Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბავშვთა სტომატოლოგია’

სტომატოლოგიის რომელ განხრაზე გაინტერესებთ ინფორმაციის მიღება?

Advertisements

Read Full Post »

თავიდან პატარა კლასიფიკაცია:

პირობითად სტომატოლოგთან მიმავალი ყველა ბავშვი შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  1. რომლებიც საერთოდ არ არიან სტომატოლგთან ნამყოფები
  2. რომლებიც იყვნენ და მიიღეს უარყოფითი ემოციები
  3. რომლებიც იყვნენ სტომატოლოგთან და დარჩნენ კმაყოფილები.

ბოლო ჯგუფს არ შევეხებით, მათთან არც მშობლებს და არც ექიმს არანაირი პრობლემები არ ექმნებათ. მინდა ვისაუბროთ პირველ ორ ჯგუფზე, მათთან მუშაობა პრინციპულად განსხვავებულია. ჩვენი ამოცანაა პირველი და მეორე ჯგუფიდან ბავშვები გადავიყვანოთ მესამე ჯგუფში. მაგრამ როგორ?

პირველ რიგში რა უნდა ვიცოდეთ

თუკი გეშინიათ თქვენ, ეშინია ბავშვსაც. ამიტომ აუცილებელია დასძლიოთ საკუთარი შიში. თუკი ეს არ გამოგდით ბავშვის წაყვანა დაავალეთ მას ვისაც არ ეშინია: მეუღლეს, ბებიას, ბაბუას და ა.შ.

სტომატოლოგთან ვიზიტი ბავშვისთვის  – სტრესია. თუკი მას დამატებით ეუბნებიან ან რაიმეთი მიანიშნებენ ბავშვის წარმოდგენა ამას გააბუქებს და ცუდად იმოქმედებს. ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტს უნდა მოეკიდოთ, როგორც ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენას. მაგალითად, როგორც მაღაზიაში წასვლას.

აბსოლუტურად უკონტაქტო ბავშვები არ არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებთანაც რთულია საკონტაქტო გზების მონახვა.

არ შეიძლება სტომატოლოგებით (და საერთოდ ექიმებით) დაშინება. ფრაზები: „თუ კბილებს არ გაიხეხავ, წაგიყვან სტომატოლოგთან“, მხოლოდ გააუარესებენ სიტუაციას. ბავშვი აღარც კბილებს გაიხეხავს და სტომატოლოგთანაც არ წამოვა.

არ შეიძლება ბავშვის შექება კლინიკაში მოწყობილი აურზაურისათვის. მაგ: „აი რა უქენით ექიმს“, ან „უჰ, როგორ კარგად უკბინე თითზე“. აღტაცებით იმის მოყოლა, თუ როგორ „იცელქა“ თქვენმა შვილმა კლინიკაში, ნამდვილად არა საქებარია.

არასდროს არ დაამციროთ ბავშვი ვიზიტისას. ნუ დაემუქრებით სახლში გალახვით და კუთხეში დაყენებით. ამით უკეთესს ვერ იზამთ, მხოლოდ დამატებით სტრესს მიაყნებთ მას.

ნუ შეაშინებთ ბავშვს მამით, საშიში ძიათი ან პატრულის თანამშრომლით. იგივე მიზეზით დამატებითი სტრესია.

რაც უფრო ადრე მიიყვანთ ბავშვს სტომატოლოგთან მით უკეთესი.  თქვენი პირმშო არა მარტო მიეჩვევა ექიმს, არამედ აღიქვამს მას, როგორც მისი ცხოვრების ნაწილს.

რაც უფრო ხშირად დაგყავთ ბავშვი სტომატოლოგთან მით უკეთესი.  სად კარიესის დაბჟენა და სად პულპიტის და პერიოდონტიტის მკურნალობა. ეს უკანასკნელები მოითხოვს უფრო მეტ დროს და უფრო შრომატევადია. თან კარიესის მკურნალობა უფრო იაფი ჯდება ვიდრე მისი გართულებების.

ბავშვისათვის ყველაზე მარტივი პროცედურა პროფილაქტიკური დათვალიერებაა. მიუხედავად იმისა აწუხებს თუ არა რამე თქვენს პატარას, ნუ დაიზარებთ სტომატოლოგთან წელიწადში ორჯერ ვიზიტს. ამით არა მარტო აირიდებთ პრობლემებს, არამედ გაუჩენთ მას კარგ ჩვევას.

რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ სტომატოლოგთან სიარული?

