Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ორთოდონტი’

ყოველი მეორე ბავშვი ამა თუ იმ დონეზე საჭიროებს თანკბილვის გასწორება, კორექციას.

ბავშვებში პროფესიონალურად კბილების გასწორება აგარიდებთ მომავალში უამრავ პრობლემას: კბილების დაზიანება (ამცირებს ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობას), ღეჭვის ფუნქციის დარღვევა (რაც უარყოფითად აისახება საჭმლის მონელებაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილის სინდრომები), ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების და შემდგომ უკვე პათოლოგიური ჯიბეების განვითარება (რაც იწვევს ღძილების ანთებას და პაროდონტიტს), კარიესი.

განარჩევენ სწორ (ფიზიოლოგიურ) და ანომალიურ თანკბილვას. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

ბავშვთა ორთოდონტია, ორთოდონტიული მკურნალობა, თანკბილვის კორექცია დაფუძნებულია კბილების ან კბილთა ჯგუფების (სარძევე და მუდმივი) ნელ და თანმიმდევრობით გადანაცვლებაზე გარკვეული მიმართულებით მუდმივი ზეწოლის საშუალებით. დატვირთვის მოხსნის შენდგომ, ადაპტირებული ქსოვილები გადანაცვლებულ კბილს უკვე აღარ აძლევენ უკან დაბრუნების საშუალებას.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ტარდება 4-5 წლის ასაკიდან. მკურნალობის საბოლოო მიზანია ბავშვის იდეალური კბილთა დგომის შექმნა.

ჩვენს კლინიკაში ბავშვთა ორთოდონტიული მკურნალობა წარმოებს, როგორც მოსახსნელი (მოსახსნელი ფირფიტები, პროფილაქტიკური აპარატები, აქტიური და პასიური) და მოუხსნელი (ბრეკეტები, ბრეკეტ სისტემები მათ შორის ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.)

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია პირის ღრუს სრული სანაცია, რომელსაც ატარებენ ჩვენი კლინიკის ბავშვთა-თერაპევტები.

ბავშვთა ორთოდონტია. როდის დავიწყოთ მკურნალობა

კორექციის დაწყების ვადები დამოკიდებულია თანკბილვის ჩამოყალიბების ეტაპზე. თუ რაიმე აშკარა პათოლოგია არ აღინიშნება ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოდონტთან უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის.

სარძევე კბილების თანკბილვის ჩამოყალიბება იწყება 6 თვიდან და გრძელდება 3-3,5 წლამდე. ბავშვის ყბა-კბილთა სისტების შემდგომი ეტაპია მომზადება მუდმივი კბილების ამოჭრისათვის (4 დან 6 წლამდე).

სარძევე კბილების მოცვლის პერიოდში ბავშვის ყბების აქტიურად იზრდება (ვითარდება ასაკობრივი ტრემები და დიასთემები, ხდება სარძევე კბილების ფესვების გაწოვა, ხოლო ქვედა ყბა აქტიური ზრდის შედეგად ცოტათი წინ გადაინაცვლებს).

 არასწორი თანკბილვის განვითარების მიზეზები

ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მიზეზებს ორ დიდ ჯგუფად – ეგზოგენურ და ენდოგენურ ფაქტორებად ყოფენ. წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობას და მემკვიდრეობით განწყობას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანი ენდოგენური ფაქტორებია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (ავიტამინოზები), ენდოკრინოპათიები (ჰიპო და ჰიპერთირეოზი, ადრენოგენიტალური სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები, ნანიზმი), დედის ქრონიკული და ორსულობასთან დაკავშირებული დაავადებები (ტოქსიკოზი, ანემია), ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სანაყოფე წყლების არათანაბარი განაწილება.

უამრავი ეგზოგენური მიზეზებიდან მნიშვნელოვანია: მავნე ჩვევები, როგორიცაა თითისა და მატყუარას ხანგრძლივად წოვა, ტუჩის კვნეტა, სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, დეკომპენსირებული კარიესი, მოკლე ტუჩისა და ენის ლაგამი, მინანქრისა და დენტინის არასრულფასოვნება, ცუდი ეკოლოგიური პირობები და ა.შ.

