Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘პერიკორონარიტი’

ჩემი აზრით ქირურგიულ სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ძნელი შესრულების თვალსაზრისით მე-8 სიბრძნის კბილის ექსტრაქციაა. რადგან აგებულების მხრივ ისინი იმდენად ვარიაბელურნი არიან, რომ იშვიათად თუ გამოვიცნობთ როგორი დაგვხვდება. წინა ბლოგებში, რამოდენიმე სიბრძნის კბილის სურათები გაჩვენეთ. დღეს მინდა კიდევ ერთი სასწაული სურათი გაჩვენოთ, ეს ყველაზე საინტერესო და უჩვეულო კბილია რაც კი მინახავს.

 

აი ძვირფასო მეგობრებო ასეთებიც ხდება ხოლმე.

დღეს კვლავ მინდა დაუბრუნდეთ მე-8 სიბრძნის კბილების თემას, მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა, შეკითხვები მაინც ბევრია. კიდევ ვისაუბრებთ პერიკორონარიტებზე და სხვა პრობლემებზე რაც უკავშირდება მერვე კბილების ამოჭრას.

შეიძლება ითქვას, რომ ბუნება ცოტა დაუფიქრებლად მოიქცა. სიბრძნის კბილები ადამიანების უმრავლესობას ამოსდით 16-26 წლის ასაკში, იმ დროს, როდესაც ადამიანის ყბების ზრდა ჩერდება. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ევოლუციის პროცესში ადამიანებს შეეცვალათ ყბის ზომა და ფორმა, ამიტომ ძალიან ხშირად და ეს ეხებათ ძირითადად მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს – სიბრძნის კბილები უბრალოდ აღარ ეტევა კბილთა მწკრივში.  ამიტომ მათი ამოჭრა ან ხდება ანთების და ტკივილების ფონზე, ან საერთოდ არ ამოიჭრებიან და რჩებიან ყბის ძვალში, ამ უკანასკნელს რეტენირებული კბილები ეწოდება.

უნდა აღინიშნოს, რომ 98% შემთხვევაში რეტენირებული კბილების არსებობა მიუთითებს თანკბილვის დარღვევაზე და მინიმუმ უნდა ჩატარდეს ორთოდონტის კონსულტაცია.

პერიკორონარიტი – ამოსაჭრელი კბილის ირგვლივ და ზედ მდებარე ლორწოვანი გარსის ანთებაა. პერიკორონარიტი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ კბილს, რომელიც ცდილობს ამოჭრას, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს პრობლემა უვითარდებათ სიბრძნის კბილებს.  ეს საკმაოდ უსიამოვნო და საშიში დაავადებაა.

ძვირფასო მკითხველო, უნდა ვიცოდეთ, რომ თუკი ადამიანს ყველაფერი წესრიგში აქვს თანკბილვის მხრივ, ადგილია საკმარისადაა ყველა კბილისთვის, მერვე კბილები თავისუფლად ამოდიან და მონაწილეობენ ღეჭვის პროცესში. როგორც წესი ეს ეხება მოსულ მამაკაცებს და ძალზედ იშვიათად მინიატურულ ქალბატონებს.

და პირიქით თუკი პაციენტს აღენიშნება თანკბილვის ანომალია, მაღალი პროცენტულობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიბრძნის კბილების ამოჭრა (თუკი საერთოდ ამოიჭრა) დაკავშირებული იქნება უამრავ პრობლემასთან. თავის მხრივ პერიკორონარიტი და სიბრძნის კბილის მტკივნეული ამოჭრა მიუთითებს, რომ პაციენტს ორთოდონტიული პრობლემა აქვს, რომელიც სჯობს დროულად მოგვარდეს სანამ უარესი არ  მომხდარა.

მოდით განვიხილოთ, თუ საიდან ჩნდება პერიკორონარიტი და რითია იგი საშიში.