ამაზე ზოგადად ბევრი იწერება, ამაზე ჩვენს ადრეულ სტატიებში იყო საუბარი. დასავლეთში, ბავშვთა სტომატოლოგის მიერ პირველი კონსულტაცია, დაბადებიდან მე-3 დღეს ჯერ კიდევ სამშობიაროში ტარდება. აგრეთვე დედას აწვდიან რაიონის სტომატოლოგ-ნეონატოლოგების სიას, რომელთაც შეუძლია მიმართოს მშობელმა კონსულტაციისათვის. მიღებას აწარმოებენ ექიმი-სტომატოლოგი და ექიმი-პედიატრი. დედა ღებულობს კონკრეტულ რჩევებს ბავშვის კვებასთან და ვიზიტებთან დაკავშირებით. პირველი ვიზიტი ტარდება დაბადებიდან მე-12 თვესს და გრძელდება სულ 10 წუთი. მეორე ვიზიტისთვის მშობლებს ეგზავნებათ წერილი კონკრეტული დარიგებებით, თუ, როგორ უნდა შეამზადონ ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტისთვის, რა და როგორ უნდა უთხრან. ამავე

წერილშია ბავშვის ასაკის შესაფერი კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრუნდება კლინიკაში ფაქსის ან იმეილის საშუალებით. წერილის გაანალიზების შემდეგ, ექიმი იბარებს ჯერ მარტო მშობლებს, შემდეგ უკვე – ბავშვთან ერთად. ბავშვის ასაკი მეორე ვიზიტისთვის შეადგენს 1,5 – 2 წელს. შემდგომში პატარა პაციენტის ვიზიტების გრაფიკი დგება დაავადების განვითარებიდან გამომდინარე. ექიმთან ვიზიტი წარმოებს წელიწადში 2ჯერ, იშვიათად 2 თვეში ერთხელ. ესეც „ველური დასავლეთი“. ჩვენს პირობებში ცოტა რთულადაა საქმე. მაგრამ ჩემი აზრით ბავშვთა სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი პირველი კბილების ამოჭრის შემდგომ უნდა მოხდეს. 2-3 წლამდე შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ მიმართოთ სტომატოლოგს. ხოლო 3 წლიდან წელიწადში 2-ჯერ.

მოდით გადავიდეთ ყველაზე რთულ საკითზე – ჯგუფები.

მაშასადამე პირველი ჯგუფი: ბავშვები, რომლებიც არ ყოფილან სტომატოლოგთან.

  1. შეარჩიეთ კლინიკა და სპეციალისტი, რომელსაც ეხერხება ბავშვებთან მუშაობა. არანაირი დიდების ექიმები – ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია, მათ სხვა მიდგომა ესაჭიროებათ. თუკი თქვენ მოხვდებით „ყასაბთან“ და ასეთი შემთხვევები არსებობს, გადაიყვანთ თქვენს შვილს არა მესამე, არამედ მეორე ჯგუფში (საიდანაც გადმოყვანა საკმაოდ რთულია), პირველი ვიზიტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ნუ გააკეთებთ ეკონომიას ექიმზე!
  2. დაივიწყეთ სიტყვები „ჩხვლეტა“, „ბურღვა“, „ამოღება“, „ტკივილი“ და ა.შ. ყველაფერი ამისათვის ბავშვთა სტომატოლოგიაში არსებობს შემდეგი სიტყვები: „კბილის გაყინვა, ან დაძინება“, „კბილების გაფერადება და მოღუტუნება“, „კბილის ამოვარდნა და მორყევა“, „უსიამოვნო შეგრძნება“ და ა.შ.
  3. ჩვეულებრივ ბავშვი დაინტერესდება თუ რატომ მოიყვანეს იგი ამ დაწესებულებაში.  სასურველია უთხრათ, რომ აქ დადიან ყველა მისი ნაცნობები, მეგობრები, მშობლები, ხოლო იგი ჯერ არაა აქ ნამყოფი, რათა მან თავი იგრძნოს ჩვეულებრივ ადამიანად.
  4. შეიძლება სახლში სტომატოლოგობანაც ითამაშოთ აჩვენოთ სარკეში კბილები, აჩვენოთ თქვენი კბილები, გამოძერწოთ ან დახატოთ კბილები და ა.შ.
  5. წინასწარ შეუთანხმდით ექიმს საბრის თემებზე. თუკი თქვენი შვილი გატაცებულია მუსიკით ან აქვს რაიმე ჰობი – ექიმი გაესაბრება ამ თემაზე. სჯობს ექიმი წინასწარ გააფრთხილოთ თუ რა თემაზე არაა სასურველი ბავშვთან საუბარი.
  6. ექიმთან ვიზიტისას მოიქეცით ჩვეულებრივად, არანაირი ზედმეტი ყურადღება და ზეემოციები. ყველაფერი ჩვეულებრივადაა, თითქოს და მიხვედით მაღაზიაში საყიდლებზე. თქვენი ზედმეტი ყურადღება და ფერება ბავშვში გამოიწვევს ეჭვს, რომ თითქოს, რაღაც მტივნეული იწყება. ამიტომ ცოტაოდენი ხასიათის სიმტკიცე და ნაკლები ემოციები.
  7. ხანდახან ბავშვი უნდა გაამხნევოთ, მაგრამ ზედმეტსაც ნუ იზამთ. ნუ ეცემით ხვევნა კოცნით ანესთეზიის გაკეთების შემდგომ. შეიძლება ცრემლი წამოუვიდეს, არაუშავს შეაქეთ უთხარით, თუ როგორი მამაცია, როგორი გმირია, ნამდვილი „სუპერმენია“.
  8. ბავშვს ნუ დაუთმობთ. იყავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანი, თუ კარგად მოიქცა შეაქეთ, თუ ცუდად გაუჯავრდით.
  9. რაც შეეხება საჩუქრებს: „ხშირად მსმენია აი კარგად თუ მოიქცევი გიყიდი აიფონს“. შედეგად მკურნალობა გარკვეული შანტაჟის სახეს იღებს, შემდგომ იგი მოგთხოვთ მაკ-ბუქს, თუ არადა არ წამოგყვებათ.

