Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პროტეზი’

“სტომატოლოგიური მასალების აუტანლობა” – კრებითი დიაგნოზია, რომელიც არაფერს გვეუბნება დაავადების არც ეტიოლოგიაზე და არც პათოგენეზზე. “აუტანლობა” მოიცავს ჩივილების და კლინიკური სურათების დიდ არეალს.

60 წლებიდან კბილის პროთეზებთან დაკავშირებული პათოლოგიური სიმპთომოკომპლექსი ორთოპედიული სტომატოლოგიის კლინიკაში დიაგნოსტირდება, როგორც “სტომატოლოგიური მასალების აუტანლობა”. პროთეზების საშუალებით პირის ღრუში ხვდება ქიმიური ნივთიერებების უზარმაზარი რაოდენობა. აღნიშნული ელემენტების არსებობა, არც თუ ისე უმნიშვნელოა ჩვენი ორგანიზმისთვის. ეს ფაქტი დასტურდება სტომატოლოგიური ფაქტორებით განპირობებული დაავადებების რაოდენობის გაზრდით.

ზემოთ ხსენებული “დიაგნოზი” მოიცავს სხვადასხვა ჩივილებს: ენის წვა, მატულობს საკვების მიღების დროს, ჰიპო ან ჰიპერსალივაცია, გემოვნების აღქმის დაქვეითება ან ცვლილება, პარესთეზია, ტკივილის შეგრძნებები პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ტუჩების მიდამოში, ძლიერი წვა. მოსახსნელი პროთეზების, ბიგელისებრი პროთეზების, ხიდისებრი პროთეზების ხმარებისას პირის ღრუში “ხანძრის” შეგრძნება. ენის, ლორწოვანი გარსის შეშუპება. ენის და ლორწოვანი გარსის მოკვნეტა. ყლაპვის გაძნელება; ტკივილებით გამოწვეული პროთეზის აუტანლობა. დიდი ოდენობით ნერწყვდენა ან პირიქით მისი არ არსებობა. ტკივილები კუჭის არეში, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების, ეგზემის, წითელი ბრტყელი ლიქენის, დექვამაციური გლოსიტის, ქეილიტის, გლოსალგიის, სტომალგიი, პროზოპალგიის და სხვა დაავადებების გამწვავება.

ნერწყვი – რთული ელექტროლიტია, რომლის შემადგენლობა დამოკიდებულია ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, პირის ღრუს მდოგმარეობაზე, პროთეზების არსებობაზე.

ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე პირის ღრუ განიცდის უწყვეტ აერაციას, ჯერ მდიდრდება ჟანგბადით და შემდეგ ნახშირორჟანგით. იგი წარმოადგენს ელექტროქიმიურ სისტემას, რომელშიც ელექტროლიტის როლს ასრულებს ჟანგბადით და ნახშირორჟანგით გაჯერებული ნერწყვი (თხევადი ფაზა), ხოლო ელექტროდების როლს – კბილები, პროთეზები (მყარი ფაზა). მყარი და თხევადი ფაზების საზღვარზე ჩნდება პოტენციალების სხვაობა. ყველაზე დიდი ელექტროგამტარობით ხასიათდებიან ლითონები, ამიტომ პოტენციალი მატულობს როდესაც პირის ღრუში ერთდროულად გვხვდება სხვადასხვა ლითონები (უჟანგავი ფოლადი, ამალგამა, ქრომკობალტის ნაერთი და სხვა შენაერთები). ამასთან პირის ღრუში ჩნდება მოკლეჩართვიანი გალვანური სისტემები ელექტრო პოტენციალების სხვადასხვა სიდიდეებით.

პირის ღრუში არსებული ელექტროქიმიური კოროზია იწვევს ცვლილებებს არა მარტო პირის ღრუს ქსოვილებში, არამედ იწვევს ცვლილებებს იმუნურ და ფერმენტულ სისტემებში. უჟანგავი ფოლადის კოროზიის პროდუქტები იწვევენ ნერწყვის ფერმენტული აქტივობის, სისხლის, მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის იმუნური დაცვითი ფუნქციის ცვლილებებს.

თანამედროვე მეცნიერების პოზიციიდან კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებები განიხილება, როგორც დისბალანსის შედეგი, დაცვითი და აგრესორი ფაქტორების კონფლიქტის შედეგი. აგრესორ ფაქტორებს შესაძლოა მივაკუთვნოთ პროთეზირების მასალებიც. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ლითონების სხვადასხვა შენაერთები პირის ღრუში განიცდიან ელექტროქიმიურ კოროზიას. ხდება მათი გამოყოფა ნერწყვში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. Fe, Ni, Cr, Mn, Ag, Ti, Cu და სხვ. ლითონების მიკრო შენაერთებს გარკვეული პირობების არსებობისას შეუძლიათ თავად გახდნენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების გამომწვევი ან ხელი შეუწყონ აღნიშნული დაავადების რეციდივს.