ძალზედ მარტივად: როდესაც ტომარა (სამედიცინო ენაზე ფოლიკული) რომელშიც ვითარდება კბილი ტოვებს ძვლოვან ქსოვილს და იჭრება ღრძილის სისქეში, კბილის გვირგვინოვანი ნაწილის თავზე ჩნდება ლორწოვანი გარსის ე.წ. “ქუდაკი” (კაპიშონი). რაღაც მომენში ხდება მისი გახვრეტა და მასში იწყებს მოხვედრას ბაქტერიებით სავსე ნერწვი და საკვების ნარჩენები. ქუდაკის ქვეშ არსებული სივრცე იდეალური ადგილია ინფექციის განვითარებისათვი, რადგან ცუდად იწმინდება და ადვილად გროვდება პირის ღრუში არსებული “ნაგავი”. თუმცა წინააღმდეგობის არ არსებობის შემთხვევაში კბილი აგრძელებს ზრდას და იკავებს თავის ადგილს კბილთა მწკრივში. დროთა განმავლობაში ქუდაკი ქრება, კბილი იწყებს მონაწილეობას ღეჭვაში – ხოლო პრობლემა თავისით ქრება. მაგრამ თუკი სიბრძნის კბილს არ ჰყოფნის ადგილი ვერ ამოდის, ან უარეს შემთხვევაში იწყებს მოტრიალებას, ქუდაკი რჩება, სივრცე ფართოვდება, ინფიცირდება და ვითარდება ანთება. აქედან ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

რა ვქნათ?

არსებობს ქუდაკის მოკვეთის ოპერაცია, მაგრამ აღნიშნული მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-8 კბილს სწორი მდებარეობა და საკმარისი ადგილი აქვს ამოსაჭრელად.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც ადგილი არა საკმარისია, კბილი რჩება საწყის პოზიციაში ან იწყებს შემოტრიალებას: ასეთი ოპერაცია შედეგს ვერ მოიტანს. ქუდაკი კვლავ განვითარდება და პერიკორონარიტიც დაბრუნდება.

ამიტომ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან მხოლოდ დამნაშავე კბილის ექსტრაქციაა.

რა შეიძლება მოხდეს თუ არ ვიმკურნალეთ პერიკორონარიტი?

შესაძლებელია, რომ არც არაფერი თუკი კბილი ამოიჭრა და მოვიდა კონტაქტში ანტაგონისტებთან. მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

თუკი დავივიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობას და ვიმკურნალებთ ექიმბაშებთან ურინოთერაპიით, საფენებით და ტკივილგამაყუჩებლებით, პროცესი მალე განვითარდება დატოვებს ლორწოვანი გარსის ფარგლებს და გავრცელდება. სიბრძნის კბილები მდებარეობს ისეთ ადგილას სადაც ბევრი სისხლძარღვი, ნერვი და უჯრედისია, რომლებიც ძალზედ მარტივად ინფიცირდებიან. ვითარდება ფლეგმონები, აბსცესები, რაც ხშირად მთავრდება საავადმყოფოში ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებაში მისვლით. შესაძლოა პერიკორონარიტის შედეგად სეფსისის განვითარება და ლეტალური დასასრულიც.

ამიტომ ძვირფასო პაციენტებო, თუკი სიბრძნის კბილის ამოჭრისას დაგეწყოთ ტკივილები, გასივდა ღრძილი, ძნელად გეღებათ ან გეხურებათ პირი:

– არ შეიძლება ცდა და ლოდინი, ნუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი თავისით გაივლის

– სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს

– აუცილებლად დაიცავით მისი ყველა რეკომენდაცია, მიიღეთ დანიშნული სამკურნალო პრეპარატები და დაიცავით პოსტოპერაციული რეჟიმი

– რეაბილიტაციის შემდეგ სასურველია ორთოდონტის კონსულტაცია.

გისურვებთ ჯანმრთელობას

Advertisements

Read Full Post »

როგორც ცნობილია, სიბრძნის (მე-8) კბილების ამოსვლა, დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან. სიბრძნის კბილები შესაძლოა საერთოდ არ ამოიჭრან და იყონ განლაგებული ძვალში, კბილების პარალელურად, ან ოდნავ ამოყონ თავი და მაინც არ ამოიჭრან ბოლომდე. ნებისმიერ შემთხვევაში სიბრძნის კბილის ამოსვლა ნეგატიურად მოქმედებს მის გარშემო მყოფ ქსოვილებზე, განსაკუთრებით კი ღრძილებზე, რითაც იწვევს  პერიკორონარიტს.

