Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბჟენი’

ამბობენ, რომ სტომატოლოგები ყაჩაღები არიან, ატყავებენ საწყალ პაციენტებს. იმასაც ამბობენ, რომ ბჟენის თვითღირებულებას ახუთმაგებენ და აათმაგებენ.

ამას წინათ შემოვიდა პაციენტი, რომელმაც ვერაფრით ვერ გაიგო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს *** ლარის ღირებულების იმპლანტის ჩანერგვაში  სამმაგი ან ოთხმაგი ფასი.

სამწუხაროდ ამგვარი შეკითხვები ხშირია. მაგრამ არსებობს ერთი უნივერსალური პასუხი.

სტომატოლოგი – არ ყიდის ბჟენს, გვირგვინებს და იმპლანტებს. პაციენტი ყიდულობს არა საბჟენი მასალის ნაწილს, არც 200 გრამ ფაიფურს ან ლითონს და არც იმპლანტს – იგი ყიდულობს სამედიცინო მომსახურებას, რომლის ფასიც განისაზღვრება ყველაზე მარტივი ეკონომიური კანონებით – მოთხოვნისა და შეთავაზების თანაფარდობით.

მაგალითისთვის ავიღოთ რა ღირს რამოდენიმე ტუბი საღებავი და ტილო? კაპიკები! მაგრამ რა ეღირება ცნობილი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც ამ მასალებითაა შექმნილი? ხანდახან რამოდენიმე მილიონი დოლარი. მაგრამ რატომღაც არავინ არ ყიდის ნახატს საღებავებისა და ნაჭრის ნაგლეჯის ფასში.

სტომატოლოგიაში, მედიცინაში, კოსმეტოლოგიაში და სხვა ნებისმიერ მომსახურების სფეროში – იგივე სიტუაციაა.

დღეს მინდოდა მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე ბჟენი. უნდა იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ამოვსებული ღრუ არააა.

პირველი კბილის საწყის ეტაპზე ასე გამოიყურება:

სახეზე გვაქვს დენტინის კარიესი. თუ კარგად დააკვირდებით მე-7 კბილის გვერდით (მარჯვენა ქვედა კუთხეში) – მე-8 კბილის შეუხორცებელი ჭრილობაა, ამიტომ მკურნალობა უნდა ჩატარდეს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა ჭრილობაში არაფერი არ მოხვდეს.

კოფერდამით ხდება სამუშაო ზედაპირის იზოლაცია გარშემო ქსოვილებისგან.

ხშირად პაციენტები კითხულობენ: “ამხელაზე, რატომ გამიბურღა სტომატოლოგმა კბილი? სულ ციცქნაზე მქონდა გაფუჭებული?!”

საქმე იმაშია, რომ შედარებით რბილ დენტინში კარიესი ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე მინანქარში. ამიტომ მინანქარში ე.წ. “შემავალი” ნახვრეტი შესაძლოა იყოს პატარა, მაშინ, როდესაც დენტინის დაზიანება აღწევს გიგანტურ ზომებს. ხანდახან პულპამდეც (ნერვამდე) კი.

კარიესული ღრუ მუშავდება, შემდგომ კი იბჟინება. უნდა გვახსოვდეს, რომ იბჟინება არა ისე ჰაერზე, არამედ ფუნქციური და ესთეტიური მოთხოვნების გათვალისწინებით. ასეთი სამუშაოს საბოლოო რეზულტატი ასე გამოიყურება:

კბილის ფორმა მაქსიმალურად შეესაბამება ბუნებრივი კბილის საღეჭ ზედაპირს.

მეორე კბილი:

საღეჭ ზედაპირზე არსებული დაზიანების გარდა, კარიესი ასევე აღინიშნება საკონტაქტო ზედაპირზე.

კარიესული ღრუს საბოლოო დამუშავება და დაბჟენა ხდება კოფერდამის გამოყენებით.

საბოლოო შედეგი:

ასე გამოიყურება იდეალურად შესრულებული სამუშაო.

როგორც საღებავებით შესაძლოა დაწეროთ ღობეზე რაიმე სიტყვა, პლუს შეცდომებით, ასევე შესაძლებელია შექმნათ ხელოვნების ნიმუში.  ყველაფერი დამოკიდებულია თუ ვის ხელშია საღებავი და ფუნჯი.

Advertisements

Read Full Post »

დაბჟენა, როგორც ღრუს ამოვსების ან დეფექტის დაფარვის პროცესი გულისხმობს სხვადასხვა სახეობის მასალების გამოყენებას. დაბჟენის მიზანია კბილის შიდა სტრუქტურების ჰერმეტული შევსება და გარემოსგან იზოლაცია, კბილის ფორმის ფუნქციისა და ფერის აღდგენა.

