Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘სინუსიტი’

ზედა ყბის წიაღი მდებარეობს ზედა ყბის ძვალში. წიაღს ჰაიმორის ღრუსაც უწოდებენ მისი პირველი აღმწერის, ინგლისელი ექიმის ჰაიმორის პატივსაცემად.

ზედა  ყბის წიაღის ანთება (სინუსიტი, ჰაიმორიტი), ეს არის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთება, გამოწვეული გარსში მიკროორგანიზმების გავრცელები. ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით არჩევენ ზედა ყბის წიაღის ოდონტოგენურ, რინოგენულ, ჰემატოგენურ, ტრავმულ და ალერგიულ ანთებას.

ზედა ყბის წიაღის ოდონტოგენური ანთება თითქმის ყოველთვის ცალმხრივია, განსხვავებით სხვა ფორმებისაგან, ვითარდება ზედა ყბის წიაღში და მის ლორწოვან გარსში ზედა პრემოლარების ან მოლარების პერიაპიკალური ანთებითი კერიდან ინფექციის გავრცელებით. ანთებას იწვევს პირის ღრუს შერეული მიკროფლორა – სტრეპტოკოკები, ლპობითი მიკროორგანიზმები და სხვა.

არჩევენ ზედა ყბის წიაღის ანთების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

ზედა ყბის წიაღის მწვავე ოდონტოგენური ანთების დროს ავადმყოფი უჩივის სახის შესაბამის ნახევარში ტკივილებსა და სიმძიმეს. ტკივილი გადაეცემა შუბლის, საფეთქლის, კეფის არეში, ზედა კბილებში; ვითარდება ყნოსვის შესუსტება, შესაბამისი ნესტოს ლორწოვანის შეშუპება.  საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხეულის ტემპერატურა  მომატებულია 37,5-390C- მდე. საერთო სისუსტე, ზოგჯერ შემცივნება, ცუდი ძილი.

ობიექტურად შეიძლება იყოს უმნიშვნელო შეშუპება ლოყის და თვალბუდის მიდამოში. წიაღის წინა კედლის პალპაცია მტკივნეულია. ძირითადი კბილების არეში გარდამავალი ნაოჭის პალპაცია შეიძლება იყოს მტივნეული. წიაღის ფსკერის ახლომდებარე რამდენიმე კბილის პერკუსიაც მტკივნეულია. ცხვიის ლორწოვანი ჰიპერემიული, შეშუპებული. სათანადო მხარეზე ცხვირის სავალიდან აღინიშნება ჩირქის გამოყოფა.

მკურნალობა – ზედა ყბის წიაღს მწვავე ანთება ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას. პირველ ყოვლისა აღმოფხვრილი უნდა იქნეს მიზეზი, პუნქციის საშუალებით ჩირქის გამოქაჩვა წიაღიდან და ამ უკანასკნელის გამორეცხვა ანტიბიოტიკებით ან ფერმენტები.

ზედა ყბის წიაღის ქრონიკული ოდონტოგენური ანთების  დროს ავადმყოფები უჩივიან ტკივილებსა და სიმძიმის შეგრძნებას ზედა ყბის არეში დაავადებულ მხარეს. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ავადმყოფები აღნიშნავენ სისუსტეს, მოდუნებას. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. გამწვავების შემთხვევაში მატულობს ტემპერატურა და ვითარდება მწვავე ანთების მოვლენები. ცხვირის შესაბამისი ნესტოდან აღინიშნება ჩირქოვანი გამონადენი. ყნოსვა დაქვეითებულია.

მკურნალობა – მარტივ შემთხვევაში მიმართავენ კონსერვატიულ მკურნალობას მიზეზის მოცილებასთან ერთად, ისე როგორც მწვავე ფორმებისას. მაგრამ ხშირად, მით უმეტეს ზედა ყბის წიაღის დიფუზური ქრონიკული ანთების დროს, მიზანშეწონილია მხოლოდ ქირურგიული მკურნალობა.

Advertisements

Read Full Post »

არსებობს შემთხვევები, როდესაც კბილის ტკივილით შეწუხებული პაციენტი მიდის ექიმთან, ხოლო კონსულტაციის შემდეგ ირკვევა, რომ კბილი არაფერ შუაშია. მიზეზი სხვა რამეა. კბილმა შესაძლოა ანესთეზიის შემდეგაც გააგრძელოს ტკივილი. საქმე იმაშია, რომ არსებობს დაავადებები, რომლებიც „იმალებიან“ კბილის ტკივილის მიღმა და ავლენენ მსგავს სიმპტომებს. გამოცდილ და ყურადღებიან სტომატოლოგს უნდა შეეძლოს არა მარტო კბილის მკურნალობა, არამედ სხვა დაავადების, პირის ღრუსთან დაუკავშირებელი პათოლოგიის აღმოჩენა და შესაბამის სპეციალისთან მიმართვის შესაძლებლობა. პაცინეტი კი თავის მხრივ ყურადღებით უნდა მოეკიდოს საკუთარ შეგრძნებებს, სრულად და დეტალურად გადმოსცეს ჩივილები, რათა ექიმმა შესძლოს დიაგნოზის სწორად დასმა.

