Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბავშვები’

ყველა კლინიკას არ ძალუძს ხარისხიანი ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა. ექიმთან თქვენი შვილის პირველ ვიზიტზეა დამოკიდებული მისი შემდგომი ურთიერთობა სტომატოლოგთან, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს გამოცდილება ძირითადად უარყოფითია.

სტომატოლოგიურ კაბინეტში ვიზიტისას ეყრება საფუძველი ექიმისა და პატარა პაცენტის ურთიერთობებს, თუ როგორ აღძრავს ბავშვში დადებით ემოციებს აუცილებელი პროცედურების მიმართ. ამისათვის მყარდება ფსიქოლოგიური დადებითი კონტაქტი, რომლის დროსაც გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორებისა, რომლებიც განსაზღვრავს ექიმის შემდგომი მოქმედებების მოდელს.

პირველ რიგში ეს ბაშვის ასაკია, ყოველ ასაკობრივ პერიოდში ბავშვი სამყაროს აღიქვამს თავისებურად. ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად რთულია 2-5 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება. ეს ასაკობრივი ჯგუფი როგორც წესი პირველადაა სტომატოლოგთან და ყველაზე ნაკლებ კონტაქტურები არიან. მათ ჯერ არ ძალუძთ ზუსტად გადმოსცენ მიღებული უარყოფითი ემოციები. ბავშვების მოულოდნელი ქცევებიდან გამომდინარე ექიმს უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება, როგორც სტომატოლოგს ასევე ბავშვთა ფსიქოლოგს.

შემდგომი ასაკობრივი ჯგუფი 5-11 წლამდეა, ამ პერიოდში ბავშვს უკვე უჩნდება ლოგიკური აზროვნება, რაც ამარტივებს ექიმის მუშაობას. უფრო თავშეკავებული მოქცევა, ნდობა და ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი აქრობს სტომატოლოგიური კაბინეტის მიმართ დისკომფორტის შეგრძნებას.

11-14 წლამდე მოზარდის პერიოდი ავლენს უკვე საკმაოდ მაღალ ინტელექტის დონეს. ექიმისა და ბავშვის ურთიერთობა გადადის ურთიერთ თანამშრომლობის და გაგების ფაზაში.

პედიატრიულ სტომატოლოგიაში მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ექიმთან ურთიერთობის მიხედვით იყოფიან სამ ჯფუფად. პირველი – ბავშვები, რომლებიც მარტივად შედიან კონტაქტში და სრულყოფილად ასრულებენ ექიმის ინსტრუქციებს, მეორე – ბავშვები, რომლებსაც შესაძლოა დააძალო ან დაიყოლიო ექიმთან კონტაქტზე, მესამე – ბავშვები, რომლებიც კატეგორიულად უარს აცხადებენ ექიმთან კონტაქტზე. აქედან გამომდინარე ექიმ-სტომატოლოგს შესაძლოა დაჭირდეს ან არ დაჭირდეს მშობლის დახმარება.

მშობლის როლი ექიმთან კონტაქტის დამყარებაზე, ძალზედ მნიშვნელოვანია. მშობლის ყოფნა ბავშვის თხოვნის შემთხვევაში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ აისახება პატარა პაციენტის ქცევაზე და შესაძლოა ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენოს მას.

ბავშვებში სტომატოლოგიური მანიპულაციების კარგად შესასრულებლად აუცილებელია რიგი წესების დაცვა:

–         ბავშვის მიმართ კარგად და კეთილგანწყობით იყოს ექიმი.

–         გაითვალისწინოს ასაკი.

–         გაითვალისწინოს ინტელექტუალური განვითარება

–         მოქცევის ტემპერამენტი და სახე.

–         მშობლების დამოკიდებულება.

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვების გასართობი ოთახი, მხიარულად მორთულ სტომატოლოგიურ კაბინეტში მონიტორზე ბავშვის სურვილით ირთვება ანიმაციური ფილმები. ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი რათა თქვენმა პატარამ კარგად იგრძნოს თავი და მიიღოს დადებითი ემოციები.

