Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბჟენები’

დაბჟენა, როგორც ღრუს ამოვსების ან დეფექტის დაფარვის პროცესი გულისხმობს სხვადასხვა სახეობის მასალების გამოყენებას. დაბჟენის მიზანია კბილის შიდა სტრუქტურების ჰერმეტული შევსება და გარემოსგან იზოლაცია, კბილის ფორმის ფუნქციისა და ფერის აღდგენა.

დანიშნულების მიხედვით თანამედროვე საბჟენი მასალები იყოფა 4 ჯგუფად: მასალები კბილის პირდაპირი და არაპირდაპირი დაბჟენისათვის, ჰერმეტიკები და მასალები ფესვთა არხების დაბჟენისათვის.

მასალები კბილების პირდაპირი დაბჟენისათვის:

1. დროებით საბჟენი მასალები;

2. სასარჩულე მასალები;

3. მუდმივი საბჟენი მასალები;

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

დროებით საბჟენ მასალებს იყენებენ მაშინ, როდესაც შეუძლებელია კბილის მკურნალობა ერთ ვიზიტზე. მათ იყენებენ ხანმოკლე დროით კბილის მაგარი ქსოვილების დეფექტების ჰერმეტულად დახურვის ან ამოვსების მიზნით. ბჟენის დადების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ სახვევებს და დროებით ბჟენებს. სახვევებს ადებენ 1-14 დღის ვადით, ხოლო დროებით ბჟენებს – რამოდენიმე კვირიდან ნახევარ წლამდე ვადით. დღეისათვის უკვე შექმნილია სხივგამყარებადი დროებითი მასალები, რომლებიც გამოირჩევა შეტანის და ამოღების სიმარტივით.

სასარჩულე მასალის დანიშნულებაა შუალედური ფენის შექმა ძირითად საბჟენ მასალასა და კბილის ქსოვილებს შორის. მოცემული ფენის შექმნის აუცილებლობა განპირობებულია ბიოლოგიური, ესთეტიკური, სიმტკიცის ასპექტებით. სარჩული ასრულებს მაცალკევებელ (საიზოლაციო) ფუნქციას. სასარჩულე მასალები თავის მხრივ იყოფა სამკურნალო და საიზოლაციო სარჩულებად.

სამკურნალო სარჩული ასრულებს თერაპიულ და დამცავ ფუნქციას, უპირველეს ყოვლისა, კბილის ცოცხალი პულპის (ნერვი) მიმართ.

მასალები კბილების მუდმივი დაბჟენისათვის 

დღეისათვის სტომატოლოგიის ბაზარზე უამრავი თანამედროვე საბჟენი მასალაა. რომლებიც გამორჩევა მაღალი სიმტკიცით და უსაფრთხოებით. მათ იყენებენ კბილების აღსადგენად მათ შორის კარიესით დაზიენების შემთხვევაში.

შემადგენლობის მიხედვით მუდმივი ბჟენები იყოფა:

1. ცემენტის – დღეისათვის ყველაზე პოპულარულია მინაიონომერული ცემენტი, იგი უზრუნველყოფს კბილის სტრუქტურის შენარჩუნებას მისი რემინერალიზაციის შედეგად და ამასთან აკმაყოფილებს ესთეტიურ პარამეტრებს.

2. ლითონის-ამალგამა – უწოდებენ ერთი ან რამდენიმე ლითონის შენადნობს ვერცხლისწყალთან. ყველა ამალგამა ხასიათდება მაღალი მექანიკური თვისებებით, მაგრამ მისი ფერი ნამდვილად ვერ უძლებს კრიტიკას. დღეისათვის საქართველოში მე რამდენადაც ვიცი არ კეთდება ამ სახის ბჟენები, თუმცა ალბათ ყველას უნახავს დასავლეთში აქტიურად გამოიყენება,  დაზღვეულ პაციენტებს მხოლოდ ამ ბჟენს უკეთებენ.

3. პოლიმერული საბჟენი მასალები:

  • პლასმასები – სტომატოლოგიაში პლასტმასებს ტრადიციულად უწოდებენ ისეთ მასალებს, რომელთა საფუძველია აკრილის ან ეპოქსიდის მონომერები. ისინი ხასიათდება მონომერის დაბალი მოლეკულური მასით, ტოქსიკურობით, ნაკლები სიმტკიცით, არასტაბილური ფერით, ხოლო ცვეთისა და წყლის შთანთქმის მაღალი მაჩვენებლების გამო, პირის ღრუში ისინი შეიძლება გახდნენ ზოგიერთი სახეობის მიკროორგანიზმების განვითარების შესაფერისი არე.
  • ქიმიური აქტივაციის კომპოზიტები (ქიმიური, თვითგამყარებადი). ძირითადად წარმოდგენილია პასტა-პასტა სისტემით. ერთი კომპონენტი შეიცავს ქიმიურ აქტივატორს, ხოლო მეორე – პოლიმერიზაციის ინიციატორს. მათი შერევით წარმოიქმნება პოლიმერიზაციის რეაქცია.
  • სინათლით გამყარებადი კომპოზიტები (სხივგამყარებადი, ფოტოპოლიმერები, ჰელიომასალები) წარმოადგენენ ერთ კომპონენტიან პასტებს, რომლებიც დამზადებულია და შეფუთულია ქარხანაში. პოლიმერიზაციის რეაქციის ინიცირება ხდება  450-550ნმ ტალღის სიგრძის მქონე ხილული ცისფერი ფერით. სინათლის მოქმედების შედეგად პოლიმერიზაციის ინიციატორი იშლება და იწვევს რეაქციათა კომპლექსის განვითარებას, შედეგად წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები და პოლიმერული ჯაჭვები. აღნიშნული ბჟენების უპირატესობა მდგომარეობს ფერების დიდ ასორტიმენტში, მაღალ სიმტკიცეში და საუკეთესო ესთეტიურ ხარისხში. მათი დადებითი თვისებაა ფერის მაღალი მდგრადობა.

კბილის ჩვეულებრივი ბჟენით დაბჟენის გარდა, დაშლილი კბილების შემთხვევაში ხდება მათი აღდგენა წკირის საშუალებით. ეს შესაძლოა იყოს ლითონის ან მინაბოჭკოვანი წკირი. ამისათვის არხი უნდა იყოს დაბჟენილი და წკირის საშუალებით ხდება კბილის არმირება.

კბილის დაბჟენამდე სტომატოლოგი ბურღის საშუალებით ამუშავებს კარიესულ ღრუს. შემდგომ ახდენს მის დეზინფიცირებას და დაბჟენას.

ბჟენი, რომ დიდ ხანს გემსახუროთ სასურველია შემდეგი პირობების შესრულება:

  • დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა, გამოიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ, დილით ჭამის შემდეგ და საღამოს ძილის წინ.
  • გამოიყენეთ დამატებითი ჰიგიენის საშუალებები: ფლოსი (სტომატოლოგიური ძაფი), კბილთაშუა ჯაგრულები, ან ირიგატორი. მარტო ჯაგრისით თითქმის შეუძლებელია ყველა სივრცის გასუფთავება.
  • წელიწადში ორჯერ ჩაიტარეთ კბილების პროფესიული წმენდა

Read Full Post »