არასწორი თანკბილვის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია, თანამედროვე ადამიანის კვების რაციონის დარღვევა, საკვები საკმაოდ რბილია, ჩვენი საღეჭი აპარატი კი ვერ იღებს სათანადო დატვირთვას, რის გამოც ხდება ყბის ძვლების არასაკმარისი განვითარება, კბილები კი რჩებიან იგივე ზომის, ამიტომ მათ ყბის ძვალში ადგილი აღარ ყოფნით.

Advertisements

Read Full Post »

არ გაკმაყოფილებთ თქვენი ღიმილის სილამაზე? არასწორი თანკბილვა იწვევს კბილების ცვეთას და ტკივილებს სახსრებში? პაროდონტოლოგმა გაგაგზავნათ ორთოდონტთან? ორთოპედმა გითხრათ, რომ ხარისხიანი პროთეზირება ან იმპლანტაცია შესაძლებელია, მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ? თუკი ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხი დადებითია, შემდგომი შეკითხვა აუცილებლად იქნება: „როგორ იპოვოთ თქვენი ორთოდონტი?“. ზუსტად ის, რომელთანაც კონსულტაცია არანაირ შეკითხვას არ დაგიტოვებთ პასუხ გაუცემელს. რომელსაც ენდობით თავიდან ბოლომდე, ხოლო შედეგით იქნებით 200% კმაყოფილი. ისეთი ექიმი, რომელმაც იცის, თუ რა უნდა ექიმ-პაროდონტოლოგს, ორთოპედს ან იმპლანტოლოგს.

მე მგონი პოტენციური პაციენტისთვის ამაზე მნიშვნელოვანი შეკიხვა არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს შეკითხვა თქვენი ლამაზი ღიმილის და სწორი თანკბილვისათვის ყოფნა-არყოფნის ტოლფასია. ამიტომ მას უნდა სერიოზულად მოვეკიდოთ.

თუკი თქვენ კითხულობთ ამ სტატიას, მაშასადამე თქვენ ეძებთ ინფორმაციას. ეს შესანიშნავია, თუმცა თქვენ მიეკუთვნებით უმცირესობას, რადგან ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ არ ანაჭიბს ამას სათანადო მნიშვნელობას. საქმე იმაშია, რომ ჩვენი მოსახლეობის გონებაში ჯერ კიდევ არსებობს ტრადიციული მითი: შესაძლოა ყველას შეეშალოს, მაგრამ არა ექიმებს (როგორ, მათ ხომ ისწავლეს). ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. როგორც სხვა სპეციალობის წარმომადგენლები ექიმებიც შესაძლოა იყვნენ კარგები და ცუდები.

ორთოდონტიული მკურნალობის ყველაზე დიდი მინუსი დროა. დამეთანხმებით არ იქნება სასიამოვნო 2 წლიანი (ყოფილა შემთხვევები, როდესაც 4-5 წელიც) მკურნალობის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ კარგი არაფერი გამოვიდა. რა თქმა უნდა ცუდი ორთოდონტიული მკურნალობით არავინ დაღუპულა, მაგრამ დრო, ფული, იმედები…

ზუსტად ამიტომ გამოცდილი ექიმების უმრავლესობას არ უყვარს სხვისი დაწყებული საქმის გადაკეთება, რადგან ეს ყველაზე უმადური და დაუფასებელი საქმეა. საერთო ჯამში სიტუაციის გამოსწორება საკმაოდ რთულია.

არასწორი მკურნალობის გამოსწორება უფრო რთულია და დიდხნიანი პროცესია, ვიდრე „ნოლიდან“ დაწყებული, ცოტას თუ მოსწონს ამის კეთება.
რატომაა ეს რთული?

ყველაზე ზუსტი მეთოდი ექიმის კვალიფიკაციის შესამოწმებლად – მასთან  მკურნალობის გავლაა. მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ მკურნალობა საკმაო ხანს გრძელდება, გაიგოთ რეზულტატი შესაძლებელია, მხოლოდ მკურნალობის დასასრულისას. ზოგჯერ კი მკურნალობის შემდგომაც (ვინაიდან რეზულტატს შენარჩუნებაც უნდა), მოკლედ ძალზედ გვიან.