Advertisements

Read Full Post »

ყველა მშობლის ოცნებაა, რომ მის პატარას ძლიერი და ჯანმრთელი კბილები ჰქონდეს. მაგრამ, როგორ დავიცვათ ჩვენი პატარას სუსტი კბილები კარიესისგან? აი მარტივი წესები, რომელთა დაცვაც დაგეხმარებათ თქვენი პატარას კბილების სიჯანსაღეში.

წესი 1 . რაც შეიძლება მეტ ხანს გყავდეთ თქვენი პატარა ძუძუთი კვებაზე.  

კბილის ნადები – ემალის ყველაზე ვერაგი მტერია. აი აქ მრავლდებიან ბაქტერიები, რომელთა ცხოველმყოფელობის პროდუქტი მჟავები იწვევენ კარიესის განვითარებას.

ნადებისაგან დაცვა არა მარტო კარგ წმენდას შეუძლია. დედის რძე შეიცავს ცილა – ლაქტოფერინს, აგრეთვე ფერმენტ ლაქტოპეროქსიდაზას და გლუკოზოქსიდაზას. ეს ნივთიერებები ხასიათდებიან, არა მარტო ანტიმიკრობული მოქმედებით, არამედ ახდენენ ნადების დაშლას.

წესი 2 . გაუსუფთავეთ პატარას პირის ღრუ, ყოველი ჭამის შემდეგ

კარიესის განვითარებისა ერთ-ერთი პირველი მიზეზი – ბაქტერიებია. ყოველი საკვების მიღების შემდეგ ისინი იღებენ დამატებით დახმარებას და აქტიურად ვითარდებიან. თუ კბილების ხეხვა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური გამწმენდი ქაფი, სავლები ან სალფეთქი. თუ არც ამის შესაძლებლობაა გამოავლეთ უბრალო წყალი.

წესი 3 . დაიმახსოვრეთ შაქარი – ემალის ყველაზე დიდი მტერია

შეზღუდეთ შაქრის შემცველი სითხეებისა და საკვების მიღება. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ შაქრიანი და თაფლიანი პროდუქტები ძილის წინ. ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტები იწვევენ ემალის დასუსტებას და კარიესის განვითარებას.

წესი 4 . მიეხმარეთ თქვენს პატარას კბილების სწორად ხეხვაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თვითონ გაუხეხეთ ძნელად მისაწვდომი ადგილები, ყოველი დამოუკიდებელი გახეხვის შემდეგ.

ასწავლეთ ჯაგრისით ხეხვის ძირითადი ეტაპები: ჰორიზონტალური, ვერტიკალური, წრიული და ვერტიკალური „გამოგვითი“ მოძრაობები.

წესი 5 . დაიცავით პაუზა საკვების მიღებასა და კბილების ხეხვას შორის

კბილის ემალი უფრო მგრძნობიარე ხდება ხილის, ხილის წვენების და გაზიანი სასმელების მიღების შემდეგ. ამიტომ დაიცავით 30 წუთი საკვების მიღებიდან და მერე გაუხეხეთ კბილები.

წესი 6 . სტომატოლოგთან პირველი ვიზიტი დაგეგმეთ, როდესაც ბავშვს შეუსრულდება 1 წელი. 

ამ ასაკში ექიმს უკვე შეუძლია შეაფასოს თქვენი პატარის თანკბილვის და კბილების მდგომარეობა. ამას გარდა იგი დაგეხმარებათ კბილის პასტის შერჩევაში და აუცილებლობის შემთხვევაში მოახდენს ემალის დამცავი ფტორ-ლაქით დაფარვას.

წესი 7 . შეურჩიეთ პატარას კბილის პასტა, რომელიც სწრაფად და ეფექტურად მოახდენს დაზიანებული ემალის აღდგენას და დაიცავს კარიესისგან.

შეარჩიეთ კბილის პასტები, რომლებიც მოწოდებულია სპეციალურად ბავშვებისათვის. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას.

წესი 8 . კბილის პასტები უნდა იყოს არა მარტო ეფექტური არამედ უსაფრთხო ბავშვის ორგანიზმისათვის.

