Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი’

ართრიტი სახსრის შემადგენელი კომპონენტების ანთებითი ხასიათის დაავადებაა. ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთება შეიძლება დაიყოს ინფექციურ და ტრავმულ ართრიტად. ინფექციური ართრიტი თავის მხრივ იყოფა არასპეციფიურ და სპეციფიურ ართრიტად.

არასპეციფიური ინფექციური ართრიტი ვითარდება სახსარში ბანალური (არასპეციფიკური) ინფექციის შეღწევის შედეგად. ინფექციის გავრცელების გზის მიხედვით არჩევენ ჰემატოგენურ და კონტაქტურ ართრიტებს. ჰემატოგენური ართრიტი ვითარდება ზოგადი ინფექციური დაავადებებისაგან (გრიპი, დიფტერია, ყვავილი, ტიფი, ანგინა,ზედა სასუნთქი გზების კატარი, ოდონტოგენური ქრონიო-სეფსისი და სხვა). კონტაქტური ართრიტი ვითარდება სახსარში ინფექციური პროცესების შეჭრით მეზობელი ქსოვილებიდან. ბავშვებში უფრო ხშირად ეს არის შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, როდესაც ანთებითი პროცესი იწვევს ძვლოვანი სტრუქტურების დაშლას. მოზრდილებში – ქვედა ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, მასტოიდიტი.

მწვავე ართრიტის  დროს აღინიშნება სეროზული ანთება და იშვიათად – ჩირქოვანი. ავადმყოფი უჩივის სახსარში მძაფრი ტკივილის უეცარ გამოჩენას, რომელიც გადაეცემა ყურისა და საფეთქლის მიმართულებით. ქვედა ყბის ნებისმიერი მოძრაობა აძლიერებს ტკივილს.

კლინიკური სურათისათვის მწვავე ფაზაში დამახასიათებელია ქსოვილების ინფილტრაცია და ჰიპერემია სახსრის არეში. გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია. სახსრის პალპაცია. სახსრის პალპაცია ძლიერ მტკივნეულია. სეროზული ანთება მიმდინარეობს ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე, სისხლის ფორმიანი ელემენტების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

ქრონიკული ფაზისათვის დამახასითებელია ზომიერი თვითნებითი ტკივილები, რომლებიც ძლიერდებიან პირის გაღების დროს. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირის გაღება შეზღუდულია, ღეჭვა გაძნელებული.

ქრონიკული ართრიტის დამახასიათებელი ნიშანია ტკაცუნი. იგი შეიძლება იყოს სუსტად, ზომიერად და მკვეთრად გამოხატული, როცა ის პაციენტის გარდა თავისუფლად ესმის ახლომყოფ პირებს.

არასპეციფიკური ართრიტი შეიძლება განვითარდეს რევმატიული ინტოქსიკაციის ფონზე (რევმატიული ართრიტი).  ასეთ შემთხვევაში პროცესი ერთდროულად ლოკალიზებულია ორივე სახსარში. სახსრის ფუნქცია დარღვეულია, სახსრის ირგვლივი ქსოვილების რეაქცია სუსტადაა გამოხატული. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს სხეულის სუბფებრილურ ტემპერატურას, ტკივილებს საფეთქელ-ქვედა ყბის ორივე სახსარში და ხშირად სხვა სახსრებშიც. კომპლექსური მკურნალობის ფონზე ანთებითი მოვლენები სწრაფად წყნარდებიან.

მწვავე ტრავმულ ართრიტი ვითარდება სახსრის ერთჯერადი დაზიანებით ტრავმული აგენტის მოქმედების შედეგად (დარტყმა, დაჟეჟვა, ჭრილობა) ან პირის მაქსიმალური გაღებით. მწვავე (დახურული) ტრავმა იწვევს სახსრის იოგოვანი აპარატი გაგლეჯას და სისხლჩაქცევას სახსარში, რასაც მოსდევს სისხლის კოლტის წარმოქმნა. ეს უკანასკნელი შეიძლება გარდაიქმნას ფიბროზულ ზონრებად, რამაც მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზული ანკილოზის განვითარება.

ქრონიკული ტრავმული ართრიტი გამოწვეულია ქვედა ყბის თავის მანკოვანი, არასწორი მდებარეობით ქვედა ყბის ფოსოში, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს კბილების დიდი ჯგუფის დაკარგვა, არასწორი პროთეზირება, ღრმა თანკბილვა, კბილების გაცვეთა. ზემოხსენებული მიზეზებით მუდმივად და ხანგრძლივად ხდება ქვედა ყბის თავის, ქვედა ყბის ფოსოს და სასახსრე დისკის ტრავმირება.

დასაწყისში ადგილი აქვს უსიამოვნო შეგრძნებას სახსრის არეში, რაც შემდგომში გადადის მუდმივი ხასიათის მნიშვნელოვან ტკივილში, რომელიც ძლიერდება პირის გაღების დროს.

Read Full Post »