განვიხილოთ ზოგიერთი დაავადება, თუ მდგომარეობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცდარი კბილის ტკივილი. ძირითადად ეს მომიჯნავე ორგანოების დაავადებებია (დანამატი ღრუები, მხედველობის და სმენის ორგანოები, ხახა, კისრის მალები, ტვინი); მიზეზი შესაძლოა იყოს გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-კუნთოვანი, ნერვული სისტემის დაავადებები, ასევე ფსიქიკური აშლილობა.

სამწვერა ნერვის ნევრალგია. სამწვერა ნერვი აინერვირებს სახესა და პირის ღრუს. მისი დაზიანებისას ტკივილი ძლიერია და ძალიან ჰგავს კბილისას. სამწუხაროდ ნევრალგიან პაციენტებს უტარდებათ კბილების დეპულპირება (ნერვის მოკვლა) და კბილის ამოღება თუმცა უშედეგოდ, ტკივილი მაინც რჩება. მიუხედავად პაციენტის თვითდაჯერებისა, რომ მას სტკივა კბილი ექიმმა-სტომატოლოგმა უნდა გამოიჩინოს ინტუიცია და პაციენტი გააგზავნოს ნევროპათოლოგთან. სხვა შესაძლო ვარიანტია პოსტჰერპესული ნევრალგია, პაციენტები რომელთაც გადაიტანეს შემომსარტყვლელი ჰერპესი. ამიტომ აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს თუკი გქონდათ კანზე ან ლორწოვანზე ბუშტუკები ან თუ გქონდა დასმული აღნიშნული დიაგნოზი.

კლასტერული თავის ტკივილი – ეს გაურკვეველი წარმოშობის სინდრომი ხასიათდება მწვავე შეტევითი ტკივილებით. შესაძლოა იგი შაკიკის ერთ-ერთი ფორმაც იყოს. კლასტერული თავის ტკივილი უფრო ხშირად გვხვდება 30-60 წლამდე მამაკაცებში. ბევრი აღნიშნავს ტკივილის გაჩენას ალკოჰოლის მიღების შემდეგ. კლასიკურ შემთხვევებში აღინიშნება ცალმხრივი ტკივილი ზედა ყბის, ზედაყბის წიაღის და მის უკანა მიდამოში. კლასტერული თავის ტკივილი ხშირად ერევათ ზედა ყბის საღეჭი კბილების მწვავე პულპიტში ან პერიოდონტიტში.

შუა ყურის ანთება (შუა ოტიტი) – სტრეპტოკოკებით გამოწვეული, საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ძირითადად გვხვდება ბავშვებში. ცნობილია, რომ საღეჭი კბილების ანთება ხშირად ირადირებს ყურის მიდამოში და პირიქით, შუა ყურის ანთების სიმპტომები ირევა ზედა და ქვედა ყბის საღეჭი კბილების მიდამოში. დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტი იგზავნება ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან.

ზედა ყბის მწვავე  სინუსიტი (ჰაიმორიტი). კბილის ფესვები ზედა ყბის წიაღის ფსკერზეა მიბჯენილი, ამიტომ მისი ანთება ხშირად კბილების ტკივილით გამოიხატება. სინუსიტებს ახასიათებს ყრუ ტკივილი ყვრიმალის და ზედა ყბის ალვეოლური მორჩის მიდამოში. მწვავე ჰაიმორიტის დროს ტკივილი შესაძლოა იყოს მჩხვლეტავი, პულსირებადი და შესაძლოა ზეწოლის შეგრძნებაც. ხშირად გადასცემ თვალბუდის ქვედა, ზედა ყბის კბილების მიდამოს. ამასთან ტკივილი შეიგრძნობა არა ერთ არამედ რამოდენიმე კბილის არეში.


გულის დაავადებები.
სტენოკარდია – ტკივილი მკერდის არეში, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს მარცხენა მკლავში და ხელის გასწვრივ. ტკივილი ძირითადად ჩნდება ფიზიკური დატვირთვის შემდგომ. ეს სიმპტომები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სტენოკარდია მწვავე ინფარქტის მაუწყებელია. ხანდახან ტკივილი აღინიშნება მხოლოდ მარცხენა მხარში და ხელში, იშვიათად ქვედა ყბის მარცხენა კუთხეში. ე.ი. თუკი გაქვთ ჩივილები ქვედა ყბის მარცხენა უკანა მხარეს, ხოლო კბილები აღნიშნულ მიდამოში წესრიგშია შესაძლოა ვივარაუდოთ ტკივილის გულისმიერი წარმოშობა. სასურველია პაციენტი გაიგზავნოს კარდიოლოგთან ან თერაპევტთან კონსულტაციაზე.

ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება  ვითარდება ერთ-ერთი სანერწყვე ჯირკვლის სადინარში. გარკვეული ხანი ერთადერთ გამოვლინებად რჩება პირის ღრუს სიმშრალე. როდესაც ქვა აღწევს კრიტიკულ ზომებს, სადინარი იკეტება და იწყება ტკივილი. შესაძლოა გაჩნდეს შესიება ქვედა ყბის მიდამოში. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა რენტგენოლოგიური კვლევები. მკურნალობას ატარებს ქირურგი სტომატოლოგი, შესაძლოა საჭირო გახდეს განაკვეთი და სადინრიდან კენჭის ამოღება.


ძვალ-კუნთოვანი წარმოშობის ტკივილი
შესაძლოა გამოწვეულ იყოს ტრავმით ან კისრის, თავის, ყბების კუნთების დისფუნქციით. ტკივილი შესაძლოა აღინიშნოს კბილების, ლოყის, საფეთქლის, კისრის გვერდით, კეფის მიდამოებში. აღნიშნულ ჯგუფს ეკუთვნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და ხერხემლის კისრის მონაკვეთის დაავადებები. სახსრების სხვა დაავადებები

(რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა, პსორიაზი, კოლაგენური დაავადებები) შესაძლოა იწვევდნენ ტკივილებს ყბა-სახის მიდამოში. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის შიდა დისფუნქციისას ხშირად ჩნდება ტკივილები.  შიდა დისფუნქცია შესაძლოა განვითარდეს სასახსრე დისკის გადაადგილების, შეხორცებების, ართრიტის სხვადასხვა ფორმების, ტრავმები (მაგ.: საავტომობილო ავარია), მთქნარების ან პირის დიდი ხნით გაღების შემთხვევაში. გამოვლინება: პირის გაღება შეზღუდულია, გაღებისას ქვედა ყბა მიდის გვერდით, სახსრის მიდამოში ისმის ტკაცუნი ან ჭრაჭუნი, აგრეთვე ჩნდება ტკივილი ყურთან საფეთქლის ქვევით. ყრუ ტკივილი დიდხანს გრძელდება, მაგრამ შესაძლოა გაძლიერდეს პირის დიდზე გაღების ან ღეჭვისას. რიგ შემთხვევებში ტკივილი ვრცელდება საფეთქლის, ლოყის, ზედა და ქვედა ყბის დისტალურ მონაკვეთებში. აღნიშნულ სიტუაციაში პაციენტს ჰგონია, რომ სტკივა კბილი.

სიმსივნეები.  ყბების მიდამოში ავთვისებიანი სიმსივნეების გამოვლინებად ტკივილი იშვიათად გვხვდება. ტიპიურ შემთხვევებში აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნება ან მგრძნობელობის დაქვეითება (გაბუჟება). სიმსივნეების უმრავლესობა აზიანებს არა მარტო მგრძნობელობით არამედ მამოძრავებელ ნერვებსაც. ამიტომ ტკივილთან ერთად ჩნდება კუნთოვანი სისუსტე ან დამბლა. აღნიშნულ შემთხვევებში სასურველია ჩატარდეს თანამედროვე კვლევის მეთოდები (მაგ.: კომპიუტერული ტომოგრაფია). სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტი იგზავნება ონკოლოგთან.

ატიპიური ტკივილები,  კბილის ტკივილის მიღმა დამალული რიგი სიმპტომები, რომლებიც არ მიეკუთვნება რომელიმე სპეციფიკურ დაავადებას. პაციენტი დარწმუნებულია, რომ მას კბილი ტკივა და ითხოვს დამნაშავე კბილის მკურნალობას ან ამოღებას. თუმცა მიზეზი უცნობია, მაგრამ ექსპერტები თვლიან ნერვული სისტემის ზემოქმედებას ადამიანის შეგრძნებებზე. ატიპიური ტკივილი ხშირად ქრონიკულია, მღრღნელი ხასიათის, პაციენტები მას აღიქვამენ ღრმად ძვალში და ძნელად თუ მიუთითებენ კონკრეტულ ადგილს. ხანდახან ტკივილი ირადირებს ერთი ადგილიდან მეორეში, შესაძლოა ჩივილები ტკივილზე მთელს სხეულში. კვლევები უნდა მოიცავდეს ფსიქოლოგიურ სკრინინგს და ქცევის დარღვევის ტესტებს. რითაც ფასდება დეპრესიული, გაღიზიანებული და მტრულად განწყობილი ქცევები. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ატიპიური ტკივილის პირველწყარო იყოს ფსიქოლოგიური დარღვევა. მიზანშეწონილია ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის კონსულტაცია.

სამწუხაროდ საქართველოში თვლიან, რომ სტომატოლოგი ექიმი არ არის, და არც უფიქრდებია, რომ რეგულარულმა პროფილაქტიკურმა კვლევებმა შესაძლოა გამოავლინოს და აღმოფხვრას არა მარტო სტომატოლოგიური არამედ სხვა ზოგადი პრობლემებიც. ადრეულმა დიაგნოსტიკამ კი შესაძლოა აგარიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, დაზოგავს თქვენს დროს, ნერვებსა და ფულს!

Read Full Post »