ამიტომ პაციენტისათვის ორთოდონტის კვალიფიკაციის შეფასება ძალზედ რთულია. აქედან გამომდინარე პაციენტები ორიენტირდებიან  არაპირდაპირ ნიშნებზე, მათ შორის ძირითადად ისინი თვლიან კლინიკის დონეს (ბრენდი, რეკლამა, სერვისი, მკურნალობის საფასური). რაღაც დონეზე ეს დაკავშირებულია მკურნალობის ხარისხთან, მაგრამ ჩვენთანსამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ არის. თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, პაციენტების გარჩევადობიდან და კონკურენციის ზრდიდან გამომდინარე. ანდაზიდან: „სახელის გატეხას თავის გატეხა ჯობიაო“, გამომდინარე კლინიკა არ აიყვანს სამუშაოზე რიგით სპეციალისტს. როდესაც სამუშაოზე იღებენ ექიმ-თერაპევტს (რომელიც მკურნალობს კბილებს) სთხოვენ უმკურნალოს ნათესავებს, ახლობლებს, რათა შეამოწმონ მკურნალობის ხარისხი და სისწორე. კარგად ხვდებით, რომ ორთოდონტთან ამის გაკეთება შეუძლებელია. სირთულეც ამაში მდგომარეობს, რომ კლინიკის ადმინისტრაციას, როგორც თქვენ პატივცემულო პაციენტო არ შეუძლია ობიექტურად შეაფასოს ორთოდონტის კვალიფიკაცია, რადგან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ თავიანთი რეზულტატების ჩვენება (გამუდმებით ხარისხიანი სურათების გადაღება ძნელია და დიდი დრო მიაქვს). აქედან გამომდინარე კლინიკის ხელმძღვანელები ძირითადად სუბიექტურ ფაქტორებზე ორიენტირდებიან (სამუშაო გამოცდილება, თავის წარდგენა, გაცნობა და ა.შ.).

როგორც ერთი ექიმი-სტომატოლოგი წერს თავის წიგნში: „ადგილი კი არ უნდა ამშვენებდეს ექიმს, არამედ ექიმი უნდა – ამშვენებდეს… არასოდეს არ ეძებოთ მხოლოდ კარგი ადგილი, ეძებეთ მასში კარგი ექიმი!“

სრული სიმართლეა. ნებისმიერი ექიმი-სტომატოლოგი მოგიყვებათ უამრავ მაგალითს, თუ რას აკეთებენ კარგ კლინიკებში (ეს საერთოდ ექიმების საყვარელი თემაა – შურთ, როდესაც ცუდი ექიმები მუშაობენ კარგ კლინიკებში). ამავდროულად ჩვეულებრივ კლინიკაში მუშაობენ შესანიშნავი სპეციალისტები. თუმცა კარგ კლინიკაში კარგი ექიმის შეხვედრის ალბათობა მაინც მაღალია.

ადგილი კი არ ამშვენებდეს ექიმს, არამედ ექიმი – ადგილს. პრესტიჟული კლინიკა ვერ მოგცემთ გარანტიას მაღალ ხარისხიან ორთოდონტიულ მკურნალობაზე, მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
მაშ როგორ შევარჩიოთ?

პირდაპირ გეტყვით, რომ 100% მეთოდი არ არსებობს. ბევრი ეყრდნობა ახლობლების გამოცდილებას. ეს უფრო საიმედოა ვიდრე ყავაზე მკითხაობა. თუკი გირჩევენ ახლობლები, და თქვენ მოგწონთ მათი ღიმილი, ეს უკვე სერიოზული არგუმენტია. ხოლო, თუკი გირჩევენ ექიმს და პაციენტის პირის ღრუ შორსაა იდეალურიდან, გმართებთ დაფიქრება, შესაძლოა ეს ექიმი დარწმუნებაში უფრო ძლიერია ვიდრე მკურნალობაში. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ამბობენ „რამდენი ადამიანია, იმდენი აზრიაო“, ძნელია სწორი არჩევანის გაკეთება.

