Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პიერ ფოშარი’

პიერ ფოშარი (Pierre Fauchard, 1678-1761), იყო ცნობილი ფრანგი ექიმი, რომელიც ითვლება თანამედროვე სტომატოლოგიის ფუძემდებლად. იგი ექიმთა შორის ცნობილია წიგნით „ქირურგი სტომატოლოგი“ (1728 წ). მასში აღწერილია პირის ღრუს ანატომია, ფუნქცია, დაავადებების ნიშნები და სიმპტომები. დაზიანებული კბილის აღდგენის, ამოღების მეთოდები. პაროდონტის დაავადებები (პიორეა), ორთოდონტიული მკურნალობა. დანაკლისი კბილის ხელოვნურით ჩანაცვლება და კბილის ტრანსპლანტაცია. მისი წიგნი ითვლება სტომატოლოგიის პირველ სრულ მეცნიერულ ნაშრომად. ფოშარის ხელნაწერს მოჰყვა სხვა წიგნები, რომლებმაც გააფართოვეს სტომატოლოგიის ცოდნა მთელ ევროპაში.

ადრეული წლები

ფოშარი დაიბადა ბრეტანში (რეგიონი საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, ბრეტანის ნახევარკუნძულზე), საშუალო შეძლების ოჯახში. 1963 წელს, 15 წლის ასაკში, მიუხედავად მისი ოჯახის წინააღმდეგობისა, ჩაირიცხა საფრანგეთის სამეფო, საზღვაო ფლოტში. სადაც ქირურგ ალექსანდრე პოტელერატის (Aleksander Potelerat) ხელმძღვანელობით, დიდ დროს უთმობდა კბილთა და მთლიანად პირის ღრუს დაავადებების შესწავლას. ფოშარმა დაადგინა, რომ მეზღვაურები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყვნენ ზღვაში, აწუხებდათ სტომატოლოგიური დაავადებები, კერძოდ – სურავანდი. მაიორმა პოტელერატმა შთააგონა მას, რომ წაეკითხა და ყურადღებით შეესწავლა მისი წინამორბედების მკურნალობის ხელოვნება. პოტელერატის იდეამ, გაევრცელებინა ინფორმაცია ზღვის დაავადებების შესახებ, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ჭეშმარიტ პრაქტიკაზე, უბიძგა ფოშარს, გამხდარიყო ექიმი და ბოლომდე ებრძოლა მედიცინის სადარაჯოზე.