Read Full Post »

კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებების განვითარების პროფილაქტიკაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორად შერჩეული საბავშვო კბილის პასტა და ჯაგრისი. მშობლების გარკვეული ნაწილი არც ფიქრობს, რომ ბავშვებს საკუთარი ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ და მათ თავიანთი კბილის პასტით და ჯაგრისით უხეხავენ.

დღეისათვის საბავშვო ჰიგიენური საშუალებების უზარმაზარი არჩევანია წარმოდგენილი ჩვენს ბაზარზე, მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი სწორად შერჩევა.

საბავშვო კბილის ჯაგრისი
კბილის ჯაგრისი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან: სახელური, სამუშაო ზედაპირი და ყელი. სახელური უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვს შეეძლოს მისი მოხერხებულად დაჭერა. ამიტომ სასურველია ბავშვიც ჩართოთ მის არჩევაში. სამუშაო ზედაპირი უნდა წვდებოდეს საშალოდ 2 კბილს. კბილის ჯაგრისები ასევე იყოფა ჯაგრულების სიხისტის მიხედვით: ძალიან რბილები, რბილები, საშუალო სიხისტის, მაგრები და ძალიან მაგრები. გვინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს ჯაგრისები ძალიან რბილიდან საშუალომდე.

ყველაზე პატარებისათვის არსებობს სპეციალური, თითზე ჩამოსაცმელი ჯაგრულები – პირველი კბილებისა და ენის გასაწმენდად. უმჯობესია შევიძინოთ ჩოთქი ხელოვნური ჯაგრულებით, ეს რჩევა არა მხოლოდ საბავშვო არამედ დიდების ჯაგრისებსაც ეხება. ბავშვებისათვის სასურველია შეირჩეს მკვეთრი ფერების, ლამაზი ჯაგრისი, რათა კბილების ხეხვა სასიამოვნო თამაშად იქცეს. არ დაგვავიწყდეს, რომ კბილის ჯაგრისები გამუდმებით უნდა ვცვალოთ, რადგან მათზე რჩება საჭმლის ნარჩენები და მიკროორგანიზმები კბილის ნადებიდან. კბილის ჯაგრისი სასურველია გამოიცვალოს ყოველ 2-3 თვეში. ნუ გააკეთებთ შეღავათებს საკუთარ და მით უმეტეს თქვენი პატარას ჯანმრთელობაზე. გადავიდეთ ჰიგიენური პროცედურის, არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომლის გარეშეც ყველა ჩატარებულიპროცედურის ეფექტი მცირდება.

საბავშვო კბილის პასტები
ალბათ უკვე ყველამ იცის, რომ კბილის პასტები ორ დიდ – ჰიგიენურ და სამკურნალო პროფილაქტიკურ ჯგუფებად იყოფა. ჰიგიენური პასტების გამოყენება მიმართულია პირის ღრუს გაწმენდასა და დეზოდორირებაზე. ისინი არ შეიცავენ არანაირ სამკურნალო დანამატებს. მათი გამოყენება შეუძლიათ ჯანმთელი კბილებისა და ღრძილების მქონე ადამიანებს.

სამკურნალო-პროფილაქტიკური პასტები ხასიათდებიან სამკურნალო და პროფილაქტიკური მახასიათებლებით. ამ ჯგუფში შედის პასტები შემდეგი შემადგენლობით:

  • სამკურნალო მცენარეების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი. ეს კომპონენტები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ღრძილებსა და პირის ღრუს ლორწოვანზე.  ამ კბილის პასტებს მიეკუთვნება: „დენტაგარდი“, „ლესნოი ბალზამი“, „სპლატი“ და სხვა.
  • მარილები და მინერალური კომპონენტები. ეს შემადგენლობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სტიმულაციას უწყობს ნივთიერებათა ცვლას ღრძილებსა და პირის ღრუს ლორწოვანში, აძლიერებს ანთებადი უბნებიდან ზედმეტი სითხის გატანას. ყველაზე ცნობილი ასეთი პასტებიდან გახლავთ – „პაროდონტაქსი“.
  •  კალციუმის მარილები და ფოსფატები, ფტორიდები, მინერალიზაციის დამაჩქარებელი კომპონენტები. კბილის პასტები: „კოლგეიტი“, „ბლენდამედი“,  „პეპსოდენტი“, „ჟემჩუგი“, „აკვაფრეში“.

