცესები პირის ღრუში უფრო შესამჩნევად მიმდინარეობს, თუმცა ყოველთვის არ ახლავს ტკივილი. მიუხედავად ამისა სისხლდენა და ჩირქდენა ღრძილებიდან, ხვრელარხები ლორწოვანზე, შეწითლება, უსიამოვნო სუნი, რენტგენოლოგიურად არსებული ცვლილებები და ა.შ. – ყველაფერი მოუთითებს არსებულ პრობლემაზე, რომელიც თანდათან ღრმავდება და მძიმდება. შედეგად ადრე თუ გვიან გაჩნდება ტკივილიც.

ტკივილი – სიგნალია, რომ ორგანიზმს ესაჭიროება დახმარება, იგი ვეღარ უმკლავდება ანთებად პროცესს. იგი როგორც S.O.S. სიგნალი მიეწოდება ტვინს, რომ ანთება იმარჯვებს, უჯრედები და ქსოვილები კვდებიან, სიტუაცია მძიმდება და დროა რაღაც ზომების მისაღებად.

ზოგიერთი მირბის აფთიაქში ტკივილგამაყუჩებლის შესაძენად. სვამენ მუჭებით, იმ იმედით, რომ “ყველაფერი თავისით გაივლის”.

უფრო ჭკვიანები ტკივილის გაჩენისას მიმართავენ ექიმს.

კბილის ტკივილისას ტკივილგამაყუჩებლების მიღება შეიძება შევადაროთ სამაშველო სამსახურთან დამაკავშირებელი ტელეფონის ხაზის გადაჭრასთან. ტელეფონი სდუმს ე.ი. შველაც არავის სჭირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არსადაა. პირიქით დაავადება მწვავდება და გვაყენებს უფრო დიდ ზიანს.

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელოთ ნებისმიერი სახის ტკივილის გაჩენისას გონივრულია მიმართოთ ექიმს. როგორც მოგახსენეთ ტკივილი, მხოლოდ დაავადების სიმპტომია და არა დაავადება. ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და უმკურნალოს დაავადებას და არა სიმტომებს. მხოლოდ ასე შეიძლება ვიქონიოთ გარანტია, რომ ტკივილი აღარ დაბრუნდება.

მაგრამ რას ნიშნავს დაავადების მკურნალობა მწვავე ფაზაში, გამოხატული მტკივნეული სინდრომით? წარმოიდგინეთ, რომ მთელი რეგიონი ანთებადი და ინფიცირებულია, გაჟღენთილია ლიმფოციტებით, ლეიკოციტებით და მათი ნარჩენებით (ჩირქით). ხოლო ჩვენ ჩვენი ინსტრუმენტებით ვძვრებით ამ ანთებაში. ეს შეიძლება შევადაროთ ცეცხლის ბენზინით ჩაქრობას (რასაც წარმოადგენს ნებისმიერი ოპერაცია თუ ენდოდონტიური მკურნალობა). ნებისმიერ გარე ჩარევაზე პასუხი – ანთებაა.

ანთებას + ანთება = ორმაგ ანთებას.

ამით აიხსნება, თუ რატომ მიმდინარეობს პოსტოპერაციული პროცესი და რეაბილიტაცია რთულად და მძიმედ იმ პაციენტებში, რომელთაც ჩაუტარდათ მკურნალობა მწვავე ტკივილით მიმართვის შემთხვევაში, ვიდრე გეგმიური მკურნალობისას.

ჩნდება მანკიერი წრე – პაციენტი წელავს სტომატოლოგთან ვიზიტს, იმიტომ, რომ ეშინია ტკივილის და დისკომფორტის პოსტოპერაციულ პერიოდში, მიყავს დაავადება მწვავე სტადიამდე, იწყებს მკურნალობას მაშინ, როდესაც ტკივილი უკვე აუტანელია და შედეგად იღებს იმ უსიამოვნო პოსტოპერაციულ პერიოდს რისიც ასე ეშინოდა.