ახალგაზრდა სტომატოლოგის ცხოვრება

ფლოტის დატოვების შემდეგ ფოშარი დასახლდა ანჟეში (ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში, პარიზიდან 300კმ დაშორებით), სადაც ქალაქის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში ექიმად მუშაობდა. ანჟეში მან დაიწყო დღეისათვის უკვე კარგად ცნობილი, თავისი რევოლუციური სამედიცინო მოღვაწეობა. პიერი იყო პიონერი ყბა-სახის ქირურგიულ სტომატოლოგიაში, ორთოპედიაში, ორთოდონტიაში. იგი ხშირად თავის თავს უწოდებდა „ქირურგ-სტომატოლოგს“. მიუხედავად მე-17-18 საუკუნეებში არსებული პრიმიტიული იარაღებისა, ფოშარი ითვლებოდა დახელოვნებულ ქირურგად. მან მნიშვნელოვანი იმპროვიზაციები შეიტანა სტომატოლოგიური ინსტრუმენტების დიზაინში. თავის პრაქტიკაში ფოშარი ხშირად ხმარობდა თავის სურვილისამებრ გადაკეთებულ: მესაათეების, იუველირებისა და დალაქების იარაღებს. ფოშარმა მკურნალობის მეთოდებში დანერგა ბჟენების გამოყენება, როგორც კარიესის სამკურნალო საშუალება. იგი ასაბუთებდა, რომ შაქარი გამოყოფდა მჟავას მსგავს ნივთიერებას, რომელიც იწვევდა კბილის გაფუჭებას. პიერი ამტიკიცებდა, რომ ღრძილის შესიება კბილის გარშემო ჩნდებოდა კარიესის ბოლო სტადიაზე. მან აღმოაჩინა უამრავი მეთოდი დაკარგული კბილის ჩასანაცვლებლად. მისი შემოთავაზება იყო ხელოვნური კბილების შექმნა სპილოს ან ბუნებრივი ძვლის ბლოკებისაგან, რაზეც ამოჭრილი იქნებოდა კბილთა ფორმები. ეს ხელოვნური კბილები ისეთივე გამოსადეგი იყო, როგორც ბუნებრივი. ერთ-ერთი მეთოდი ამტკიცებდა, რომ ხელოვნური კბილები შეიძლება  მიმაგრებული ყოფილიყო დარჩენილ კბილებზე ღერძის საშუალებით, სანთლის ძაფის ან ოქროს მავთულის გამოყენებით. პიერი უარს ამბობდა არასწორად ამოსული კბილების ამოღებაზე და მოიფიქრა  – მათი ჩასწორება მავთულის, აბრეშუმის ძაფისა და ლითონის ფირფიტის გამოყენებით. პიერი აღნიშნავდა, რომ ბავშვის კბილები უფრო მარტივად და სწრაფად ემორჩილება გასწორებას, ვიდრე დიდების, რასაც იგი ფესვების ზომით ხსნიდა.

ანჟედან პარიზამდე და მისი რევოლუციური წიგნი

1716-1718 წლებში პიერ ფოშარმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. ამ პერიოდში იგი სხვა ქირურგებთან ერთად მოგზაურობდა საფრანგეთში, სწავლობდა და სხვებსაც უზიარებდა პრაქტიკულ სამედიცინო გამოცდილებას. 1718 წელს ფოშარი პარიზში გადავიდა. იქ ყოფნისას აღმოაჩინა, რომ სამედიცინო ბიბლიოთეკების უმრავლესობა განიცდიდა დახვეწილი სტომატოლოგიური სახელმძღვანელოების უკმარისობას. საჭირო იყო, პირის ღრუს ქირურგიის ენციკლოპედიური სახელმძღვანელო. ამგვარად, მან გადაწყვიტა დაეწერა ექიმის სამაგიდო წიგნი, რომელიც დაეფუძნებოდა მის ცოდნასა და გამოცდილებას. წლების განმავლობაში ფოშარი აგროვებდა სამედიცინო წიგნებს, იღებდა რჩევებს პრაქტიკოსანი ექიმებისგან, მიმოიხილა ანჟეში შექმნილი პირადი დღიურები. ბოლოს 1723 წელს, 45 წლის ასაკში, დაასრულა თავისი ხელნაწერი „ქირურგი-სტომატოლოგი“. ხელნაწერი იქნა დაწვრილებით რედაქტირებული და 1728 წელს ორ ტომად გამოიცა. პირველ ტომში იყო 38 თავი, მეორეში – 26. ორივე ტომი შიცავდა 42 ილუსტრაციას, სადაც ასახული იყო ქირურგიული ინსტრუმენტები და მოწყობილობები. აღნიშნულ წიგნში მოცემული ბევრი იდეა სავსებით ახალი იყო სტომატოლოგიაში. ევროპის სამედიცინო საზოგადოებამ ეს წიგნი კარგად მიიღო, 1746 წელს ფრანგულად გამოიცა მისი გაფართოებული გამოცემა. 1773 წელს წიგნის გერმანული თარგმანი გახდა ხელმისაწვდომი. სახელმძღვანელომ დროს გაასწრო და დღევანდელი სტომატოლოგიის საძირკვლად მოგვევლინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები

ფოშარი ამტკიცებდა, რომ კბილების დაზიანების გერმანული თეორია – ჭიის შესახებ მცდარი იყო. მის მიერ მიკროსკოპტან გატარებულმა არაერთმა საათმა ცხადყო მოძველებული თეორიის სიცრუე. იგი აღნიშნავდა, რომ კბილის კარიესის მიზეზი იყო არა ჭია, არამედ ტკბილეული და ადამიანებს კვების რაციონიდან მის შეზღუდვას ურჩევდა.  პიერმა დაუმტკიცა მაშინდელ სტომატოლოგებს, რომსარძევე კბილებსაც ჰქონდათ საკუტარი ფესვები. ფოშარი დიდ დროს უთმობდა საკუთარ განათლებას. ღამეებს ათენებდა ძველი ლიტერატურის თვალიერებაში, მის ხელთ იყო „კბილების ატლასი“, ნაპოვნი ფინიკიელების ქალაქის სიდონიის გათხრებისას, გალენის, პლინიას, პლატონის, არისტოტელეს ტრაქტატები და რა თქმა უნდა მე-11 საუკუნის არაბი ქირურგის, აბულ-კასიმის შრომები, რომელმაც პირველმა აღნიშნა სტომატოლოგია, როგორც მედიცინის ცალკეული დარგი.

ფოშარმა დაამკვიდრა კბილის ღრუს ამოვსების, როგორც მისი მკურნალობისა და გამაგრების მეთოდი ლითონებით, კერძოდ იგი იყენებდა: ტყვიას, კალას და იშვიათად ოქროს. არსებული კბილების შენარჩუნებას ფოშარი მიიჩნევდა ექიმის უმნიშვნელოვანეს მისიად, მაგრამ ეს პაციენტებსაც არანაკლებ უნდა მოენდომებინათ, რისთვისაც თან ზღვის ღრუბელით კბილების ყოველდღიურ გამოხეხვას ურჩევდა.

ფოშარის შრომებში დაცულია ინფორმაცია დეონტოლოგიისა და სამედიცინო ეთიკის შესახებ. იგი აღწერდა, თუ როგორუნდა შეხვედროდა ექიმი პაციენტს, რა პოზიციაში უნდა მჯდარიყო პაციენტი. პიერის დროს მოღვაწე დალაქები, როგორც წესი იატაკზე ისხდნენ, პაციენტის თავი მოტავსებული ჰქონდათ მუხლებს შორის და ამ პოზაში იღებდნენ კბილებს, რაც რასაკვირველია, ძალიან მოუხერხებელი და არასასიამოვნო იყო.

ფოშარის რეკომენდაციით, პაციენტი ჯდებოდა მოხერხებულ სავარძელში, ექიმი კი დგებოდა უკან, რითაც შუქსაც  არ ეფარებოდა და პაციენტიც მშვიდად იყო.

თავის წიგნში, ფოშარმა წარმოადგინა მის მიერ შექმნილი ქირურგიული ინსტრუმენტები. დღეისათვის კარგად ნაცნობი კბილის ბურღი. ფოშარის ბურღი იყო ხელის, რომელიც მოძრაობდა ცილინდრის გარშემო კეტგუტის საშუალებით. სახელმძღვანელოში გამოთქმულია აზრი მიხაკისა და დარიჩინის ზეთების გამოყენებაზე პულპიტის (ნერვის ანთების) სამკურნალოდ. ერთ-ერთი უცნაური იდეა, რომელმაც მიიბყრო მედიცინის ისტორიის მკვლევარების ყურადღება, იყო ადამიანის შარდის გამოყენება ადრეული კარიესის სამკურნალოდ. იმ პერიოდისათვის მან არ იცოდა, რომ შარდი ამიაკს შეიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ შარდის ამ მიზნით გამოყენება უძველესი პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე ხდებოდა, ამ მეთოდს ექიმებისა და პაციენტების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.