10. ჩემი აზრით უმჯობესია თუ საჩუქარს აჩუქებს ექიმი. ამიტომ წინასწარ იზრუნეთ საჩუქარზე და მიეცით იგი ექიმს. რომელიც მკურნალობის შემდგომ მას თქვენს პატარას უსახსოვრებს. საჩუქარი სასურველია იყოს ჩვეულებრივი, ისეთი, როგორსაც თქვენ ჩუქნით ხოლმე: მანქანა ან თოჯინა ან სხვა.

11. მკურნალობის შემდგომ შეეკითხეთ მას მოეწონა თუ არა. წესით უნდა მოეწონოს. თუკი არა გამოარკვიეთ მიზეზი და გაითვალისწინეთ შემდგომ ვიზიტზე, სასურველია ეს ინფორმაცია ექიმსაც გაუმხილოთ.  

თუკი ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც სასურველი იყო თქვენი პირმშო მიიღებს მხოლოდ დადებით ემოციებს, გადავა მესამე ჯგუფში და მთელი ცხოვრება იქნება თქვენი მადლიერი.

მეორე ჯგუფი: ბავშვები, რომლებიც იყვნენ უკვე სტომატოლოგთან და მიიღეს უარყოფითი ემოციები

აი ყველაზე რთული ბავშვები. ხანდახან სრულიად უიმედოა მათთან მუშაობა. როგორც წესი მოჰყავთ სერიოზული პრობლემებით, ან იმიტომ, რომ დიდი ხანია არ ყოფილა სტომატოლოგთან ან საერთოდ არ იკეთბს კბილებს. შედეგად სერიოზული დაავადებები ითხოვენ სერიოზულ მკურნალობას, აქედან დამატებით ნერვიულობა, სტრესი და ხარჯები.

  1. თუ შეგიძლიათ მოძებნეთ სხვა ექიმი. თუ ასეთი შესაძლებლობა არ არის, ექიმთან ერთად შეეცადეთ, რომ ახალი ვიზიტი არ დაემსგავსოს წინას, კარგი იქნებოდა გაგერკვიათ თუ არ მოეწონა ბავშვს.
  2. არ გამოიყენოთ სიტყვები, რომლებიც იხმარეთ თქვენ და ექიმმა წინა ვიზიტზე. შეეცადეთ მოიგონოთ სხვა სიტყვები და ასე ჩაანაცვლოთ სასურველი მანიპულაციების მნიშვნელობა.
  3. დაათვალიერებინეთ ბავშვს ყველა ინსტრუმენტი და დანადგარი (რა თქმა უნდა მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გარდა). დარწმუნდეს, რომ ამჯერად არაფერი საშიში არაა.
  4. იყავით მკაცრი. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ სხვა გზა არ არსებობს.
  5. ნუ იჩქარებთ. რაც მეტხანს გრძელდება მკურნალობა უფრო მშვიდად მიმდინარეობს პროცესი.  
  6. მიეცით ბავშვს მაგალითი – აჩვენეთ, თუ როგორ იკეთებთ თქვენ კბილებს, რომ ამაში საშიში და მტკივნეული არაფერია.
  7. პირველი ჯგუფის ყველა პუნქტი მუშაობს აქაც – შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ.

თუკი მკურნალობა ვერ ხერხდება – და ასეთებიც ხდება ხოლმე, – ნუ მიიყვანთ ბავშვს ისტერიკებამდე. ჩაეწერეთ სხვა დროისათვის (აუცილებლად შეუთანხმდით მას, როცა მას სურვილი ექნება). აუცილებლად გამოარკვიეთ თუ რატომ თქვა უარი მკურნალობაზე. ნუ მოგერიდებათ ექიმთან მიხვიდეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ – კარგი ექიმი აუცილებლად გაგიგებთ.