ცალკე გვინდა ვისაუბროთ საბავშვო კბილის პასტებზე, ვინაიდან ეს ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თემაა. დავიწყოთ ყველაზე პატარებით.

ეგრეთ წოდებული (0+) ჯგუფის საბავშვო კბილის პასტა, განკუთვნილია ყველაზე პატარებისათვის 4 წლამდე. ზუსტად ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ ჰიგიენური კბილის პასტები, ყველანაირი საღებავების, არომატიზატორების და აბრაზივების გარეშე. ამას თავისი მიზეზიც გააჩნია – მიჩნეულია, რომ ბავშვები 4 წლამდე კბილის პასტის 50% ყლაპავენ.

საბავშვო კბილის პასტების ეს კატეგორია ყველაზე მცირე რიცხოვანია. რადგან დედების უმრავლესობამ არ იცის, რომ პირველი კბილების ამოსვლისთანავე მათ უნდა მოუარონ.

ასევე აღსანიშნავია, რომ არის ევროპული ქვეყნები სადაც, საერთოდ 2 წლამდე არ ურჩევენ კბილის პასტის გამოყენებას. ხოლო  ხეხვითი მანიპულაციის ჩასატარებლად დედის თითზე დახვეული ბინტის გამოყენებას ურჩევენ.

შედარებით უფროსმა ბავშვებმა უნდა იხმარონ კბილის პასტები 4+ ჯგუფიდან. ასე კბილის პასტები მიზანშეწონილია ბავშვებისათვის 4 დან 7 წლამდე. ამ ჯგუფის საბავშვო კბილის პასტის არჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მინერალების არსებობას და აბრაზივების არ არსებობას, რადგან სარძევე კბილები საკმაოდ სუსტია. ასეთი კბილის პასტები შეიცავენ მინერალებს კბილის ქსოვილების დროული ჩამოყალიბებისათვის. კიდევ ერთი არა ნაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: ამ კბილის პასტების აქტიური კომპონენტები, ხასიათდებიან მაღალი შეღწევადობით და უკვე 40 წამში ახდენენ კბილის ქსოვილების გაჯერებას. (ეს ყოველივე გათვალისწინებულია, რადგან ბავშვები კბილებს არა საკმარისი დროით იხეხავენ)

უკვე 7 წლიდან ბავშვს შეუძლია ისარგებლოს დიდების კბილის პასტებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰიგიენისათვის აუცილებელია არა მარტო კბილის პასტების და ჯაგრისების გამოყენება, ასევე უნდა მოვიხმაროთ სავლებები, კბილის ძაფები, კბილთაშორისი ჯაგრულები და სხვა ჰიგიენური საშუალებები. მათ გამოყენები მიზანშეწონილია ბავშვებისათვის უკვე 10 წლიდან.

კბილის პასტის, რომელი კომპონენტები შეიძლება იყოს საშიში პატარებისათვის
ყველა ბავშვი ყლაპავს კბილის პასტას, განსაკუთრებით გემრიელს. ჩვენც ვიცით, რომ ეს არაა კარგი, მაგრამ რა ვქნათ? როგორი კბილის პასტა ვიხმაროთ, რომ კბილებიც ჯანმრელი იყოს და არც ბავშვი მოგვეწამლოს?

Environmental Working Group (EWG) მიერ ჩატარებული, არა კომერციული კვლევების მიხედვით, საბავშვო კოსმეტიკის ხმარებისას, დღეში ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა 60-მდე უსაფრთხოებაზე გამოუკვლევი ინგრედიენტი მოხვდეს.

ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, ერთი შეხედვით „უსაფრთხო“ საბავშვო კბილის პასტაა.

  • საქარინი.