დანიშნულების მიხედვით თანამედროვე საბჟენი მასალები იყოფა 4 ჯგუფად: მასალები კბილის პირდაპირი და არაპირდაპირი დაბჟენისათვის, ჰერმეტიკები და მასალები ფესვთა არხების დაბჟენისათვის.

მასალები კბილების პირდაპირი დაბჟენისათვის:

1. დროებით საბჟენი მასალები;

2. სასარჩულე მასალები;

3. მუდმივი საბჟენი მასალები;

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

დროებით საბჟენ მასალებს იყენებენ მაშინ, როდესაც შეუძლებელია კბილის მკურნალობა ერთ ვიზიტზე. მათ იყენებენ ხანმოკლე დროით კბილის მაგარი ქსოვილების დეფექტების ჰერმეტულად დახურვის ან ამოვსების მიზნით. ბჟენის დადების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ სახვევებს და დროებით ბჟენებს. სახვევებს ადებენ 1-14 დღის ვადით, ხოლო დროებით ბჟენებს – რამოდენიმე კვირიდან ნახევარ წლამდე ვადით. დღეისათვის უკვე შექმნილია სხივგამყარებადი დროებითი მასალები, რომლებიც გამოირჩევა შეტანის და ამოღების სიმარტივით.

სასარჩულე მასალის დანიშნულებაა შუალედური ფენის შექმა ძირითად საბჟენ მასალასა და კბილის ქსოვილებს შორის. მოცემული ფენის შექმნის აუცილებლობა განპირობებულია ბიოლოგიური, ესთეტიკური, სიმტკიცის ასპექტებით. სარჩული ასრულებს მაცალკევებელ (საიზოლაციო) ფუნქციას. სასარჩულე მასალები თავის მხრივ იყოფა სამკურნალო და საიზოლაციო სარჩულებად.

სამკურნალო სარჩული ასრულებს თერაპიულ და დამცავ ფუნქციას, უპირველეს ყოვლისა, კბილის ცოცხალი პულპის (ნერვი) მიმართ.

მასალები კბილების მუდმივი დაბჟენისათვის 

დღეისათვის სტომატოლოგიის ბაზარზე უამრავი თანამედროვე საბჟენი მასალაა. რომლებიც გამორჩევა მაღალი სიმტკიცით და უსაფრთხოებით. მათ იყენებენ კბილების აღსადგენად მათ შორის კარიესით დაზიენების შემთხვევაში.

შემადგენლობის მიხედვით მუდმივი ბჟენები იყოფა:

1. ცემენტის – დღეისათვის ყველაზე პოპულარულია მინაიონომერული ცემენტი, იგი უზრუნველყოფს კბილის სტრუქტურის შენარჩუნებას მისი რემინერალიზაციის შედეგად და ამასთან აკმაყოფილებს ესთეტიურ პარამეტრებს.

2. ლითონის-ამალგამა – უწოდებენ ერთი ან რამდენიმე ლითონის შენადნობს ვერცხლისწყალთან. ყველა ამალგამა ხასიათდება მაღალი მექანიკური თვისებებით, მაგრამ მისი ფერი ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას. დღეისათვის საქართველოში მე რამდენადაც ვიცი არ კეთდება ამ სახის ბჟენები, თუმცა ალბათ ყველას უნახავს დასავლეთში აქტიურად გამოიყენება,  დაზღვეულ პაციენტებს მხოლოდ ამ ბჟენს უკეთებენ.

3. პოლიმერული საბჟენი მასალები:

  • პლასმასები – სტომატოლოგიაში პლასტმასებს ტრადიციულად უწოდებენ ისეთ მასალებს, რომელთა საფუძველია აკრილის ან ეპოქსიდის მონომერები. ისინი ხასიათდება მონომერის დაბალი მოლეკულური მასით, ტოქსიკურობით, ნაკლები სიმტკიცით, არასტაბილური ფერით, ხოლო ცვეთისა და წყლის შთანთქმის მაღალი მაჩვენებლების გამო, პირის ღრუში ისინი შეიძლება გახდნენ ზოგიერთი სახეობის მიკროორგანიზმების განვითარების შესაფერისი არე.
  • ქიმიური აქტივაციის კომპოზიტები (ქიმიური, თვითგამყარებადი). ძირითადად წარმოდგენილია პასტა-პასტა სისტემით. ერთი კომპონენტი შეიცავს ქიმიურ აქტივატორს, ხოლო მეორე – პოლიმერიზაციის ინიციატორს. მათი შერევით წარმოიქმნება პოლიმერიზაციის რეაქცია.
  • სინათლით გამყარებადი კომპოზიტები (სხივგამყარებადი, ფოტოპოლიმერები, ჰელიომასალები) წარმოადგენენ ერთ კომპონენტიან პასტებს, რომლებიც დამზადებულია და შეფუთულია ქარხანაში. პოლიმერიზაციის რეაქციის ინიცირება ხდება  450-550ნმ ტალღის სიგრძის მქონე ხილული ცისფერი ფერით. სინათლის მოქმედების შედეგად პოლიმერიზაციის ინიციატორი იშლება და იწვევს რეაქციათა კომპლექსის განვითარებას, შედეგად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები და პოლიმერული ჯაჭვები. აღნიშნული ბჟენების უპირატესობა მდგომარეობს ფერების დიდ ასორტიმენტში, მაღალ სიმტკიცეში და საუკეთესო ესთეტიურ ხარისხში. მათი დადებითი თვისებაა ფერის მაღალი მდგრადობა.