ცოტაოდენი ბავშვთა სტომატოლოგიაზე

  1. ბავშვთა სტომატოლოგია გაცილებით რთულია ვიდრე დიდების.
  2. ყველა მანიპულაცია სასურველია ჩატარდეს ანესთეზიით. ნებისმიერი დიაგნოზი, მათ შორის ბანალური კარიესიც სასურველი გაკეთდეს ანესთეზიით.
  3. რენტგენო-დიაგნოსტიკა ბავშვებში ისეთივე აუცილებელია, როგორც დიდებში.
  4. ყველა სტომატოლოგს არ აქვს ბავშვებთან მუშაობის არც ცოდნა და არც გამოცდილება. ამიტომაც არსებობს ბავშვთა სტომატოლოგი.
  5. ბავშვებისათვის არსებობს სპეციალური ბჟენები და სამკურნალო საშუალებები.
  6. ბავშვთა სტომატოლოგია ერთ ადგილზე არ დგას, იგი ვითარდება.
  7. ძირითადი პრობლემები მოსდევს ცუდ ჰიგიენას და კბილების გახეხვის უცოდინარობას.
  8. კბილების მკურნალობა ზოგადი ნარკოზით უფრო მავნეა ვიდრე სასარგებლო.

მადლობთ ყურადღებისათვის, გისურვებთ ჯანმრთელობას!

Read Full Post »

ყველა კლინიკას არ ძალუძს ხარისხიანი ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა. ექიმთან თქვენი შვილის პირველ ვიზიტზეა დამოკიდებული მისი შემდგომი ურთიერთობა სტომატოლოგთან, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს გამოცდილება ძირითადად უარყოფითია.

სტომატოლოგიურ კაბინეტში ვიზიტისას ეყრება საფუძველი ექიმისა და პატარა პაცენტის ურთიერთობებს, თუ როგორ აღძრავს ბავშვში დადებით ემოციებს აუცილებელი პროცედურების მიმართ. ამისათვის მყარდება ფსიქოლოგიური დადებითი კონტაქტი, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განსაზღვრავს ექიმის შემდგომი მოქმედებების მოდელს.

პირველ რიგში ეს ბაშვის ასაკია, ყოველ ასაკობრივ პერიოდში ბავშვი სამყაროს აღიქვამს თავისებურად. ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად რთულია 2-5 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება. ეს ასაკობრივი ჯგუფი როგორც წესი პირველადაა სტომატოლოგთან და ყველაზე ნაკლებ კონტაქტურები არიან. მათ ჯერ არ ძალუძთ ზუსტად გადმოსცენ მიღებული უარყოფითი ემოციები. ბავშვების მოულოდნელი ქცევებიდან გამომდინარე ექიმს უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება, როგორც სტომატოლოგს ასევე ბავშვთა ფსიქოლოგს.

შემდგომი ასაკობრივი ჯგუფი 5-11 წლამდეა, ამ პერიოდში ბავშვს უკვე უჩნდება ლოგიკური აზროვნება, რაც ამარტივებს ექიმის მუშაობას. უფრო თავშეკავებული მოქცევა, ნდობა და ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი აქრობს სტომატოლოგიური კაბინეტის მიმართ დისკომფორტის შეგრძნებას.

11-14 წლამდე მოზარდის პერიოდი ავლენს უკვე საკმაოდ მაღალ ინტელექტის დონეს. ექიმისა და ბავშვის ურთიერთობა გადადის ურთიერთ თანამშრომლობის და გაგების ფაზაში.

პედიატრიულ სტომატოლოგიაში მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ექიმთან ურთიერთობის მიხედვით იყოფიან სამ ჯფუფად. პირველი – ბავშვები, რომლებიც მარტივად შედიან კონტაქტში და სრულყოფილად ასრულებენ ექიმის ინსტრუქციებს, მეორე – ბავშვები, რომლებსაც შესაძლოა დააძალო ან დაიყოლიო ექიმთან კონტაქტზე, მესამე – ბავშვები, რომლებიც კატეგორიულად უარს აცხადებენ ექიმთან კონტაქტზე. აქედან გამომდინარე ექიმ-სტომატოლოგს შესაძლოა დაჭირდეს ან არ დაჭირდეს მშობლის დახმარება.

მშობლის როლი ექიმთან კონტაქტის დამყარებაზე, ძალზედ მნიშვნელოვანია. მშობლის ყოფნა ბავშვის თხოვნის შემთხვევაში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ აისახება პატარა პაციენტის ქცევაზე და შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენოს მას.

ბავშვებში სტომატოლოგიური მანიპულაციების კარგად შესასრულებლად აუცილებელია რიგი წესების დაცვა:

–         ბავშვის მიმართ კარგად და კეთილგანწყობით იყოს ექიმი.

–         გაითვალისწინოს ასაკი.

–         გაითვალისწინოს ინტელექტუალური განვითარება

–         მოქცევის ტემპერამენტი და სახე.

–         მშობლების დამოკიდებულება.

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვების გასართობი ოთახი, მხიარულად მორთულ სტომატოლოგიურ კაბინეტში მონიტორზე ბავშვის სურვილით ირთვება ანიმაციური ფილმები. ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი რათა თქვენმა პატარამ კარგად იგრძნოს თავი და მიიღოს დადებითი ემოციები.