რათა ბავშვებმა უფრო დიდი სიამოვნებით იხეხონ კბილები, მწარმოებლები ხშირად კბილის პასტებშუმატებენ საქარინს. ამასთანავე უნდა ვიცოდეთ, რომ არის ქვეყნები სადაც მისი გამოყენება საერთოდ აკრძალულია, რადგან მისი გადაჭარბებული რაოდენობით შემცველობა კანცეროგენულია.

  • ნატრიუმის ლაურეალ სულფატი

საბავშვო კბილის პასტების კიდევ ერთი მავნე კომპონენტი – ნატრიუმის ლაურეალ სულფატი. ეს იაფფასიანი ამაქაფებელი გვხვდება, როგორც კბილის პასტებში, ასევე შამპუნებსა და დუშგელებში. ამ ნივთიერებას ასევე იყენებენ ავტო წარმოებაში, ძრავების ზეთისგან გასაწმენდად. იგი აშრობს კანს, ხელს უწყობს ნახეთქების წარმოშობას და აღიზიანებს ლორწოვან გარსს.

  • ქლორჰექსიდინი

ანტიმიკრობული კომპონენტი. სამწუხაროდ პათოგენური მიკროფლორის გარდა ანადგურებს არაპათოგენურსაც. პირის ღრუს დისბაქტერიოზი კი იწვევს ლორწოვანისა და კბილების დაზიანებას. იძლევა საფუძველს კანდიდოზის (რძიანას) განვითარებისათვის. ხოლო მისმა დიდ ხნიანმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების გაღიზიანება და დისბაქტერიოზი.

  • ტრიკლოზანი 
  • ხელოვნური საღებავები

შეიძლება გახდეს ალერგიის მიზეზი

ცოტა რამ ფტორის შესახებ

კარიესის პროფილაქტიკისათვის, უმჯობესია ფტორირებული კბილის პასტების გამოყენება (კბილის პასტის შემადგენლობაში უნდა იყოს ოლაფლური ან ამინოფტორიდი), ბავშვებისათვის წარმოებს სპეციალური პასტები ფტორის ნაკლები შემცველობით. კბილის პასტებს შეუძლიათ მოამარაგონ კბილები კალცით და ფტორით არა უმეტეს 30%.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ უსიამოვნობებისა, რაც შეიძლება მოჰყვეს კბილის პასტების გამოყენებას, რომელთა წარმოებაში გამოიყენება იაფფასიანი ინგრედიენტები.

აქედან გამომდინარე მშობლების უმრავლესობა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჰიგიენური საშუალებების შემცველობას.

რომელია სასარგებლო ?

  • საბავშვო პროდუქტები შეიძლება შეიცავდნენ ფერმენტებს (მაგალითად პაპაინს), რომლებიც არბილებენ და მთლიანად შლიან ნადებს.
  • უნიკალური რძიანი ფერმენტები (ლაქტოფერინი, ლაქტოპეროქსიდაზა, ლიზოციმი და გლუკოზის ოქსიდაზა) უზრუნველყოფენ ბაქტერიებისაგან დაცვას, აშორებენ ნადებს, უზრუნველყოფენ ნერწყვის დაცვითი ფუნქციების გააქტიურებას და აძლიერებენ ადგილობრივ იმუნიტეტს. იგი უზრუნველყოფს ემალის გაწმენდას ძნელად მისაწვდომ ადგილებში.
  • ნატურალური ცილა კაზეინი, რომელსაც ამატებენ კბილის პასტებში, ხელს უშლის კარიესოგენული ბაქტერიების მიწებებას კბილის ზედაპირზე და ემალის მაგარ შრეებში ამაღლებს კალცისა და ფტორის კონცენტრაციას.
  • კარგია, თუ კბილის პასტაში არის ბიოაქტიური ორგანული კალციუმი კვერცხის ცილიდან. იგი ეხმარება სარძევე კბილის ემალის ჩამოყალიბებაში.

