Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლორწოვანი გარსი’

ზოგიერთი ენდოკრინული დარღვევის სტომატოლოგიურ გამოვლინებას დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ისინი წინ უსწრებენ საერთო კლინიკური სურათის განვითარებას.

შაქრიანი დიაბეტი. დაავადება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს, როგორც მთლიანად ორგანიზმის ასევე პირის ღრუზე მდგომარეობაზე. მას საფუძვლად უდევს უპირატესად ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. თუმცა, მოგვიანებით შეინიშნება ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლაც. პირის ღრუს ცვლილებები ხშირად დაავადების პირველი ნიშანია.

რა სტომატოლოგიური დაავადებებისკენაა მიდრეკილი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი?

დიაბეტიან პაციენტებს აქვთ შემდგომი დარღვევების განვითარების რისკი:

  • პირის ღრუს სიმშრალე. არაკონტროლირებადი დიაბეტისას ნერწყვის გამოყოფა შემცირებულია. შედეგად ვითარდება პირის ღრუს სიმშრალე. რომელიც თავის მხრივ იწვევს ტკივილს, წყლულებს, ინფექციას და კარიესს.
  • ღრძილების ანთება (გინგივიტი პაროდონტიტი). ლეიკოციტების ფუნქციის დარღვევის გარდა დიაბეტი იწვევს სისხლძარღვების კედლების გასქელებას, შედეგად ნელდება საკვები ნივთიერებების ქსოვილებამდე მიტანის და იქიდან მეტაბოლიზმის პროდუქტების გატანის პროცესი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ორგანიზმის ბრძოლის უნარიანობა კლებულობს. დიაბეტიან პაციენტებში პაროდონტიტით დაავადების სიხშირე 90% აღწევს. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების ფონზე წარმოშობილი პაროდონტიტი კბილების დაკარგვის და ყბა-კბილთა სისტემის მოშლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ამას გარდა პაროდონტის დაავადება ყველაზე დამანგრევლად მოქმედებს მთელს ორგანიზმზე, რადგან მუდამ ხდება ინფიცირებული ნერწყვის გადაყლაპვა.
  • პირის ღრუში ქსოვილების ცუდი შეხორცება. უკონტროლი დიაბეტის მქონე პაციენტებს ქირურგიული ოპერაციების ან სხვა სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარების შემდგომ შეხორცების პროცესი მიმდინარეობს ნელა.
  • პირის ღრუს კანდიდოზი (რძიანა).  დიაბეტიანი პაციენტები, რომლებიც  სხვადასხვა ინფექციებთან საბრძოლველად ხშირად იღებენ ანტიბიოტიკებს, წარმოადგენენ სოკოვანი დაავადების განვითარების მაღალ რისკ ჯგუფს.
  • პირის ღრუში ან ენაზე წვის შეგრძნება დაკავშირებულია სოკოვან ინფექციასთან.

თუკი დიაბეტიანი პაციენტი ეწევა, გართულებების განვითარების ალბათობა 20-ჯერ იზრდება.

ყველამ არ იცის, რომ არა მარტო დიაბეტი მოქმედებს კბილების მდომარეობაზე, არამედ  პაროდონტალურ ინფექციასაც შეუძლია დიაბეტის დროს გლუკოზის რაოდენობაზე ზემოქმედება. პაროდონტიტის მკურნალობა, რომელიც ამცირებს ბაქტერიების ზემოქმედებას, შედეგად პაროდონტის დაშლას, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირებას. ეს მნიშვნელოვანია რათა იცოდნენ, როგორც პაციენტებმა ასევე მათმა მკურნალმა ექიმებმა, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ნათელი პაროდონტის დაავადებების გამოკვლევის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის მნიშნველობა.

შაქრიანი დიაბეტს (თუკი ის ცუდად კომპენსირებულია) მუდამ თან ახლავს მინერალური ცვლის დარღვევა, ეს კი აისახება ორგანიზმის მაგარი ქსოვილების მდგომარეობაზე. ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილი – კბილის მინანქარია. კბილის კვება ხდება, როგორც პირის ღრუდან, ასევე მიკროსისძლღარღვოვანი წრიდან. მაგრამ მინერალური ცვლის დარღვევა იწვევს ორგანიზმიდან კალცის, ხოლო შემდგომ ფტორის გამორეცხვას.