რა არის პერიკორონარიტი?

პერიკორონარიტი –  კბილის გართულებულ ამოჭრასთან დაკავშირებული, მისი ირგვლივი ქსოვილების ანთებაა.

როგორ ვითარდება პერიკორონარიტი?

სიბრძნის კბილების ზრდა, იწვევს გარშემომყოფი რბილი ქსოვილების ტრავმირებას. ვინაიდან ღრძილი ყველაზე რბილია, შესაბამისად მისი ტრავმირება ყველაზე ადვილია. როგორც კი სიბრძნის კბილი გამოჩნდება ღრძილზე ჩნდება ნაპრალი, რომელიც ივსება: საჭმლით, კბილის ნადებით და პირის ღრუში არსებული მიკრობებით. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილს შემდგომად შეუძლია ღრძილების ანთების გამოწვევა. უფრო რთულ და მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ჩირქოვანი ჩანართების გაჩენაც. რაც შემდგომად შესაძლოა გავრცელდეს კისრის და ლოყის არეში.

პერიკორონარიტის სიმტომები:

  • ღრძილზე დაჭერის შემთხვევაში მწვავე ტკივილი
  • ლიმფური კვანძების შეშუპება
  • პირის გაღების გაძნელება
  • ღრძილოვანი ჯიბეების ჩამოყალიბება, სადაც გროვდება საჭმლის ნარჩენები (ღრძილის ქუდაკი)
  • ღრძილის შეშუპება
  • დაავადების ღრმა ფორმებში ჩნდება სუნი პირის, რომელიც ჩნდება ჩირქოვანი გამონადენისას

პერიკორონარიტის მკურნალობა :

  • პაციენტს ევალება, დამოუკიდებლად, გამოირეცხოს ღრძილქვეშ დაგროვილი საჭმლის ნარჩენები. ამისათვის აუცილებელია არა მარტო წყლით გამოვლება, არამედ კბილების ხეხვა ყურადღებით, პასტით და ჯაგრისით განსაკუთრებულად ღრძილის ჯიბის ან ქუდაკის მიდამოში.
  • პირველივე სიმპტომებისას, თუკი ვერ ხერხდება ექიმთან მისვლა, აუცილებელია დღის განმავლობაში გავიკეთოთ თბილი მარილიანი სავლებები, რომელიც ხასიათდება ანტიბაქტერიული მოქმედებით.
  • ძლიერი შესიების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუკი ვრცელდება ყელის, ლოყის ან ყბის მიმართულებით აუცილებელია მედიმენტოზური მკურნალობა. ტკივილის შემთხვევაში შესაძლებელია ტკივილ გამაყუჩებელი პრეპარატები.
  • თუკი დაავადება გადაიზარდა ჩირქოვან ფაზაში აუცილებელია მისი ქირურგიული მკურნალობა, სიბრძნის კბილის საბოლოო ექსტრაქციით.

როგორ ავიცილოთ პერიკორონარიტი?

რათა არ დავუშვათ, სიბრძნის კბილების ამოჭრისას პერიკორონარიტის განვითარება, აუცილებელია ამ პროცესის საფუძვლიანი დიაგნოსტიკა. სტომატოლოგს რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად, შეუძლია დაადგინოს კბილის და რბილი ქსოვილების შესაძლო განვითარება. ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია დაავადების თავიდან აცილება. ამიტომ პირველივე სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს. არ დაგვავიწყდეს საფუძვლიანი ჰიგიენა. ყოველი ჭამის შემდგომ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს, ამომავალი კბილების ირგვლივ ღრძილის მდგომარეობას. თუ როგორ მოუვლით თქვენს მომავალ კბილს, დამოკიდებულია მისი შემდგომი განვითარება და პერიკორონარიტისაგან თავის დაცვა.

Read Full Post »