ჩემო ძვირფასებო! ამ “აბრაკადაბრადან” თქვენ უნდა გაიგოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ. ნებისმიერი მკურნალობა თუ ოპერაციული ჩარევა მწვავე პერიოდში: იქნება ეს კბილის მკურნალობა თუ პერიკორონარიტის გამო სიბრძნის კბილის ექსტრაქცია გაცილებით უსიამოვნოა ვიდრე იგივე მანიპულაციები გეგმიური მკურნალობისას. ამიტომ მიმართეთ თქვენს სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური დათვალიერება და ნურასდროს ნუ მიიყვანთ კბილებს აუტანელ ტკივილებამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

Advertisements

Read Full Post »

არსებობს შემთხვევები, როდესაც კბილის ტკივილით შეწუხებული პაციენტი მიდის ექიმთან, ხოლო კონსულტაციის შემდეგ ირკვევა, რომ კბილი არაფერ შუაშია. მიზეზი სხვა რამეა. კბილმა შესაძლოა ანესთეზიის შემდეგაც გააგრძელოს ტკივილი. საქმე იმაშია, რომ არსებობს დაავადებები, რომლებიც „იმალებიან“ კბილის ტკივილის მიღმა და ავლენენ მსგავს სიმპტომებს. გამოცდილ და ყურადღებიან სტომატოლოგს უნდა შეეძლოს არა მარტო კბილის მკურნალობა, არამედ სხვა დაავადების, პირის ღრუსთან დაუკავშირებელი პათოლოგიის აღმოჩენა და შესაბამის სპეციალისთან მიმართვის შესაძლებლობა. პაცინეტი კი თავის მხრივ ყურადღებით უნდა მოეკიდოს საკუთარ შეგრძნებებს, სრულად და დეტალურად გადმოსცეს ჩივილები, რათა ექიმმა შესძლოს დიაგნოზის სწორად დასმა.

განვიხილოთ ზოგიერთი დაავადება, თუ მდგომარეობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი კბილის ტკივილი. ძირითადად ეს მომიჯნავე ორგანოების დაავადებებია (დანამატი ღრუები, მხედველობის და სმენის ორგანოები, ხახა, კისრის მალები, ტვინი); მიზეზი შესაძლოა იყოს გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვანი, ნერვული სისტემის დაავადებები, ასევე ფსიქიკური აშლილობა.

სამწვერა ნერვის ნევრალგია. სამწვერა ნერვი აინერვირებს სახესა და პირის ღრუს. მისი დაზიანებისას ტკივილი ძლიერია და ძალიან ჰგავს კბილისას. სამწუხაროდ ნევრალგიან პაციენტებს უტარდებათ კბილების დეპულპირება (ნერვის მოკვლა) და კბილის ამოღება თუმცა უშედეგოდ, ტკივილი მაინც რჩება. მიუხედავად პაციენტის თვითდაჯერებისა, რომ მას სტკივა კბილი ექიმმა-სტომატოლოგმა უნდა გამოიჩინოს ინტუიცია და პაციენტი გააგზავნოს ნევროპათოლოგთან. სხვა შესაძლო ვარიანტია პოსტჰერპესული ნევრალგია, პაციენტები რომელთაც გადაიტანეს შემომსარტყვლელი ჰერპესი. ამიტომ აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს თუკი გქონდათ კანზე ან ლორწოვანზე ბუშტუკები ან თუ გქონდა დასმული აღნიშნული დიაგნოზი.

კლასტერული თავის ტკივილი – ეს გაურკვეველი წარმოშობის სინდრომი ხასიათდება მწვავე შეტევითი ტკივილებით. შესაძლოა იგი შაკიკის ერთ-ერთი ფორმაც იყოს. კლასტერული თავის ტკივილი უფრო ხშირად გვხვდება 30-60 წლამდე მამაკაცებში. ბევრი აღნიშნავს ტკივილის გაჩენას ალკოჰოლის მიღების შემდეგ. კლასიკურ შემთხვევებში აღინიშნება ცალმხრივი ტკივილი ზედა ყბის, ზედაყბის წიაღის და მის უკანა მიდამოში. კლასტერული თავის ტკივილი ხშირად ერევათ ზედა ყბის საღეჭი კბილების მწვავე პულპიტში ან პერიოდონტიტში.