თუკი პატარამ შეჭამა კბილის პასტა!
თუკი პატარამ შეკამა საბავშვო კბილის პასტა (ტუბის 1/3 ოდენობით), უბრალოდ დააკვირდით. თუ მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ნორმიდან გადაუხვია მიმართეთ თერაპევტს. თუკი გადაყლაპულია დიდების პასტის 1/3-ზე მეტი, ფტორის მაღალი შემცველობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

Read Full Post »

სასურველია ბავშვმა დროულად გაიაროს ორთოდონტის კონსულტაცია, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და ხშირ შემთხვევაში ეს მშობლისათვის შეუმჩნეველი რჩება. ამ დარღვევების მიზეზებია: მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ზრდის პროცესთან ერთად თანკბილვის პათოლოგია უფრო მძიმდება და შესაბამისად საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

სამკურნალო აპარატები – თუ თქვენი შვილი 3 წლამდე არ გადაეჩვია ისეთ მავნე ჩვევებს როგორიცაა: თითის ან მატყუარას წოვა, ტუჩის კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება, პირით სუნთქვა, არასწორი ყლაპვა აუცილებლად უნდა მიმართოთ ორთოდონტს. ის მოარგებს სპეციალურ აპარატს რომლის საშუალებითაც ბავშვი გადაეჩვევა მავნე ჩვევებს და მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს სწორი განვითარების საშუალება ექნებათ. 6 წლიდან იგივე ფუნქციისთვის გამოიყენება მიოფუნქიონალური ტრეინერები – ხშირ შემთხვევაში 6-10 წლამდე გამოიყენება მოსახსნელი ფირფიტები

Read Full Post »

მშობლების უმრავლესობამ უკვე იცის ან გაუგიათ ისეთი უცნაური სიტყვა, როგორიცაა „თანკბილვა“. იციან, რომ შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს მკურნალობას. განსაკუთრებულად განვითარებულმა მშობლებმა იციან სიტყვა „ბრეკეტი“, ხოლო ძალიან განათლებულებმა ორი უმაღლესი დიპლომით ისიც იციან, რომ ბრეკეტებს ორთოდონტი აყენებს. როგორც წესი ამით ცოდნა მთავრდება და იწყება მითები და გამოცანები.

თავიდან, რომ მივყვეთ, წესიერად არავინ არ იცის, თუ როდის უნდა დავიწყოთ სიარული ბავშვთა სტომატოლოგთან და ორთოდონტთან. ერთნი დარწმუნებული არიან, რომ პირდაპირ სამშობიაროდან უნდა გაიქცნენ ექიმთან, ხოლო მეორენი – რომ სარძევე კბილები არ იკურნება და უნდა დაელოდნონ მათ მოცვლას. სინამდვილეში ორთოდონტთან პირველი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს 4-5 წლის ასაკისათვის. უკბილო ყბაზე აზრი არა აქვს ვიზიტს, ვინაიდან ჯერ გაურკვეველია, როგორი თანკბილვა ექნება ბავშვს. თუ ბავშვის კბილების მოვლა არადამაკმაყოფილებელია და კბილები იწყებს გაფუჭებას უმჯობესია მიმართოთ ექიმს 3-4 წლის ასაკში, რათა მოხდეს პროცესის დროული ლოკალიზება. მანამდე ბავშვი მაინც არაფრის საშუალებას არ მოგცემთ. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია! მშობლების ძირითადი შეკითხვაა: რატომ? ხომ მაინც მოსაცვლელია?
იმიტომ, რომ თუ არ ვუმკურნალებთ სარძევე კბილს დროულად, იგი შეიძლება გართულდეს და დააზიანოს მუდმივი კბილის ჩანასახი. ხოლო თუ სარძევე კბილი ნაადრევად დაიკარგა და მისი ჩანაცვლება არ მოხდა დროულად, აუცილებლად განვითარდება თანკბილვის პათოლოგია. მისი მკურნალობა კი ძნელი და ძვირი იქნება. მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში არა მარტო მკურნალობენ სარძევე კბილებს, არამედ კარიესის პროგრესირების და კბილის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი წესით ფარავენ მათ ხელოვნური გვირგვინებით.

