Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გლოსიტი’

გლოსიტი – ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული, ენის ანთებადი დაავადებაა.

რა არის გლოსიტის მიზეზები?

ენის ანთებადი პროცესი შესაძლოა იყოს, როგორც ინფექციის შედეგი, ასევე უფრო სერიოზული სისტემური დაავადების სიმპტომიც. განირჩევა ანთების მწვავე და ქრონიკული ფორმები. გლოსიტს ახლავს ენის ანთება, ფერისა და სტრუქტურის შეცვლა. უყურადღებობის შემთხვევაში გლოსიტს შეიძლება მოჰყვეს პაპილომების (სოკოსებრი წანაზარდების) ჩამოყალიბება ენის ზედაპირზე.

ლოკალური ინფექციის შემთხვევაში, გლოსიტის გამომწვევად გვევლინებიან ბაქტერიები ან ვირუსები (ჰერპეს ვირუსის ჩათვლით), ამასთანავე ინფექციის განვითარებას ხელს უწყობს ენის დამწვრობები, პირის ღრუს და ენის მექანიკური ტრავმები. დამტკიცებულია, რომ გლოსიტის განვითარების რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ნიკოტინი, ალკოჰოლი, ცხელი საკვები, ცხარე სანელებლები, აგრეთვე ალერგიული რეაქციები კბილის პასტაზე, სავლებებზე, პირის ღრუს აეროზოლებზე, კარამელზე.

გლოსიტი შესაძლოა განვითარდეს, ისეთი სისტემური დაავადებების ფონზეც, როგორიცაა რკინადეფიციტური ანემია, წითელი ბრტყელი ლიქენი, B–ვიტამინოდეფიციტური მდგომარეობა, ერითემა, აფთოზი, სიფილისი და ა.შ.
იშვიათ შემთხვევებში გლოსიტის გამომწვევის დადგენა არ ხერხდება.

გლოსიტის სიმპტომები

  • ენის წვა და ანთება.
  • ენა იღებს მკვეთრ წითელ ან ბორდოს ფერს.
  • ანემიის დროს ენა იფარება ბაცი ფერის ნადებით.
  • ენამ შესაძლოა მოიმატოს ზომებში და ხდება რბილი.
  • შეიმჩნევა სირთულეები ღეჭვის, ყლაპვის და საუბრის დროს.

საჭიროა თუ არა ექიმთან მიმართვა?
თუ კი, თქვენ წააწყდით, რომელიმე ზემოჩამოთვლილ სიმპტომს და არ გაგიარათ უახლოეს ერთ დღეში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. ასევე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია სუნთქვის, ყლაპვის ან საუბარის დროს პრობლემების შემთხვევაში.

დიაგნოსტიკა

გლოსიტის სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. სტომატოლოგი დაათვალიერებს თქვენს პირის ღრუს, ენას, დაადგენს პაპილომების არსებობას ან არ არსებობას, დაგისვამთ ზუსტი დიაგნოსტიკისათვის საჭირო კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ ანალიზებს სისტემური დაავადების გამოსავლენად.

გლოსიტების მკურნალობა

ინფექციურ–ანთებადი გლოსიტების შემთხვევაში, პირველ ყოვლისა აუცილებელია ინფექციის გამომწვევის მოშორება. თანამედროვე მედიცინა საკმარისი რაოდენობით ფლობს, გლოსიტების სამკურნალო პრეპარატებს. როგორც წესი, გლოსიტი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების გარდა არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას.

პირველ ყოვლისა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას. იხეხეთ კბილები არა ნაკლებ 2–ჯერ დღეში, ხარისხიანი კბილის პასტით, რომელიც გირჩიათ თქვენმა ექიმმა.
გამომწვევის იდენტიფიკაციის შემდგომ დაგენიშნებათ ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები.

თანამედროვე მკურნალობის ერთ–ერთ გამართლებულ მეთოდად გვევლინება იმუნოკორექტორების დანიშვნა. ამ ჯგუფის პრეპარატები ააქტიურებენ პირის ღრუს ლორწოვანის დაცვით ფუნქციებს, რითაც აძლიერებენ მის ბაქტერიოციდულ აქტივობას.

პროფილაქტიკა

როგორც ცნობილია, უფრო მარტივია დაავადების პროფილაქტიკა, ვიდრე მისი მკურნალობა. ამიტომ „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ რჩევა შემდეგია:

  • დაიცავით კბილების და პირის ღრუს ჰიგიენა
  • რეგულარულად ჩაიტარეთ სტომატოლოგის კონსულტაციები
  • მოერიდეთ აგრესიულ საკვებ პროდუქტებს და ცხარე სანელებლებს
  • მოერიდეთ სიგარეტის და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Advertisements

Read Full Post »