როდესაც კალცი და ფტორი არასაკმარისი რაოდენობითაა, ემალი ხდება არამყარი. მასში მარტივად აღწევენ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი მჟავეები და ვითარდება კარიესი. ხოლო მისი პროგრესირების დიდი სიჩქარე აიხსნება დენტინის (დენტინი – მინანქარის ქვეშ მდებარე კბილის ქსოვილია) მილაკების გაფართოებით, რაც ამარტივებს ინფიცირების პროცესს.

იმედია დაგარწმუნეთ, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ისეთივე რეგულარული უნდა იყოს, როგორც ენდოკრინოლოგის. სტომატოლოგის არჩევანიც უნდა გაკეთდეს სწორად, რადგან მან უნდა იცოდეს დაავადების სპეციფიაკა.

სტომატოლოგმა უნდა იცოდეს, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს მომატებული აქვთ ტკივილის შეგრძნება, ისინი მალე იღლებიან, მათ დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი.

როდესაც პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსირებული სტადია ორთოპედიული მკურნალობის გადადება ან უარის თქმა არ შეიძლება. ასეთ შემთხვევებში ორთოპედიული მკურნალობა უნდა განისაზღვროს პროთეზის დამზადებით, რომელიც აკმაყოფილებს კბილების იმობილიზაციის და დატვირთვის სწორად გადანაწილების მოთხოვნებს.

დიდი სიფრთხილით უკეთდებათ დიაბეტიან პაციენტებს იმპლანტაცია. თუმცა შაქრიანი დიაბეტი არ გახლავთ იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენება. აქ მნიშვნელოვანია თუ რამდენად კონტროლირებადია პაციენტის სისხლში შაქრის შემცველობა.

კბილის ამოღება შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისათვის სასურველია მოხდეს დილის საათებში, ინსულინის გაკეთების და საუზმის შემდგომ.

კვალიფიცირებული სტომატოლოგი დიაბეტიან პაციენტს შესთავაზებს პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსს. პირველ ყოვლისა ეს გახლავთ რეგულარული ვიზიტები, წელიწადში 3-4 ჯერ. პირის ღრუს დათვალიერება, პროფესიული წმენდა. კბილის ნადები სავსეა მიკროორგანიზმებით.

6 თვეში ერთხელ სასურველია კბილების რემინერალიზაციის ჩატარება. არსებობს რემინერალიზაციის სხვადასხვა მეთოდები. მაგალითად კბილის ზედაპირზე ხდება სხვადასხვა პრეპარატების მოთავსება. გამოიყენება აპლიკაციები, ფისურების ჰერმეტიზაცია.

კბილის ყელის გაშიშვლების ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია პაროდონტის მკურნალობა. მკურნალობის შედეგი დამოკიდებული იქნება თუ რაოდენ დროულად მიმართავს მას პაციენტი.

კბილის ჯაგრისი უნდა იყოს რბილი. სასურველია იხმაროთ 2 სახის კბილის პასტა. ერთი ფტორის და კალცის შემცველი, ერთიც ღრძილებისათვის სამკურნალო ეფექტით. ჯაგრისი სასურველია გამოიცვალოს 2-3 თვეში ერთხელ. კბილები გაიხეხეთ დღეშ 2-ჯერ, ხოლო ყოველი საკვების მიღების შემდგომ გამოივლეთ. სახლის პირობებში რეკომენდებულია სამკურნალო მცენარეების გამოყენებით პირის ღრუს აბაზანები: კალენდულა, სალბი, ქრისტესსისხლა, კრაზანა, ევკალიპტი, კალანჰოეს წვენი და სხვა.

პირის ღრუს პრობლემებს მკურნალობს სტომატოლოგი, მაგრამ აუცილებელია სისხლში შაქრის რაოდენობის დარეგულირება. პირის ღრუში ანთებადი პროცესების თავიდან ასაცილებლად ყველაზე კარგი მეთოდი – სისხლში შაქრის ნორმასთან ახლო მაჩვენებელია.

Read Full Post »