შუა ყურის ანთება (შუა ოტიტი) – სტრეპტოკოკებით გამოწვეული, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ძირითადად გვხვდება ბავშვებში. ცნობილია, რომ საღეჭი კბილების ანთება ხშირად ირადირებს ყურის მიდამოში და პირიქით, შუა ყურის ანთების სიმპტომები ირევა ზედა და ქვედა ყბის საღეჭი კბილების მიდამოში. დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტი იგზავნება ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან.

ზედა ყბის მწვავე  სინუსიტი (ჰაიმორიტი). კბილის ფესვები ზედა ყბის წიაღის ფსკერზეა მიბჯენილი, ამიტომ მისი ანთება ხშირად კბილების ტკივილით გამოიხატება. სინუსიტებს ახასიათებს ყრუ ტკივილი ყვრიმალის და ზედა ყბის ალვეოლური მორჩის მიდამოში. მწვავე ჰაიმორიტის დროს ტკივილი შესაძლოა იყოს მჩხვლეტავი, პულსირებადი და შესაძლოა ზეწოლის შეგრძნებაც. ხშირად გადასცემ თვალბუდის ქვედა, ზედა ყბის კბილების მიდამოს. ამასთან ტკივილი შეიგრძნობა არა ერთ არამედ რამოდენიმე კბილის არეში.


გულის დაავადებები.
სტენოკარდია – ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს მარცხენა მკლავში და ხელის გასწვრივ. ტკივილი ძირითადად ჩნდება ფიზიკური დატვირთვის შემდგომ. ეს სიმპტომები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სტენოკარდია მწვავე ინფარქტის მაუწყებელია. ხანდახან ტკივილი აღინიშნება მხოლოდ მარცხენა მხარში და ხელში, იშვიათად ქვედა ყბის მარცხენა კუთხეში. ე.ი. თუკი გაქვთ ჩივილები ქვედა ყბის მარცხენა უკანა მხარეს, ხოლო კბილები აღნიშნულ მიდამოში წესრიგშია შესაძლოა ვივარაუდოთ ტკივილის გულისმიერი წარმოშობა. სასურველია პაციენტი გაიგზავნოს კარდიოლოგთან ან თერაპევტთან კონსულტაციაზე.

ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება  ვითარდება ერთ-ერთი სანერწყვე ჯირკვლის სადინარში. გარკვეული ხანი ერთადერთ გამოვლინებად რჩება პირის ღრუს სიმშრალე. როდესაც ქვა აღწევს კრიტიკულ ზომებს, სადინარი იკეტება და იწყება ტკივილი. შესაძლოა გაჩნდეს შესიება ქვედა ყბის მიდამოში. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა რენტგენოლოგიური კვლევები. მკურნალობას ატარებს ქირურგი სტომატოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს განაკვეთი და სადინრიდან კენჭის ამოღება.


ძვალ-კუნთოვანი წარმოშობის ტკივილი
შესაძლოა გამოწვეულ იყოს ტრავმით ან კისრის, თავის, ყბების კუნთების დისფუნქციით. ტკივილი შესაძლოა აღინიშნოს კბილების, ლოყის, საფეთქლის, კისრის გვერდით, კეფის მიდამოებში. აღნიშნულ ჯგუფს ეკუთვნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და ხერხემლის კისრის მონაკვეთის დაავადებები. სახსრების სხვა დაავადებები

(რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, პსორიაზი, კოლაგენური დაავადებები) შესაძლოა იწვევდნენ ტკივილებს ყბა-სახის მიდამოში. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის შიდა დისფუნქციისას ხშირად ჩნდება ტკივილები.  შიდა დისფუნქცია შესაძლოა განვითარდეს სასახსრე დისკის გადაადგილების, შეხორცებების, ართრიტის სხვადასხვა ფორმების, ტრავმები (მაგ.: საავტომობილო ავარია), მთქნარების ან პირის დიდი ხნით გაღების შემთხვევაში. გამოვლინება: პირის გაღება შეზღუდულია, გაღებისას ქვედა ყბა მიდის გვერდით, სახსრის მიდამოში ისმის ტკაცუნი ან ჭრაჭუნი, აგრეთვე ჩნდება ტკივილი ყურთან საფეთქლის ქვევით. ყრუ ტკივილი დიდხანს გრძელდება, მაგრამ შესაძლოა გაძლიერდეს პირის დიდზე გაღების ან ღეჭვისას. რიგ შემთხვევებში ტკივილი ვრცელდება საფეთქლის, ლოყის, ზედა და ქვედა ყბის დისტალურ მონაკვეთებში. აღნიშნულ სიტუაციაში პაციენტს ჰგონია, რომ სტკივა კბილი.

სიმსივნეები.  ყბების მიდამოში ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინებად ტკივილი იშვიათად გვხვდება. ტიპიურ შემთხვევებში აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება (გაბუჟება). სიმსივნეების უმრავლესობა აზიანებს არა მარტო მგრძნობელობით არამედ მამოძრავებელ ნერვებსაც. ამიტომ ტკივილთან ერთად ჩნდება კუნთოვანი სისუსტე ან დამბლა. აღნიშნულ შემთხვევებში სასურველია ჩატარდეს თანამედროვე კვლევის მეთოდები (მაგ.: კომპიუტერული ტომოგრაფია). სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტი იგზავნება ონკოლოგთან.

ატიპიური ტკივილები,  კბილის ტკივილის მიღმა დამალული რიგი სიმპტომები, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ დაავადებას. პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას კბილი ტკივა და ითხოვს დამნაშავე კბილის მკურნალობას ან ამოღებას. თუმცა მიზეზი უცნობია, მაგრამ ექსპერტები თვლიან ნერვული სისტემის ზემოქმედებას ადამიანის შეგრძნებებზე. ატიპიური ტკივილი ხშირად ქრონიკულია, მღრღნელი ხასიათის, პაციენტები მას აღიქვამენ ღრმად ძვალში და ძნელად თუ მიუთითებენ კონკრეტულ ადგილს. ხანდახან ტკივილი ირადირებს ერთი ადგილიდან მეორეში, შესაძლოა ჩივილები ტკივილზე მთელს სხეულში. კვლევები უნდა მოიცავდეს ფსიქოლოგიურ სკრინინგს და ქცევის დარღვევის ტესტებს. რითაც ფასდება დეპრესიული, გაღიზიანებული და მტრულად განწყობილი ქცევები. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ატიპიური ტკივილის პირველწყარო იყოს ფსიქოლოგიური დარღვევა. მიზანშეწონილია ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია.

სამწუხაროდ საქართველოში თვლიან, რომ სტომატოლოგი ექიმი არ არის, და არც უფიქრდებია, რომ რეგულარულმა პროფილაქტიკურმა კვლევებმა შესაძლოა გამოავლინოს და აღმოფხვრას არა მარტო სტომატოლოგიური არამედ სხვა ზოგადი პრობლემებიც. ადრეულმა დიაგნოსტიკამ კი შესაძლოა აგარიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, დაზოგავს თქვენს დროს, ნერვებსა და ფულს!

Read Full Post »

თუ მართლა გტკივათ კბილი, არ დავიწყებთ, რომ დროულად უნდა მიგემართათ თქვენი სტომატოლოგისთვის, მაგრამ….

პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მიმართოთ ექიმს. თუკი ეს შეუძლებელია (კბილებმა იციან უდროოდ ატკიება, მაგ.: პარასკევს საღამოს გაფრენის წინ, ან 31 დეკემბერს 18:00, რაც რათქმა უნდა მეტყველებს, რომ დროულად უნდა მისულიყავით ექიმთან), მაშინ:

1. არ გაითბოთ მტკივანი ადგილი გარედან! არასოდეს არ შეიხვიოთ, არ მიიდოთ თბილი საფენები და შეეცადეთ არ დაიძინოთ მტკივან მხარეს.

