Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სტომატიტი’

Canker-Soresწყლულები პირის ღრუში წარმოადგენს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დეფექტებს. ვინც კი ოდესმე შეხებია ამ პრობლემას, ალბათ გაჩენია შეკითხვა რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი და როგორ უმკურნალოს. მარტივად და ცალსახად პასუხის გაცემა არ გამოვა, რადგან წყლულები პირის ღრუში შესაძლოა გაჩნდეს დაავადებების ან პირის ღრუს რბილი ქსოვილების ან ენის დაზიანების დროს, ან იყოს ზოგადი დაავადებების ადგილობრივი გამოვლინება. მოდით მეტი სინათლე მოვფინოთ აღნიშნულ საკითხს და განვიხილოთ ის შემთხვევები, როდესაც უკვე ჩნდება წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

ე.ი. წყლული პირის ღრუში მიუთითებს პირის ღრუს და ენის დაავადებებზე ან დაზიანებებზე, ან არის ზოგადი დაავადებების ადგილობრივი გამოვლინება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

წყლულების გაჩენა პირის ღრუს რბილი ქსოვილების დაავადებების ან დაზიანების დროს. 

khronicheskiy-retsidiviruyushiy-aftozniy-stomatit1. მორეციდივე აფთოზური სტომატიტი – ქრონიკული ანთებადი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე აფთების (მცირე ზომის წყლულები) პერიოდული გამოყრით. აფთები შესაძლოა განლაგდნენ ენაზე, ლოყების ლორწოვანზე, მაგარ და რბილ სასაზე, ასევე ტუჩების ლორწოვანზე. გამოირჩევიან მტკივნეულობით. ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული ტრავმირებისას აფთა შესაძლოა გადაიზარდოს ხანგრძლივად შეუხორცებელ წყლულში, რომლის ეპიტელიზაციის შემდგომ ჩნდება ნაწიბური.

მორეციდივე აფთოზური სტომატიტის მქონე პაციენტებს, როგორც წესი აწუხებთ კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება). ასევე დაავადების განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს ნერვული დაძაბულობა, ლორწოვანი გარსის მცირე ტრავმები, მაგ.: კბილების ხეხვის დროს, ასევე მენსტრუაცია. ხორცდება აფთა 7-10 დღის მანძილზე. დაავადების გართულების დროს აფთების რაოდენობა და მათი შეხორცების დრო მატულობს და გრძელდება 2 დან 4 კვირამდე.

2. ჰერპესული ფორმის სტომატიტი ხასიათდება მრავლობითი მცირე წყლულების გაჩენით. ძალიან ჰგვანან მარტივი ჰერპესის დროს არსებულ წყლულებს. როგორც წესი უჩნდებათ 30 წლამდე ქალბატონებს. ძირითადად ლოკალიზდებიან ენის ქვედა ზედაპირზე და პირის ღრუს ფსკერის მიდამოში. არ აქვთ მკვეთრი საზღვრები, მოსერო ფერის ძირით. შეხორცების პროცესი ძირითადად მთავრდება ნაწიბურის გარეშე 7-10 დღეში. სტომატიტის მარტივი ფორმების დროს შეინიშნება თეთრი ფერის წყლულები (უფრო სწორედ, რომ ვთქვათ წყლულები დაფარულია თხელი, მოთეთრო ან მოსერო ფერის არა მჭიდროდ გადაფარებული აპკით). ასევე თეთრი ფერის წყლულები უჩნდებათ ბავშვებს როდესაც აღინიშნება კანდიდოზი ან სოკოვანი სტომატიტი.

რაც შეეხება სტომატიტების მკურნალობას, ითვალისწინებენ დაავადების ფორმას, დაზიანების სიმძიმეს. აქედან გამომდინარე ინიშნება ზოგადი და ადგილობრივი მკურნალობა.

3. მორეციდივე ნეკროზული პერიადენიტით (სეტონის აფთები) ხასიათდება ლორწქვეშა შრეში გამაგრების წარმოქნით, შემდგომ ამ ადგილზე ჩნდება მტკივნეული წყლულები წამოწეული და გამაგრებული კიდეებით, ასევე ახლავს ანთებადი ინფილტრატი (უჯრედული ელემენტების, სისხლის და ლიმფის ნაერთი). წყლულები ლოკალიზდებიან ზედა და ქვედა ტუჩებზე, ლოყებზე, ენის გვერდით ზედაპირზე. საკვების მიღება ძალზედ მტივნეულია და ხშირად უარსაც ამბობს პაციენტი. ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს უბრალო საუბარმაც კი. წყლულები არ ნაწიბურდება თვეების განმავლობაში, ხოლო დაავადება გრძელდება წლები.