ექიმის კვალიფიკაციის მნიშვნელოვანი ნიშანი, თუმცა ცალმხრივად მისი განათლებაა. კარგი ორთოდონტი გამუდმებით იმეღლებს კვალიფიკაციას სხვადასხვა სემინარებზე, რადგან აღნიშნული სპეციალობა აქტიურად ვითარდება.

კარგი ორთოდონტი გამუდმებით იმაღლებს კვალიფიკაციას.

სამუშაო გამოცდილებაც ძალზედ მნიშვნელოვანია. თუმცა ერთია საბჭოთა პოლიკლინიკაში 30 წლიანი გამოცდილება მოსახსნელი ფირფიტებით და მეორეა თუნდაც 5 წლიანი გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ხანდახან გამოცდილების არ ქონა უფრო კარგია ვიდრე არასწორი მკურნალობის გამოცდილება. მაგალითად გამოუცდელი ექიმები ნაკლებად ჩადიან შეცდომებს, ვიდრე „გამოცდილები“, მათ ხშირად ეჭვი ეპარებათ, კითხულობენ, კონსულტაციებს გადიან, რაც მედიცინაში ყოველთვის კარგია, ვიდრე იმის შიშით, რომ პაციენტს არ ანახოთ საკუთარი გამოუცდელობა და გამუდმებით იაროთ მცდარი გზით. საერთო ჯამში გამოცდილება კარგი განათლების და თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის საფუძველზე კარგი მანიშნებელია.

დიდი გამოცდილება არ ნიშნავს მაღალ კვალიფიკაციას

ამიტომ ყველაზე საიმედო მეთოდი – რეზულტატების ხილვაა. ეს შესაძლოა იყვნენ თქვენი ნათესავები, ახლობლები, მკურნალობის შედეგები საიტზე ან პაციენტების ფოტოები.

ყველაზე საიმედო მეთოდი – რეზულტატების ხილვაა.

მაშასადამე დაუშვათ, გადაწყვიტეთ, თუ რომელ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. რა ნიშნები დაგეხმარებათ არჩევაში, რომ ექიმი კარგია.

  • საკმარისად სრულად ხსნის პრობლემის შინაარსს და მისი აღმოფხვრის მეთოდებს, ლოგიკურად, თანმიმდევრობით და გასაგებად. გარკვევით და ნათლად პასუხობს თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე.
  • არ გაშინებთ და არ ახდენს ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მკურნალობის აუცილებლობის დასამტკიცებლად.
  • გთავაზობთ ორთოდონტიული მკურნალობას თანამედროვე მეთოდებით, ცნობილი მწარმოებლების ხარისხიან და საიმედო ბრეკეტ-სისტემებს.
  • პატიოსნად გეუბნებათ აღნიშნული მკურნალობის არა მხოლოდ პლიუსებს არამედ მინუსებსაც.
  • კონსულტაციაზე წარმოგიდგენთ მკურნალობის შედეგებს დადებითი შედეგებით.

ყოველივე ზემოთ თქმული დაგეხმარებათ კარგი ორთოდონტის შერჩევაში.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ექიმიც ხომ ადამიანია, საკუთარი ხასიათით, პრინციპებით, აღზრდით, თვისებებით. იგი პიროვნებაა და არა რობოტი, რომელიც ბრეკეტებს აყენებს.

ამიტომ არ არსებობს ექიმი, რომელიც ყველასთვის კარგი იქნება. ჩვენ ხომ ინდივიდები ვართ და ვმუშაობთ სხვადასხვა ადამიანებთან. თქვენთვის საუკეთესო ექიმი – ეს არა მხოლოდ ისაა ვინც ხარისხიან ორთოდონტიულ მკურნალობას ჩაგიტარებთ, არამედ  ის ვინც თქვენ მოგეწონებათ, როგორც ადამიანი. თქვენ ხომ დიდხანს მოგიწევთ მასთან თანამშრომლობა, აღნიშნული თანამშრომლობის ხარისხზეა დამოკიდებული მკურნალობის რეზულტატიც.