უკანასკნელი დღეები

მთელი ცხოვრების განმავლობაში და თავის წიგნშიც ფოშარი გმობდა ექიმბაშობასა და თაღლითობას მედიცინაში. პიერი ურჩევდა სტუდენტებსა და მეგობრებს, თავი აერიდებინათ ისეთი მეთოდების გამოყენებისაგან, რომლებსაც ზიანის მოტანა შეეძლოთ. იგი აფრთხილებდა ექიმებს, რომ არ გამოეყენებინათ მეტად საშიში და საზიანო გოგირდისა და აზოტის მჟავები ქვებისა და ნადების მოსაცილებლად.

ექიმი პიერ ფოშარი, გახდა მაგალითი მომავალი სტომატოლოგებისათვის. იგი გარდაიცვალა 1761 წლის 22 მარტს, პარიზში, 83 წლის ასაკში.

მემკვიდრეობა
ფოშარის შრომებმა, დიდი გავლენა იქონია განმანათლებლობის ეპოქის ახალგაზრდა ექიმებზე საფრანგეთში. რობერტ ბუნონმა (Robert Bunon 1702-1748), პიერის მსგავსად ცხოვრების დიდი დრო დაუთმო, ემალის ჰიპოპლაზიის გამოკვლევებს.

ბორდეტმა (Bourdet 1722-1789), ფოშარის შემდგომ საფრანგეთის საუკეთესო სტომატოლოგმა, თავისი გამოკვლევები მიუძღვნა, პირის ღრუს პროთეზირებას. მან ასევე განავითარა ლითონის ბჟენების წარმოება და მიღება. იყო პირველი ქირურგი, ვინც ატარებდა საჭიროებისამებრ გინგივექტომიას პაციენტებზე. მე-19 საუკუნის ამერიკელი სტომატოლოგი Chapin A. Haris ხშირად იხსენებდა ფოშარს და ამბობდა, რომ მიუხედავად გარემოებებისა და მისი დროის შეზღუდული შესაძლებლობებისა, ის ყოველთვის იყო და იქნება მოხსენიებული, როგორც თანამედროვე სტომატოლოგიის პიონერი და დამაარსებელი.

Advertisements

Read Full Post »

  • დაახლოებით 400 წლის წინ ჩვ. წ. აღ-მდე ჰიპოკრატე წერდა კბილთა გასწორების მცდელობებზე.
  • ასტომატოლოგი ”, რომელშიც მთელი თავი დაუთმო კბილების გასწორებას.
  • 1850 წლიდან გამოჩნდა პირველი ნაშრომები ორთოდონტიაში. ორთოდონტიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება ექიმი ნორმან კინზლი (Dr. Norman Kingsley) – სტომატოლოგი, მწერალი, მხატვარი და მოქანდაკე. იგი იყო პირველი, ვინც გამოიყენა პირგარეთა ჭიმვები პროტრუზიის კორექციისათვის. იმ დროს დიდი ყურადღება ექცეოდა სახის სიმეტრიის კორექციას, ორთოდონტიული მიზნით კბილების ამოღება არ ხდებოდა, ვინაიდან ცოტას თუ ჰქონდა კბილთა მთელი მწკრივი. დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა თანკბილვას. 1880 წელს ექიმმა კინზლიმ გამოაქვეყნა წიგნი – „კბილთა ანომალიების ტრაქტატი” (“Treatise on Oral Deformities”).

”ორთოდონტიის მამად” კი მიიჩნევა ექიმი ფარარი (J. N. Farrar), რომელმაც დაწერა წიგნი ”ტრაქტატი კბილთა დგომის ანომალიების და მათი კორექციის შესახებ” (“A Treatise on the Irregularities of  the Teeth and Their Corrections“). ფარერმა შექმნა სხვადასხვა მოუხსნელი ტიპის აპარატები და იყო პირველი, ვინც მოუწოდა მკურნალობისას ზომიერი ძალის გამოყენება დროის დიდი ინტერვალებით.