კბილის ჩვეულებრივი ბჟენით დაბჟენის გარდა, დაშლილი კბილების შემთხვევაში ხდება მათი აღდგენა წკირის საშუალებით. ეს შესაძლოა იყოს ლითონის ან მინაბოჭკოვანი წკირი. ამისათვის არხი უნდა იყოს დაბჟენილი და წკირის საშუალებით ხდება კბილის არმირება.

კბილის დაბჟენამდე სტომატოლოგი ბურღის საშუალებით ამუშავებს კარიესულ ღრუს. შემდგომ ახდენს მის დეზინფიცირებას და დაბჟენას.

ბჟენი, რომ დიდ ხანს გემსახუროთ სასურველია შემდეგი პირობების შესრულება:

  • დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, გამოიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, დილით ჭამის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.
  • გამოიყენეთ დამატებითი ჰიგიენის საშუალებები: ფლოსი (სტომატოლოგიური ძაფი), კბილთაშუა ჯაგრულები, ან ირიგატორი. მარტო ჯაგრისით თითქმის შეუძლებელია ყველა სივრცის გასუფთავება.
  • წელიწადში ორჯერ ჩაიტარეთ კბილების პროფესიული წმენდა

Read Full Post »

ხშირად ისმის შეკითხვა: „რატომ ამოვარდა ბჟენი?“
და მართლაც, არის შემთხვევები, როდესაც ახალ ჩასმული ბჟენებიც კი ტოვებენ ჩვენს კბილებს უეცრად და მოულოდნელად. მიზეზი რამოდენიმეა.

პირველ რიგში – საბჟენი მასალები, ისინი განსხვავდება ერთმანეთისაგან, თავიანთი თვისებებით. არის მასალები, რომლებიც დროთა განმვალობაში განიცდიან ე.წ. „დაჯდომას“ ანუ მცირდებიან ზომაში. ჩნდება ნაპრალი კბილსა და ბჟენს შორის, სადაც აღწევენ მიკრობები, საკვების ნარჩენები, შედეგად ბჟენის ქვეშ ჩნდება კარიესი.

კარიესული ღრუს არასაკმარისი დამუშავებაც იწვევს კარიესის განვითარებას ბჟენის ქვეშ, ბჟენის ირგვლივ კედლები თხელდება, რაც იწვევს მის ამოვარდნას.

არსებობს სამკურნალო სარჩულები, რომლებიც კბილის კედლებში გამოყოფენ ფტორს და ამცირებენ კარიესის განვითარების შანსს. მათი არ გამოყენების შემთხვევაში ასევე არსებობს ბჟენის ამოვარდნის საშიშროება.

ბჟენის ამოვარდნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ზოგადი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ნივთიერებათა ცვლის და მიკროელემენტების შეწოვის დარღვევას. აღნიშნული მოვლენა ხელს უწყობს კბილის კედლების დასუსტებას და კარიესის განვითარებას.

ჰიგიენის დარღვევა ასევე ხელს უწყობს ბჟენის ამოვარდნას. ჩნდება ნადები, რომელიც იწვევს კბილის ქსოვილების დაზიანებას და კარიესის განვითარებას.

ასევე ბჟენის ამოვარდნის და კედლების გახეთქვის მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორად დაგეგმილი მკურნალობა. როდესაც კბილის კედლები დათხელებულია, ხოლო ბჟენი იკავებს დიდ მოცულობას, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კბილის ხელოვნური გვირგვინით დაფარვა.

მაშასადამე ობიექტური, ბუნებრივი და საკუთარი კბილების მოვლის სიზარმაცის გარდა არსებობს კლინიკის სწორად შერჩევის პრობლემაც.

რა თქმა უნდა, ბუნებას წინ ვერ აღუდგებით, ხოლო მეათასედ „გაიხეხეთ კბილები-ს“ თქმაც არ მინდა. მაგრამ თუკი თქვენთვის სულერთი არ არის სად იმკურნალოთ კარგად დაფიქრდით სტომატოლოგის და კლინიკის შერჩევისას.

Read Full Post »