თუკი თქვენთვის კომფორტულია ექიმთან თანამშრომლობა, გაგიჩნდათ ნდობა, მზად ხართ გაყვეთ მას ბოლომდე, სასურველი ღიმილის მისაღწევათ ე.ი. – ეს თქვენი ექიმია.

გისურვებთ წარმატებებს.

Read Full Post »

დღეისათვის ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარების, ძირითადი ნიშანი არის კბილების შეკვრის სახე – თანკბილვა. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.

იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენად პროპორციულად და ჰარმონიულადაა განვითარებული ყბა-კბილთა სისტემა, ორთოდონტიაში შემუშავებულია სახის ნაწილების გამოკვლევის მეტრული სისტემა (დაფუძნებული გამოთვლებზე). სახის ესთეტიკის გამოკვლევებისას სარგებლობენ 3 საორიენტაციო სიბრტყით და სპეციალური ცეფალომეტრული წერტილებით.

გამოყოფენ თანკბილვის ფორმირების ხუთ ძირითად პერიოდს, თითოეული მათგანის არასწორ მიმდინარეობას, შეიძლება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები მოჰყვეს.

  • ახალშობილობის პერიოდი (დაბადებიდან 6 თვემდე);
  • სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბების პერიოდი (6 თვიდან 3 წლამდე), ამ პერიოდში ხდება ყველა სარძევე კბილის ამოჭრა;
  • ფორმირებული სარძევე თანკბილვის პერიოდი (3 დან 6 წლამდე). ამ პერიოდში ხდება ყბების ზრდა და მზადება მუდმივი კბილების ამოსაჭრელად;
  • შერეული თანკბილვის პერიოდი (6 – 12 წელი), ხასიათდება ყბების აქტიური ზრდით და მუდმივი კბილების ამოჭრით;
  • მუდმივი თანკბილვის ფორმირების პერიოდი (12-15 წელი), ამ პერიოდში ყველა დროებითი კბილი იცვლება მუდმივით.

ყბების ზრდისა და კბილების ამოჭრის დარღვევები შეიძლება სხვადასხვა დარღვევების მიზეზი გახდეს. მაგალითად: საჭრელების, ეშვების ან პრემოლარების არ არსებობა, მჭიდროდ დგომა საჭრელების არეში (თუკი ყბის განვითარება შენელდა, ხოლო მუდმივი კბილები ამოიჭრა დიდი ზომის) ან პირიქით – ტრემებისა და დიასთემების ჩამოყალიბება, კბილების დგომის ნორმიდან გადახრა  ზედა ან ქვედა ყბაზე. საჭრელი კბილების მიერ ერთ-ერთი ყბის ზედმეტად გადმოკბილვა, ღია თანკბილვის ჩამოყალიბება, რომლის დროსაც საჭრელები საერთოდ არ ეხება ერთმანეთს.
არა სწორი თანკბილვა შეიძლება იყოს:

დისტალური – ზედმეტად განვითარებული ზედა ან განუვითარებელი ქვედა ყბა;

მედიალური – წინ წამოწეული ქვედა ყბა;

ღრმა – ზედა კბილები გადმოკბილავენ ქვედებს მათი სიგრძის ნახევარზე მეტს;

ღია – ზედა და ქვედა ყბის კბილების უმრავლესობა არაა შეხებაში;

ჯვარედინი – ზედა ან ქვედა კბილთა რკალის, ცალმხივი განუვითარებლობა.

დისტოპია – კბილები არ დგანან მათთვის განკუთვნილ ადგილზე.

დღეისათვის არასწორი თანკბილვის მიზეზებში, პირველი ადგილი უკავია გენეტიკურ ფაქტორს. ყბებისა და კბილების აგებულების თავისებურება მემკვიდრეობით გადაეცემათ შვილებს მშობლებისაგან.