Read Full Post »

თანამედროვე პროთეზები წარმოადგენენ ფუნქციურ, ესთეტიურ და საკმაოდ გამძლე კონსტრუქციებს. პროთეზების დამზადებისათვის გამოიყენება ინოვაციური ტექნოლოგიები – სამგანზომირებიანი მოდელირება, მიკროიმპულსური არგონის შედუღება აპარატურული წნეხვა და სხვა. პროთეზების დამზადების ხარისხი ბევრს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა კბილის ტექნიკოსის და ექიმი-სტომატოლოგის კვალიფიკაცია, მასალებისა და დანადგარების ხარისხი, ბაზისის სათანადო მორგება.

მაშინაც კი როდესაც დამზადების ყველა სტანდარტი დაცულია, პროთეზის დაზიანებისაგან დაზღვეული არავინაა, აუცილებელია პროთეზების მოვლა და სტომატოლოგის ყველა რეკომენდაციის შესრულება. მაშინ კი უნდა ვიმედოვნოთ, რომ კონსტრუქცია დიდხანს გაძლებს.

სტატისტიკური მონაცემებით აკრილის პროთეზების ტარების პირველ წელს მის შესაკეთებლად პაციენტების 15% მიმართავს ექიმს. ხოლო თანამედროვე კონსტრუქციების შემთხვევაში ეს რიცხვი 8-10%-ია.

კბილის პროთეზები ტყდება შემდეგი მიზეზებით:

–         ზედმეტი დატვირთვა;

–         ტრავმა;

–         კბილებსა და ბაზის შორის ცუდი შეერთების შემთხვევაში (თავიდანვე არასწარად შესრულებული სამუშაო);

–         პროთეზის არასწორი ან სრული მოუვლელობა.

პროთეზის დაზიანების შემთხვევაში უნად მოიქცეთ შემდეგნაირად: პირველ რიგში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ექიმი შეაფასებს დაზიანების ხარისხს, გეტყვით შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება. პროთეზის შეკეთება ტარდება სპეციალურ სატექნიკო ლაბორატორიაში. შეკეთებას საშუალოდ 1-2 დღე ესაჭიროება, ახლის დამზადების შემთხვევაში დრო განისაზღვრება ერთი კვირით. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საშუალოდ პროთეზის საგარანტიო მომსახურება დაახლოებით 1 წელს შეადგენს (გააჩნია კლინიკას).

თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო დაკარგეთ საყრდენი კბილი, რომელზეც ფიქსირებული იყო პროთეზი, ლაბორატორიაში შესაძლებელია პროთეზზე კბილის დამატება.

უნდა გახსოვდეთ, რომ კბილის პროთეზი წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობის ნაწილს, ასევე მას შეუძლია საუბრის, ღეჭვითი ფუნქციის და ესთეტიკის აღდგენა. ორთოპედიული კონსტრუქცია – თქვენი ახალი კბილებია, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ მიჩვევას, აგრეთვე საფუძვლიან მოვლას. სწორი მოვლა და ჰიგიენა ახანგრძლივებს პროთეზის მოხმარების ვადას.

ძირითადი რეკომენდაციები და რჩევები:

–         სტომატოლოგის დახმარებით ისწავლეთ ორთოპედიული კონსტრუქციის მოხსნა დამაგრება.

–         თავდაპირველად ეცადეთ წინა კბილებით არაფერი არ მოკბიჩოთ, საკვები დაღეჭეთ გვერდითი კბილებით (ეცადეთ ყველაფერი დაჭრათ წვრილად გამორიცხეთ მაგარი საკვები);

–         გაიხეხეთ კბილები მინიმუმ ორჯერ დღეში. ხოლო ყოველი საკვების მიღების შემდეგ კარგად გარეცხეთ პროთეზი გამდინარე წყლით, იგი მუდამ სუფთა უნდა იყოს;

–         ნუ ეცდებით თქვენით რაიმე ცვლილება შეიტანოთ პროთეზში;

–         პროთეზის დეზინფექციისათვის გამოიყენეთ სპეციალური წყალში ხსნადი ტაბლეტები.

–         წელიწადში 2-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლად მიაკითხეთ თქვენს სტომატოლოგს;

ეს რჩევები დაგეხმარებათ არა მარტო დიდი ხნით შეინარჩუნოთ პროთეზი არამედ გაახანგრძლივებს თქვენი სხეულის ჯანმრთელობას.

Read Full Post »