4. ბედნარის აფთები უჩნდებათ მხოლოდ ბავშვებს და განისაზღვრება როგორც ტრავმული ეროზიები. მათი წარმოქმნის მიზეზი არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ან სასის ლორწოვან გარსზე უხეში მექანიკური ზემოქმედება (ზუსტად იქ არიან განლაგებული). დაფარულია მოთეთრო-მოყვითალო ნადებით.

5. ტრავმული წყლული პირის ღრუში ყველაზე ხშირად ფიზიკურის ზემოქმედების შედეგია, აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. როგორც წესი ესეთი წყლული ჩნდება შემთხვევით ან გამიზვნით ლორწოვანის კბეჩის, კბილის ჯაგრისით დაზიანების შედეგად. ტრავმული წყლულის გაჩენას შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს სტომატოლოგიური მკურნალობაც (სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გაუფრთხილებელმა გამოყენებამ, ხელოვნური კონსტრუქციების ბასრმა კიდეებმა და ა.შ.)

ტრავმულ წყლულებს მიეკუთვნება ე.წ. პროთეტიკული წყლულები, რომლებიც ჩნდება მთლიანი ან ნაწილობრივი მოსახსნელი პროთეზების ზემოქმედებით. ასეთი წყლულები ჩნდება უშუალოდ პროთეზის ქვეშ. როგორც წესი შეხორცება მიმდინარეობს 10-14 დღე მატრავმირებელი ფაქტორის მოშორების შემდეგ. როგორც წესი მკურნალობას არ საჭიროებენ, რადგან ტრავმული წყლულები უმტკივნეულოა და მცირე ზომების. სხვა შემთხვევებში ინიშნება ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული პრეპარატები.

წყლულების გაჩენა შესაძლოა გამოიწვიოს ლორწოვან გარსზე მჟავეების ან ტუტეების ზემოქმედებამ, ზოგიერთმა სამკურნალო პრეპარატმაც.

წყლულები, როგორც ზოგადი დაავადებების ადგილობრივი გამოვლინება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე

1. პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზი, როგორც წესი ფილტვების ტუბერკულოზის მეორადი გამოვლინებაა. ჩნდება პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებულ ზედაპირზე ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიების მოხვედრით. ამ დროს ზიანდება ლოყების შიდა გარსი, ენა, პირის ღრუს ფსკერი. თავდაპირველად ჩნდება ტიპიური ტუბერკულოზური ბორცვები, ხოლო შემდგომ მათი დაშლის შედეგად ჩნდება მცირე ზომის წყლულები, რომლებიც დროთა განმავლობაში ზომაში მატულობენ. თავად წყლული არ არის ღრმა, ფაშარი ფსკერით, რომელიც დაფარულია სისხლმდენი გრანულაციებით (ახალგაზრდა ქსოვილებით), შეინიშნება უსწორმასწორო კიდეები, შეხებისას რბილია. აღნიშნული დაავადების დროს შეინიშნება წყლულის მწვავე ტკივილი. ადგილობრივი გამოვლინების გარდა შეინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესებაც: სიგამხდრე, მატულობს ენაზე ნადების რაოდენობა, მომატებული ოფლიანობა და სხეულის ტემპერატურა.

პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზის მკურნალობა ტარდება სპეციალიზირებულ დაწესებულებებში. რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას, აღნიშნულ შემთხვევაში ტარდება პირის ღრუს სანაცია რემისიის დროს (დავადების შესუსტება), ლორწოვანის დამუშავება ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.

2. სიფილისი – ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ე.წ. მკრთალი ტრეპონემა. აღნიშნული დაავადების განვითარების ყველა პერიოდი (ინკუბაციური პერიოდის გარდა, რომელიც გრძელდება 21-24 დღე) ხასიათდება პირის ღრუში წყლულების არსებობით. დაავადების პირველად ეტაპზე აღინიშნება უმტკივნეულო წყლულის არსებობა, რომელსაც აქვს მომრგვალებული ან ოვალური ფორმა წამოწეული სწორი კიდეებით და სპეციფიური ინფილტრატით. წყლულის ფსკერი მკვეთრი წითელი ფერისაა, კრიალაა ან დაფარულია მუქი-მოსერო ნადებით. მესამეული სიფილისის დროსაც კი არ აღინიშნება წყლულის მტკივნეულობა, როგორც ტუბერკულოზური წყლულის შემთხვევაში.