Read Full Post »

დაახლოებით 20 წლის წინ შვეციაში მომავალი თაობის სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით სტარტი აიღო საერო პროგრამამ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პროგრამა ძირითადად მიმართლი იყო არა პატარა შვედებზე არამედ მათ მშობლებზე. მის ფარგლებშე უფროსებს ასწავლიდნენ თუ, როგორ უნდა ეხეხათ კბილები პატარებისათვის. მნიშვნელოვანი მომენტია, რომ კბილების ხეხვა უნდა დაეწყოთ პირველი კბილის ამოსვლისთანავე. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა გადავჭრათ რამოდენიმე საკითხი. პირველ რიგში – დავიცვათ ბავშვების კბილები ნადებისაგან, რომელიც კბილების
დაზიანების ძირითადი მიზეზია. მეორე – ყურადღება ექცევა ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენას მანამ სანამ ის თავად არ შეძლებს კბილების გამოხეხვას.


შედეგი? შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში შვეციაში გაიზარდა ახალგაზრდობა, რომლებმაც არ იციან რა არის ბორმანქანა.

ეს კი უნდა ვაღიაროთ დიდი მიღწევაა…

Read Full Post »

შეცდომა: ბავშვის კბილის მკურნალობა სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკებში ძალიან ძვირია.

სინამდვილეში: პირველი შეხედვით შესაძლოა ასეც მოგეჩვენოთ. თუკი არ ჩათვლით თუ რამდენ დროსა და თანხებს დაზოგავთ მომავალში. რას იტყვით თუკი თქვენს შვილს გაჰყვა სტომატოლოგის შიში დიდობაში და მისი ვიზიტი ექიმთან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ტკივილის აუტანლობით გახდა აუცილებელი, რა დაგიჯდებათ ასეთი აუცილებელი მისვლა? ადვილი გამოსათვლელია, რომ დროული პროფილაქტიკა სპეციალიზირებულ კლინიკებში უფრო მომგებიანი ფინანსური და მორალური თვალსაზრისითაც.

შეცდომა: ბავშვებისათვის არა აუცილებელი სპეციალური კბილის პასტების გამოყენება. შეგვიძლია ნებისმიერის გამოყენება.

სინამდვილეში: ბავშვის კბილების გაწმენდა აუცილებელია სპეციალური საბავშვო პასტით, რომლებიც შექმნილია სარძევე კბილებისათვის. პასტები გემრიელია და რაც მთავარია, შეიცავენ დამცავ მინერალებს.

კბილების ხეხვა უნდა დავიწყოთ მათი ამოჭრისთანავე. თავიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ თითზე ჩამოცმული სილიკონის ჯაგრისი, ხოლო 1 წლის ასაკისათვის უკვე შესაძლოა სპეციალური სათამაშო ჯაგრისის მოხმარება. ასეთი კბილის ჯაგრისი აღჭურვილია შესაბამისი ზომის, რბილი ჯაგრულებით, ხოლო სათამაშოს შეუძლია ეს პროცესი თამაშად აქციოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ხეხვა – დღეში ორჯერ, სწორი მიმართულებებით.

შეცდომა:  რა მნიშვნელი აქვს რამდენად სწორად იკვებება, მთავარია ხომ საკმარისად ჭამს.

სინამდვილეში: ბავშვის კბილების დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. რათა ავარიდოთ ბავშვი ამგვარ პრობლემებს, აუცილებელია თავიდანვე იკვებოს ბავშვმა დედის რძით. დედის რძე – საკვები და თავდაცვითი ნივთიერებების ყველაზე ძვირფასი წყაროა. უფრო მნიშვნელოვანია თუ, როგორ იღებს ამ ნივთიერებებს ბავშვი. ამისათვის თქვენი ჩვილი დიდ ენერგიას ხარჯავს, რაც აუცილებლია ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ბავშვის ორგანიზმის განვითარებისათვის დიდი როლი აკისრიათ რძის პროდუქტებს, რადგან აწვდიან კალცს – კბილებისა და ძვლების ძირითად ელემენს. ასე, რომ რძის პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის რაციონში, განსაკუთრებით 3 წლამდე პერიოდში, როდესაც მთავრდება მუდმივი კბილების ჩასახვა და ჩანასახების ფორმირება. სიტყვამ მოიტანა და არსებობს მშობლების კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, როდესაც ბავშვებს ძილის წინ კვებავენ ტკბილეულით ან აძლევენ ტკბილ წვენებს, განსაკუთრებით ღამე. ამან შესაძლოა გამოიწვიო სარძევე კბილების კარიესი.

შეცდომა: ექიმს უნდა მივმართოთ მხოლოდ ტკივილის ან სხვა სტომატოლოგიური პრობლემების შემთხვევაში

სინამდვილეში: ამ საშინელ შეცდომას სერიოზული პრობლემები მოჰყვება. პირველად ბავში სტომატოლოგთან უნდა მივიყვანოთ ერთი წლის ასაკში, შემდგომ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე, ხოლო თუკი აღმოაჩნდა რაიმე სახის პრობლემები სამ თვეში ერთხელ ან ექიმის დანიშნულების და მიხედვით. შედეგად ყველა პრობლემა ჩანასახშივე იქნება აღმოფხვრილი. ბავშვებში, ხომ პათოლოგიური პროცესები ელვის სისწრაფით ვითარდება, ხოლო მათი დროული დიაგნოსტიკა საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ მარტივი, სწრაფი, უმტკივნეულო და იაფი მკურნალობა. ამასგარდა კბილების პროფილაქტიკური შემოწმება ბავშვებში არ იწვევს შიშის გრძნობას, იგი გრძნობს, რომ საშიში არაფერია.