მეორე ადგილზეა – გადატანილი ქრონიკული დაავადებები, რომლის დროსაც ხდება, ნორმალური ცხვირით სუნთქვის დარღვევა. ტუჩის, ენისა და ლოყების რბილი ქსოვილები უზრუნველყოფენ მზარდი ყბის ნორმალურ განვითარებას, ხოლო თუ პირი გამუდმებით ღიაა ეს პროცესი ირღვევა.

მავნე ჩვევები – თითის, ენის, ტუჩის წოვა, მატყუარას დიდხნიანი მოხმარებამ აგრეთვე შეიძლება მოახდინოს მავნე ზეგავლენა ყბებისა და კბილების ზრდასა და განვითარებაზე.

არასწორი თანკბილვა არა მარტო ესთეტიური დარღვევაა. ხშირად არასწორი თანკბილვა ხდება მიზეზი სუნთქვის, ყლაპვის, მიმიკისა და საუბრის ფუნქციის დარღვევისა. მან შეიძლება გამოიწვიოს ყელ-ყურის ორგანოების რიგი დაავადებები, გახშირებული მწვავე რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები, ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი, თავის ტკივილები, კუჭისა და სხვა დაავადებები. არასწორი ან არ არსებული თანკბილვისას საჭმლის გუნდა კუჭში ხვდება დაუღეჭავი და არ მუშავდება სათანადოდ. ამას კი მივყავართ შინაგანი ორგანოების დაზიანებამდე.

თანკბილვის ანომალიების მკურნალობა გვიანი არასოდესაა. მისი ჩატარება შესაძლებელია სანამ პირში გაქვთ კბილები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რაც დროულად მიმართავთ მკურნალობას შედეგიც დროული იქნება.

Read Full Post »

რა არის ორთოდონტია – ორთოდონტია (ბერძნული სიტყვაა Orthos –პირდაპირი, ლათ. Dens – კბილი) სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს ყბა-სახის სისტემის განვითარებას, ანომალიებსა და დეფორმაციების ეტიოლოგიასა და პათოგენეზს, ახდენს დარღვევების პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

სწორი თანკბილვა არა მარტო სილამაზეა, არამედ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკაცაა. ადამიანების 80 პროცენტზე მეტს აქვთ კბილთა დგომისა და თანკბილვის პათოლოგია. აქედან ყოველ მეორეს ესაჭიროება ორთოდონტიული დახმარება. ყოველ წლიურად პათოლოგიების სიხშირე იზრდება.

ორთოდონტია – რატომ არის აუცილებელი კბილთა დგომის და თანკბილვის ანომალიების კორექცია?

• სწორი არასწორი თანკბილვის დროს ღეჭვის პროცესში ყველა კბილზე იზრდება დატვირთვა 30-40 წლის ასაკისთვის ადამიანი ამჩნევს რომ მისი კბილები ხდება უფრო მოძრავი, იწყება კბილის ყელის გაშიშვლება, კბილებს შორის ჩნდება სივრცეები, და ისინი ხდებიან უფრო მგრძნობიარე. ეს ყველაფერი კი პაროდონტოზის საწყისი ეტაპია.

• არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიამდე. მისი ნიშნებია თავის ტკივილები, ტკაცუნი პირის გაღების დროს და საღეჭი კუნთების ტკივილი.

• მჭიდროდ მდგომი კბილების გამო ირღვევა სრულფასოვანი ჰიგიენა, რაც თავისთავად იწვევს კარიესს და მის გართულებებს.

• ასაკის მატებასთან ერთად მატულობს კბილების პათოლოგიური ცვეთა, რაც შემდგომში იწვევს სახის ქვედა მესამედის შემცირებას, ეს თავის მხრივ აჩქარებს დაბერების პროცესს.

• არასწორი თანკბილვა ერთ-ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავის დაავადებების განვითარების.
• სახის ესთეტიკის დარღვევა მნიშვნელოვანი პრობლემაა არასწორი თანკბილვისა და კბილთა დგომის დროს.

ორთოდონტია და პაციენტის ასაკი

ორთოდონტიისათვის პაციენტის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მოზრდილებში მკურნალობის პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია.

Read Full Post »