დღეისათვის ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური განვითარების, ძირითადი ნიშანი არის კბილების შეკვრის სახე – თანკბილვა. ყველაზე ხშირი და ოპტიმალურად ფუნქციური ვარიანტი არის ორთოგნათიული თანკბილვა, რომლის დროსაც ზედა კბილები ოდნავ გადმოკბილავენ ქვედებს, მიჩნეულია ნორმად.
იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენად პროპორციულად და ჰარმონიულადაა განვითარებული ყბა-კბილთა სისტემა, ორთოდონტიაში შემუშავებულია სახის ნაწილების გამოკვლევის მეტრული სისტემა (დაფუძნებული გამოთვლებზე). სახის ესთეტიკის გამოკვლევებისას სარგებლობენ 3 საორიენტაციო სიბრტყით და სპეციალური ცეფალომეტრული წერტილებით.
გამოყოფენ თანკბილვის ფორმირების ხუთ ძირითად პერიოდს, თითოეული მათგანის არასწორ მიმდინარეობას, შეიძლება ყბა-კბილთა სისტემის ანომალიები მოჰყვეს.
- ახალშობილობის პერიოდი (დაბადებიდან 6 თვემდე);
- სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბების პერიოდი (6 თვიდან 3 წლამდე), ამ პერიოდში ხდება ყველა სარძევე კბილის ამოჭრა;
- ფორმირებული სარძევე თანკბილვის პერიოდი (3 დან 6 წლამდე). ამ პერიოდში ხდება ყბების ზრდა და მზადება მუდმივი კბილების ამოსაჭრელად;
- შერეული თანკბილვის პერიოდი (6 – 12 წელი), ხასიათდება ყბების აქტიური ზრდით და მუდმივი კბილების ამოჭრით;
- მუდმივი თანკბილვის ფორმირების პერიოდი (12-15 წელი), ამ პერიოდში ყველა დროებითი კბილი იცვლება მუდმივით.
ყბების ზრდისა და კბილების ამოჭრის დარღვევები შეიძლება სხვადასხვა დარღვევების მიზეზი გახდეს. მაგალითად: საჭრელების, ეშვების ან პრემოლარების არ არსებობა, მჭიდროდ დგომა საჭრელების არეში (თუკი ყბის განვითარება შენელდა, ხოლო მუდმივი კბილები ამოიჭრა დიდი ზომის) ან პირიქით – ტრემებისა და დიასთემების ჩამოყალიბება, კბილების დგომის ნორმიდან გადახრა ზედა ან ქვედა ყბაზე. საჭრელი კბილების მიერ ერთ-ერთი ყბის ზედმეტად გადმოკბილვა, ღია თანკბილვის ჩამოყალიბება, რომლის დროსაც საჭრელები საერთოდ არ ეხება ერთმანეთს.
არა სწორი თანკბილვა შეიძლება იყოს:
დისტალური – ზედმეტად განვითარებული ზედა ან განუვითარებელი ქვედა ყბა;
მედიალური – წინ წამოწეული ქვედა ყბა;
ღრმა – ზედა კბილები გადმოკბილავენ ქვედებს მათი სიგრძის ნახევარზე მეტს;
ღია – ზედა და ქვედა ყბის კბილების უმრავლესობა არაა შეხებაში;
ჯვარედინი – ზედა ან ქვედა კბილთა რკალის, ცალმხივი განუვითარებლობა.
დისტოპია – კბილები არ დგანან მათთვის განკუთვნილ ადგილზე.
დღეისათვის არასწორი თანკბილვის მიზეზებში, პირველი ადგილი უკავია გენეტიკურ ფაქტორს. ყბებისა და კბილების აგებულების თავისებურება მემკვიდრეობით გადაეცემათ შვილებს მშობლებისაგან.
მეორე ადგილზეა – გადატანილი ქრონიკული დაავადებები, რომლის დროსაც ხდება, ნორმალური ცხვირით სუნთქვის დარღვევა. ტუჩის, ენისა და ლოყების რბილი ქსოვილები უზრუნველყოფენ მზარდი ყბის ნორმალურ განვითარებას, ხოლო თუ პირი გამუდმებით ღიაა ეს პროცესი ირღვევა.
მავნე ჩვევები – თითის, ენის, ტუჩის წოვა, მატყუარას დიდხნიანი მოხმარებამ აგრეთვე შეიძლება მოახდინოს მავნე ზეგავლენა ყბებისა და კბილების ზრდასა და განვითარებაზე.
არასწორი თანკბილვა არა მარტო ესთეტიური დარღვევაა. ხშირად არასწორი თანკბილვა ხდება მიზეზი სუნთქვის, ყლაპვის, მიმიკისა და საუბრის ფუნქციის დარღვევისა. მან შეიძლება გამოიწვიოს ყელ-ყურის ორგანოების რიგი დაავადებები, გახშირებული მწვავე რესპირატორულ-ვირუსული დაავადებები, ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი, თავის ტკივილები, კუჭისა და სხვა დაავადებები. არასწორი ან არ არსებული თანკბილვისას საჭმლის გუნდა კუჭში ხვდება დაუღეჭავი და არ მუშავდება სათანადოდ. ამას კი მივყავართ შინაგანი ორგანოების დაზიანებამდე.
თანკბილვის ანომალიების მკურნალობა გვიანი არასოდესაა. მისი ჩატარება შესაძლებელია სანამ პირში გაქვთ კბილები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რაც დროულად მიმართავთ მკურნალობას შედეგიც დროული იქნება.