შეცდომა: ბოთლის კარიესის ყველასე საუკეთესო მკურნალობა – მოვერცხლვაა.

სინამდვილეში:  ამ მეთოდის ეფექტურობა არაა დამტკიცებული ფართომაშტაბიანი სტომატოლოგიური კვლევებით. სტომატოლოგების უმრავლესობა სწორად მიიჩნევს მოვერცხლვის მეთოდის გამოყენებას ისეთ შემთხვევებში როდესაც კლინიკას არააქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები. საქმე იმაშია, რომ მოვერცხლვა ეფექტურია მხოლოდ საწყისი კარიესი შემთხვევაში, თუკი კარიესმა მიაღწია ღრმა შრეებს აღნიშნული მეთოდი ვეღარ დაგვეხმარება. ამ მეთოდის სხვა ნაკლი მდგომარეობს მის არაესთეტიკურობაში. ვერცხლი მალე შავდება და ბავშვს რცხვენია მისი ღიმილის. თანამედროვე სტომატოლოგიამ შეიმუშავა უამრავი კარიესის საწინააღმდეგო მეთოდი: ფტორირება, ფისურების ჩაბეჭდვა და ა.შ.

შეცდომა: კბილების ამოჭრას მუდამ ახლავს მაღალი ტემპერატურა, წუხილი, კუჭის აშლილობა და სხვა ფაქტორები

სინამდვილეში: ბავშვების დიდ ნაწილში ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. თუმცა ხშირია გაღიზიანების პერიოდები, ტკივილები, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევები. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ამ პროცესს ახლდეს ძლიერი ტკივილებიც. ასეთ შემთხვევაში სასურველია მშობელმა გაიაროს კონსულტაცია პედიატრთან ან ბავშვთა სტომატოლოგთან. რაც შეეხება სიცხეს იგი შესაძლოა ღრძილების შეშუპებით იყოს განპირობებული. მიუხედავად ყველაფრისა მაღალი სიცხეს და კუჭის აშლილობას არ იწვევს კბილების ამოჭრა. ასე, რომ ასეთ შემთხვევაშიც სასურველია სტომატოლოგის ან პედიატრის კონსულტაცია, ვინაიდან შესაძლებელია ამას სხვა მიზეზიც ჰქონდეს.

Read Full Post »

სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას, აქვს არასრული და უმეტესად არასწორი წარმოდგენა ბავშვთა სტომატოლოგიაზე. მიზეზად გვევლინება ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული მცდარი შეხედულებები. მოდით განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი და შევაფასოთ.

შეცდომა: სარძევე კბილების მკურნალობა არაა საჭირო, მაინც მოსაცვლელია.

სინამდვილეში: ზუსტად, რომ სარძევე კბილების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების მდგომარეობა. დაავადებების უმრავლესობა სარძევე კბილებიდან გადადის მუდმივებზე. ასეთ შემთხვევაში კი მათი ამოჭრისას ისინი უკვე დაზიანებულია. მეორე პრობლემა დაკავშირებულია სარძევე კბილების არასწორ განლაგებასთან. მან კი შესაძლოა გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა უკვე მოზრდილ ასაკში. შედეგად ბავშვს უჩნდება კომპლექსები, რაც უარყოფითად იმოქმედებს მის ჩამოყალიბებაზე და მთლიანად ცხოვრებაზე. ამიტომ კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასურველია დაიწყოთ ამოჭრისთანავე.

შეცდომა: ნებისმიერ სტომატოლოგს, შეუძლია ბავშვის კბილების მკურნალობა. ამიტომ არა აუცილებელი ბავშვთა სტომატოლოგთან მიმართვა.