წყლული გარშემორტყმულია მოზრდილი ინფილტრატით, რომელიც წარმოადგენს მკვრივ, ლორწოვანის დონემდე წამოზრდილ მოლურჯო-წითელი ფერის ლილვაკს. კიდეები გლუვია, მკვეთრი წითელი ფერის, დაფარულია გრანულაციებით, ადვილად სისხლმდენი. წყლულის შეხორცების შემდეგ რჩება მოჭიმული ვარსკვლავის ფორმის ნაწიბური. ეს პროცესი გრძელდება 3-4 თვე. წყლულების შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბურები, რომლებიც მიანიშნებს გადატანილ სიფილისზე. სიფილისის ზოგადი მკურნალობა წარმოებს ვენეროლოგიურ სტაციონარში, ადგილობრივი მკურნალობა ტარდება რემისიის ან გამოჯანმრთელების პერიოდში (პირის ღრუს სანაცია, ადგილობრივი მატრავმირებელი ფაქტორების მოშორება).

3. მწვავე ნეკროზული გინგივოსტომატიტი მიეკუთვნება ვირუსულ ინფექციურ დაავადებებს. ყველაზე ხშირად წყლულები ჩნდება ღრძილების ლორწოვანზე, რბილ სასაზე, ნუშურა ჯირკვლებზე. აღნიშნული დაავადების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები იქმნება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების, ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის, ვიტამინების დეფიციტის შედეგად. აღწერილია აღნიშნული დაავადების განვითარება გადაღლის ან მოყინვის ფონზე. შესაძლოა იყოს ვირუსული ინფექციების გართულებაც, აგრეთვე ალერგიული სტომატიტების. ძირითადად ავადდებიან ახალგაზრდა ადამიანები (30 წლამდე), უფრო ხშირად მამაკაცები.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მტკივნეულობა საკვების მიღებისას, უკიდურესად უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან; მომატებული ნერწყვდენა, სხეულის მომატებული ტემპერატურა. ღრძილის ლორწოვანი შეშუპებულია, მტკივნეული, შეხებისას სისხლმდენი. ღრძილების კიდე დაფარულია მოსერო-მოყვითალო ნადებით, რომელიც ადვილად შორდება. წყლულებს აქვთ რბილი, უსწორმასწორო კიდეები, დაფარული ჭუჭყიანი-მწვანე ფერის (უსიამოვნო სუნის მქონე) ნადებით, რომელიც ადვილად შორდება. შედეგად ჩნდება ფაშარი, სისხლმდენი ფსკერი. გარშემომყოფი ქსოვილები შეშუპებულია.

ნეკროზული გინგივოსტომატიტის მკურნალობა ტარდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად, მისი მდებარეობის და სიმძიმის მიხედვით. საშუალო და მძიმე ფორმების დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და ანტიჰისტამინები (ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები). დაავადების ნებისმიერი სტადიის დროს ინიშნება C და P ვიტამინები, მაღალკალორიული საკვები, წვენები და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენებების მიხედვით საგულე საშუალებები.

ადგილობრივი მკურნალობა ტარდება ანესთეზიის ქვეშ (ნეკროზული ნადების მოცილება). პირის ღრუ მუშავდება თბილი ანტისეპტიკური ანთების საწინააღმდეგო ხსნარებით. მწვავე ანთების მოხსნის შემდეგ ტარდება პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა.

წყლულები პირის ღრუში შესაძლოა გაჩნდეს აივ ინფექციის დროსაც (აღენიშნებათ აივ ინფიცირებულების 30%). როგორ უმკურნალოთ წყლულებს ამ დროს? მკურნალობა სპეციფიურია და ტარდება ექიმი-ინფექციონისტების მიერ. სტომატოლოგიური დახმარება ტარდება ყველა სტომატოლოგიურ დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა მდგომარეობს მათი გამომწვევის მოცილებაში. მაგალითად ინფექციური დაავადებების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს მათი მოხვედრა ორგანიზმში. სხვა შემთხვევებში მნიშვნელოვანია ზოგად გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებს სისტემატიურ დამოუკიდებელ და პროფესიულ პირის ღრუს ჰიგიენას.

Advertisements

Read Full Post »

რატომ ჩნდება სტომატიტი?