  • 1864 წელს ექიმმა ბარნუმმა (Dr. S.C. Barnum) ნიუ იორკში გამოიგონა კოფერდამი.
  • 1890 წლებში ვითარდება დანაკლისი კბილების ხელოვნურით ჩანაცვლების მეთოდები  და მეცნიერება თანკბილვის შესახებ. ექიმი ედვარდ ენგლე (Dr. Edward Angle 1855-1930) აქვეყნებს შრომებს -„ თანკბილვის ანომალიების კლასიფიკაცია ენგლეს მიხიდვით“,
    რომელშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება კბილების სწორ და ბუნებრივ თანკბილვას.
  • 1900-1901 წლებში ქალაქ სენტ-ლუისში ექიმმა ენგლემ და მისმა 12 კოლეგამ დააფუძნეს ორთოდონტიაზე მომუშავე ჯგუფი. შემდგომში ამ ორგანიზაციაზე დაყრდნობით შეიქმნა ამერიკის ორთოდონტთა ასოციაცია.
  • 1930 წლებში ამერიკაში მიმდინარეობს ესთეტიკური სტომატოლოგიის აქტიური განვითარება. სტაბილური და ესთეტიკური შედეგის მისაღებად ორთოდონტიაში სულ უფრო დიდ გავრცელებას პოულობს კბილების ამოღება.
  • 1940 წლებში გამოჩნდა კვლევის ახალი მეთოდი ცეფალომეტრია – (ტელერენტგენოგრაფია). ორთოდონტები იღებენ ახალ ინფორმაციებს, თუ როგორ დამოკიდებულებაშია ყბების მდებარეობა თანკბილვის ანომალიასთან და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება, ყბების ზრდის მიმართულების შეცვლით.
  • 1970 წლებში აქტიურად ვითარდება ორთოგნათიული ქირურგია, რისი დახმარებითაც შესაძლებელია ზრდასრულ ასაკში ყბა-კბილთა ანომალიების გამოსწორება.
  • XX საუკუნის ბოლოს ნასას მიერ შექმნილმა თერმოაქტიურმა ნიკელ-ტიტანის შენადნობებმა ფორმის მეხსიერებით, მოახდინა გლობალური გადატრიელება ორთოდონტიაში. ოთახის ტემპერატურაზე ნიკელ-ტიტანის მავთული არის ძალიან დრეკადი. პირის ღრუში სხეულის ტემპერატურაზე გათბობისას იგი ცდილობს დაიბრუნოს საწყისი ფორმა, ე.ი. იდეალური რკალის ფორმა, რომელიც ექიმმა წინასწარ შეარჩია კონკრეტული პაციენტისათვის. ნიკელ-ტიტანის შენადნობის წყალობით რკალი უფრო დიდხანს ინარჩუნებს კბილების გადანაცვლების შესაძლებლობებს, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი. ასე გაჩნდა ორთოდონტიაში ”პირდაპირი რკალის” ტექნიკა.
  • 1990 წლებში ავსტრალიელმა ორთოდონტმა და გამომგონებელმა  კრის ფარელმა (Chris Farrell) შექმნა აპარატების სერია, ბავშვებში მიოფუნქციური პრობლემების კორექციისათვის მკურნალობის ადრეულ სტადიაზე (პრეორთოდონტიული ტრეინერები). მიოფუნქციური მიმართულების განვითარება (ყბა-კბილთა ანომალიების მიზეზი).
  • 2000 წელს ბაზარზე გამოჩნდა სისტემა ინვიზალაინი (Invisalign) შექმნილი CAD/CAM ტექნოლოგიებით – თანკბილვისა და კბილების გასწორების მეთოდი გამჭვირვალე კაპების გამოყენებით.
  • 2003 წელს გამოჩნდა ულიგატურო ბრეკეტ-სისტემები (Self-ligating brackets)
  • 2005 წელს ბაზარზე უნივერსალური Myobrace აპარატები გამოჩნდა, კბილების გასწორებისა და მიოფუნქციური თერაპიისათვის.

Read Full Post »