სინამდვილეში:  ბავშვთა სტომატოლოგია – სტომატოლოგიის ცალკე ნაწილია. ბავშვებთან მუშაობისას სტომატოლოგები ხმარობენ სხვა ინსტრუმენტებს, მასალებს და წამლებს. ამასგარდა ყველა სტომატოლოგს არ შეუძლია ბავშვებთან მუშაობა. საერთოდ ბავშვთა სტომატოლოგების მიმართ მოთხოვნებიც მეტია, კარგი სტომატოლოგის გარდა იგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. რათა იოლად დაამყაროს ბავშვებთან კონტაქტი, ხოლო მკურნალობას ატარებდეს ტკივილისა და ტირილის გარეშე. ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუკი პირველი ვიზიტი მხოლოდ დადებითი ემოციებით დატვირთული იქნება, შემდგომში ბავში სიხარულით გამოგყვებათ სტომატოლოგთან.  ასეთიმიდგომა უკვე დიდი ხანია დაინერგა განივითარებულ ქვეყნებში, სადაც სტომატოლოგთან ვიზიტი გარკვეულ დღესასწაულს ემსგავსება. ექიმთან შესვლის წინ ბავშვები ერთობიან სათამაშოებით, კონტაქტობენ სხვა ბავშვებთან, უყურებენ მულტფილმებს, ხატავენ და კითხულობენ წიგნებს, იღებენ სასიამოვნო საჩუქრებს. თვითონ მკურნალობის პროცედურაც არ იწვევს არანაირ პრობლემებს. რაც შეეხება ანესთეზიას გამოიყენება სპეციალური არომატიზებული გელები და სპრეები. ასეთი კლინიკიდან ბავშვი გამოდის დადებითი ემოციებით, ჯანმრთელი კბილებით და ახალი სათამაშოთი. ასეთი ბავშვი, მთელი ცხოვრების მანძილზე შიშის გარეშე ივლის სტომატოლგთან, შეასრულებს ყველა მის დავალებას, რეკომენდაციას და მოუვლის კბილებს.

შეცდომა: კარიესული კბილების მკურნალობას აზრი არააქვს, ჯობია ამოვიღოთ და დაველოდოთ მუდმივის ამოსვლას.

სინამდვილეში: უკვე დიდი ხანია, რაც დამტკიცდა, რომ სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია ბადებს სერიოზულ პრობლემებს. პირველ რიგში დაკავშირებულია მუდმივი კბილის გაძნელებულ ამოჭრასთან. საქმე იმაშია, რომ კბილის ამოღების შემდგომ მეზობელი კბილები იწყებენ გადაადგილებას, წარმოქმნილი სივრცის შესავსებად. ასეთ შემთხვევაში მუდმივი კბილი შესაძლოა ამოიჭრას სხვა ადგილას. რასაც მოჰყვება მოზრდილ ასაკში კბილების გასწორების აუცილებლობა. სარძევე კბილების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს საკვების დამუშავებაზე. ამასთანავე შესაძლოა დაირღვეს თანკბილვის, სახის ჩონჩხის, დიქციის განვითარება და ჩამოყალიბდეს კოსმეტიკური ნაკლი. ყველა ზემო ჩამოთვლილის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ სარძევე კბილების დროულ მკურნალობას.

შეცდომა: ბავშვის თანკბილვაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ, როდესაც იგი დაასრულებს სარძევე კბილების ჩანაცვლებას მუდმივით.

სინამდვილეში: თანკბილვაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ, როგორც კი შეამჩნევთ პრობლემას. არც იფიქროთ, რომ არასწორი თანკბილვა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა. იგი შესაძლოა გახდეს გაცილებით სერიოზული პრობლემების მიზეზი – კბილების, მათი საყრდენი აპარატის და ღრძილების დაზიანება. საქმე მასშია, რომ არასწორად მდგომი და მჭიდროდ მყოფი კბილები კარიესის უფრო ხშირი მსხვერპლია, მათი წმენდის სიძნელეებიდან გამომდინარე. ამასგარდა ასეთ კბილებს სხვა პრობლემებიც ემუქრებათ: მომატებული ცვეთა, არაეფექტური ღეჭვა, დამატებითი სტრესი და ყბის სახსრის დაავადებები, რაც თავის მხრივ იწვევს ქრონიკულ შაკიკს, სახისა და კისრის არეში ტკივილებს, აგრეთვე პრობლემებს კუჭ-ნაწლავის და სასუნთ სისტემებში.  თანამედროვე სტომატოლოგია თანკბილვის ანომალიის აღმოფხვრის საშუალებას იძლევა ნებისმიერ ასაკში. მიუხედავად ამისა სტომატოლოგები მაინცურჩევთ პრობლემის მოგვარებას დროულად, ბავშვთა ასაკში, რადგან მკურნალობის პროცესი ამ დროს გაცილებით მოკლე ხანს გრძელდება. დამტკიცებულია, რომ ბავშვები გაცილებით იოლად ეგუებიან პირის ღრუში არსებულ ორთოდონტიულ კონსტრუქციებს. ამასთან სიამაყითაც კი ატარებენ ფერად-ფერად და სხვადასხვა ფორმის ბრეკეტებს. ორთოდონტიული კონსულტაციის საუკეთესო დრო 6-7 წლის ასაკია. ამ ასაკში ხდება პირველი მუდმივი კბილების ამოჭრა. მათი საშუალებით შესაძლებელია მომავალი პათოლოგიის დროული აღმოჩენა. პრობლემის არსებობისას ორთოდონტი შეძლებს იმოქმედოს კბილების სწორ ზრდაზე, ზრდის სიჩქარეზე და ყბების ზომებზე.