სტომატიტი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელია.  სტომატიტი ყველაზე ხშირად ვლინდება მტკივნეული ეროზიების და წყლულების სახით.

სტომატიტის მიზეზები სხვადასხვაა. ზოგჯერ სტომატიტი სისტემური დაავადებების გამოვლინებაა – პემფიგუსი, სტრეპტოდერმია, სისტემური სკლეროდერმია, წითელი ბრტყელი ლიქენი, იმუნოდეფიციტი. საბედნიეროდ ასეთი სტომატიტები იშვიათია და მათი მკურნალობით დაკავებული არიან შესაბამისი პროფილის სპეციალისტები.

სტომატიტის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  •  ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება – საკვებით, მოტეხილი კბილებით ტრავმირება, ცუდად მორგებული პროთეზები. ტრავმირებით გამოწვეული სტომატიტი გაივლის რამოდენიმე დღის განმავლობაში.
  • ლორწოვანის დამწვრობა ცხელი და ცხარე საკვებით.  ასეთი სტომატიტი მალე გადის, რა თქმა უნდა თუ რეგულარულად არ მიირთმევთ მდუღარეს.
  •  ალერგიული რეაქციები საკვებზე, სამკურნალო პრეპარატებზე, კოსმეტიკაზე – ასეთ დროს სტომატიტის მკურნალობა ან ჭიანურდება ან მიმდინარეობს მუდმივი რეციდივების სახით. ალერგოლოგის კონსულტაცია, დაგეხმარებათ ალერგენის გამოვლენაში და აგაცილებთ სტომატიტის განვითარებას.
  • სტომატიტის ინფექციური მიზეზები – ძალზედ ხშირია ჰერპესული სტომატიტები. კანდიდოზური სტომატიტი, ხშირად უვითარდებათ ბრონქიალური ასთმით დაავადებულებს და მათ ვინც სარგებლობს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალატორებით.

პირის ღრუში, პათოლოგიური მიმდინარეობის ტიპის მიხედვით სტომატიტები იყოფა:

  • კატარალური
  • წყლულოვანი
  • აფთოზური

კატარალური სტომატიტის დროს, ანთება ეხება ლორწოვანი გარსის მხოლოდ ზედა ფენას. წყლულოვანი ფორმის დროს ანთება ვრცელდება ლორწოვანის ღრმა ფენებში.

აფთოზური სტომატიტის დროს ჩნდება მრავლობითი მრგვალი ფორმის დეფექტები ლორწოვან გარსზე. თუკი სტომატიტი ხშირად გიჩნდებათ ან დიდხანს არ გადის, აუცილებელად მიმართეთ სტომატოლოგს. ჩვეულებრივ სტომატიტის მკურნალობა შესაძლებელია დამოუკიდებლად. დაავადების ხანგრძლივობის მაქსიმალურად შესამცირებლად, აუცილებელია დავიცვათ  დიეტა. მოერიდეთ ქიმიურ და მექანიკურ გამღიზიანებლებს.

აუცილებელი პირის ღრუს საფუძვლიანი ჰიგიენა, ვინაიდან ნადებში არსებული პათოგენური ბაქტერიები ამძიმებენ სტომატიტის მდგომარეობას.

შეხორცების დასაჩქარებლად და შემდგომი ინფიცირებისაგან დასაცავად კარგია გვირილის, სალბის, კალენდულას, მუხის ქერქის სავლებები. შესაძლოა სუსტი ქიმიური ანტისეპტიკების გამოყენებაც – ქლორჰექსიდინი, ფურაცილინი. ექიმის დანიშნულებით იხმარება სპეციალური შემახორცებელი გელები, ანტიმიკრობული ან ანტიალერგიული პრეპარატები.

ჰერპესულ სტომატიტს ახასიათებს რიგი თავისებურებები. თავდაპირველად ლორწოვანის მონაკვეთი წითლდება, შემდგომ მასზე ჩნდება პატარა ბუშტუკები (ვეზიკულები) გამჭვირვალე შიგთავსით. ვეზიკულები 2-3 დღეში სკდება და შიშვლდება წითელი, შესიებული ზედაპირი. ჰერპესული სტომატიტის სამკურნალოდ ექიმი ნიშნავს ანტივირუსულ და იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს.

თუკი სტომატიტის სიმპტომებთან ერთად დაგერთოთ ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს – რადგან ეს უკვე შესაძლოა სისტემური დაავადების საწყისი ეტაპიც გამოდგეს.

Read Full Post »