2. მიუხედავად 1 პუნქტისსა, მეორე პარადოქსულად ჟღერს: ყველანაირად ითბეთ მტკივანი ადგილი შიგნიდან! ცხელი სავლებები, ყველაზე სასარგებლოა ნებისმიერი სტომატოლოგიური დაავადების გამწვავებისას. ამასთანავე თითქმის სულ ერთია, რითი გამოივლებთ, მთავარია როგორ. პირველ ყოვლისა სავლები უნდა იყოს ცხელი. არა, დამწვრობები ნამდვილად არაა საჭირო, მაგრამ ვერც თბილი სავლები გვიშველის რამეს. გამოვლებები უნდა იყოს ხშირი, არა ნაკლებ 5-10 დღეში, რაც მეტი მით უკეთესი. 1-2 გამოვლება ნამდვილად ვერ გიშველით. ბევრს გამოვლება ეშლება, სავლების ხმაურიან მოძრაობაში პირის ღრუში, ჰგონიათ, რომ რაც უფრო ხმამაღლა აამოძრავებენ ყბებს და გადმოანთხევენ სავლებს პირსაბანში მით უკეთესი იქნება. სინამდვილეში ჩვენ კბილებს ვმკურნალობთ და არა ყელს. ამიტომ გთავაზობთ შედარებით სასიამოვნო ალტერნატივას. აიღეთ წყლით სავსე ჭურჭელი და პატარა ტაშტი, მოთავსდით თქვენს საყვარელ ტელევიზორთან და დაიგუბეთ პირის ღრუში, როცა შეატყობთ, რომ სითხე შეგრილდა გადაანერწყვეთ და გამოცვალეთ. გააგრძელეთ ჭურჭლის დაცლამდე და გაიმეორეთ ერთ საათში. დიდი მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ სპირტი, კონიაკი და სხვა ალკოჰოლური სასმელები სავლებებს არ ეკუთვნის! ბევრი შეგვეკამათება და იტყვის, რომ შველოდა, რაზეც გიპასუხებთ, რომ ბევრს ისედაც შველის და განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფერი არ სტკივათ! ბევრი შარდსაც ივლებს (ამას ურინოთერაპია ჰქვია) ამბობენ, რომ შველის?! ვერ გეტყვით სხვა დაავადებებზე, როგორ, მაგრამ კბილებს ნამდვილად არ შველის.

სავლებად კარგია გვირილის, მუხის ქერქის, სალბის ნახარშები. უკიდურეს შემთხვევაში ცხელი ჩაი და ყავაც გამოდგება (განსაკუთრებით სამსახურში). კარგია მარგანცოვკისა და სოდის სუსტი ხსნარები. სოდა უკეთესად აუსნებოვნებს, მაგრამ მის ხშირ მოხმარებას შეუძლია გამოიწვიოს ლორწოვანის დამწვრობა, ხოლო პაროდონტიტის დროს იგი საერთოდ მავნეა.

აქედან გამომდინარე სოდით გამოვლება შეიძლება, მაგრამ სუსტი ხსნარით და ნაკლები სიხშირით, თუმცა უკეთესია ბალახები.

3. თუ ანთება საკმაოდ ძლიერია, მხოლოდ სავლ
ებით ვერაფერს გავხდებით. მიიღეთ ტკივილ გამაყუჩებლები და უკიდურეს შემთხვევაში ანტიბიოტიკები. მხოლოდ დაიხსომეთ, თუ დაიწყეთ ანტიბიოტიკის მიღება, პირველ რიგში მიიღეთ ინსტრუქციის მიხედვით და მეორე, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ დროზე ადრე. ამით ხელს შუწყობთ მიკრობების იმუნიტეტის გაძლიერებას წამლების მიმართ.

Read Full Post »