შეცდომა: ორთოდონტიული აპარატები აუშნოებს ბავშვების იერსახეს

სინამდვილეში: დღეისათვის ორთოდონტებს შეუძლიათ მთელი რიგი აპარატების შემოთავაზება. ეს შესაძლოა იყოს მოსახსნელი ფირფიტა, რომელსაც ხმარობენ ძირითადად 6-10 წლის ასაკში, თანკბილვის ჩამოყალიბებისას. შესაძლოა იყოს სპეციალური კაპა-ტრეინერები, რომლებიც ხელს უშლის არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას. გარეგნულად ისინი გვანან ბოქსიორის კაპებს, თუმცა სრულიად გამჭვირვალეა. კაპებს იყენებენ 6-15 წლის ასაკში. ძირითადად ბავშვები კაპებს ატარებენ დღის განმავლობაში 1,5-2 საათი. უფრო მოზრდილ ასაკში 11-12წლისას, როდესაც ფესვების ჩამოყალიბება დასრულებულია მათ განკარგულებაშია ბრეკეტ სისტემები.

შეცდომა: ბრეკეტ-სისტემები დაცინვის საგანს წარმოადგენს

სინამდვილეში: სტომატოლოგები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ უზარმაზარ და მახინჯ ბრეკეტებს. თანამედროვე ბრეკეტ-სისტემები იმდენად სიმპათიური და მრავალფეროვანია, რომ ბავშვები და მოზარდები სიხარულით და კმაყოფილებით ატარებენ მათ. ბრეკეტ სისტემები წარმოადგენს პატარა საკეტებს, რომლებიც ემაგრება კბილებზე გარეთა ან შიგნითა მხრიდან. ამ საკეტებს ერთმანეთთან აერთიანებს ფორმის მახსოვრობის მქონე, თხელი ლითონის რკალი, რომელიც როგორც არ უნდა მოიღუნოს იბრუნებს წინასწარ მდგომარეობას. დღეისათვის ჩვენს კლინიკაში ბავშვს საშუალება აქვს თავად აირჩიოს სასურველი ბრეკეტის ფერი. ამასთანავე შესაძლებელია ბრეკეტებზე სასურველი ცხოველების, სათამაშოებისა და ფორმების მოთავსება. ამასთან გვინდა გაცნობოთ, რომ ბრეკეტები მზადდება სხვადასხვა მასალისაგან და აქვთ განსხვავებული იერსახე. არსებობს ლითონის, პლასტმასის, საფირის და კერამიკული ბრეკეტები.

შეცდომა: ბავშვის კბილების დაბჟენა არ შეიძლება კომპოზიციური ბჟენებით.

სინამდვილეში: ეს სიცრუეა. უბრალოდ სტომატოლოგიურ კლინიკებში არაა საჭირო პირობები, რათა ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში მშვიდად იჯდეს სავარძელში და მიცეს ექიმს საშუალება ნორმალური მუშაობისათვის.

სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკებში კი მკურნალობას ეძლევა თამაშის სახე და დროც სწრაფად გადის. ხოლო დაბჟენისათვის გამოიყენება თანამედროვე, ჰიგიენური, ფერადი და ესთეტიური კომპოზიციური მასალები. ყოველივე მკურნალობას ხდის სახალისოს, ხელს უწყობს ბავშვის მოდუნებას, ხოლო ექიმს ეხმარება კბილის ხარისხიანად მკურნალობაში.

შეცდომა: თუკი ბავშვს დავაშინებთ სტომატოლოგით, იგი უკეთესად მოუვლის პირის ღრუს.

სინამდვილეში: ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. ეს შიში ბავშვსშესაძლოა მოზრდილ ასაკშიც გაჰყვეს. პირიქით ბავშვს გამუდმებით უნდა უნერგავდეთ, რომსტომატოლოგთან ვიზიტი – უვნებელი და სასიამოვნო პროცესიც კია. ასეთი ქცევით ძალიან ბევრქვეყანაში გადაწყდა სტომატოლოგის შიშის პრობლემა. ასეთ ქვეყნებში სტომატოლოგიური მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება, მოსახლეობამ მკურნალობას პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება არჩია, რაც იაფი და მარტივი პროცესია. ჩვენთან სამწუხაროდ ასეთი აღზრდის მეთოდი ჯერ კიდევ ნორმალურად ითვლება. თუმცა თუკი ამ პრობლემას ჩაუღრმავდებით ამაში არა მშობლები არამედ თვითონ ექიმები არიან დამნაშავენი, რომლებმაც პირველივე ვიზიტზე ტკივილი მიაყენეს პატარას და სიძულვილის გრძნობები გაუღვივეს. ასეთ შემთხვევაში სასურველია დროულად გამოიცვალოს სპეციალისტი. გაიკითხეთ მეგობრებში და მეზობლებში ბავშვთა სტომატოლოგი. დაიმახსოვრეთ ადრეულ ასაკში სტომატოლოგთან მიღებული უარყოფითი შთაბეჭდილებები შესაძლოა შეიცვალოს დადებითით, ხოლო როდესაც ბავშვი იზრდება ამის გაკეთება უკვე შეულებელია.

Read Full Post »