კიდევ ერთი შეცდომაა, რომ თანამედროვე ორთოდონტები მხოლოდ ბრეკეტებით მკურნალობენ და ფირფიტები წარსულს ჩაბარდა. სინამდვილეში, ადრეულ ასაკში ბრეკეტებით მკურნალობა არ შეიძლება. სანამ მუდმივი კბილები არ ამოვა, ბრეკეტებს ვერ დავაწებებთ. ამიტომ სარძევე თანკბილვაში, ანომალია იკურნება სპეციალური ფირფიტოვანი აპარატების დახმარებით. ადრეულ ასაკში იკურნება მხოლოდ სერიოზული პათოლოგია, ან მზადდება პირის ღრუ მომავალი მკურნალობისათვის.

ასე, რომ ყველაფერი ნათელია – სარძევე კბილები უნდა ვიმკურნალოთ, ისიც გასაგებია,თუ  როგორ და რა დროს. იბედება შეკითხვა – „ვინაა დამნაშავე?“

თანკბილვის პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები ბევრია. პირველ რიგში მემკვიდრეობა. მართლაც, რომ თანკბილვის სახე-სხვაობები „ოჯახურ სიმბოლოს“ ატარებს. მაგალითად საკმაოდ ცნობილი „ჰაბსბურგული ტუჩი“, სამეფო ოჯახის მემკვიდრეობით გარდამავალი ნიშანი. მეორე მიზეზი სამშობიარო ტრავმაა. შემდგომ შეიძლება დასახელდეს მრავლობითი კარიესი და სარძევე კბილების ნაადრევი დაკარგვა. მაგრამ არის შეუმჩნეველი მნიშვნელოვანი მიზეზები, მაგალითად თითის წოვა, ხელის მუდმივი კბენა და სხვა მავნე ჩვევები რასაც საბოლოოდ თანკბილვის ანომალიამდე მივყავართ. ზოგიერთი დაავადება, მაგალითად რაქიტი ასევე შეიძლება გახდეს ანომალიის მიზეზი. მოკლედ, მიზეზები შეიძლება იყოს უამრავი, ხოლო თქვენი, როგორც მშობლის მისიაა დროულად მიიყვანოთ ბავშვი ორთოდონტთან, იგი კი თავის მხრივ აღმოაჩენს პათოლოგიას, შეეცდება გაიგოს გამომწვევი მიზეზები და დანიშნავს მკურნალობას.

Read Full Post »

შეცდომა: ბავშვის კბილის მკურნალობა სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკებში ძალიან ძვირია.

სინამდვილეში: პირველი შეხედვით შესაძლოა ასეც მოგეჩვენოთ. თუკი არ ჩათვლით თუ რამდენ დროსა და თანხებს დაზოგავთ მომავალში. რას იტყვით თუკი თქვენს შვილს გაჰყვა სტომატოლოგის შიში დიდობაში და მისი ვიზიტი ექიმთან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ტკივილის აუტანლობით გახდა აუცილებელი, რა დაგიჯდებათ ასეთი აუცილებელი მისვლა? ადვილი გამოსათვლელია, რომ დროული პროფილაქტიკა სპეციალიზირებულ კლინიკებში უფრო მომგებიანი ფინანსური და მორალური თვალსაზრისითაც.

შეცდომა: ბავშვებისათვის არა აუცილებელი სპეციალური კბილის პასტების გამოყენება. შეგვიძლია ნებისმიერის გამოყენება.

სინამდვილეში: ბავშვის კბილების გაწმენდა აუცილებელია სპეციალური საბავშვო პასტით, რომლებიც შექმნილია სარძევე კბილებისათვის. პასტები გემრიელია და რაც მთავარია, შეიცავენ დამცავ მინერალებს.

კბილების ხეხვა უნდა დავიწყოთ მათი ამოჭრისთანავე. თავიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ თითზე ჩამოცმული სილიკონის ჯაგრისი, ხოლო 1 წლის ასაკისათვის უკვე შესაძლოა სპეციალური სათამაშო ჯაგრისის მოხმარება. ასეთი კბილის ჯაგრისი აღჭურვილია შესაბამისი ზომის, რბილი ჯაგრულებით, ხოლო სათამაშოს შეუძლია ეს პროცესი თამაშად აქციოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ხეხვა – დღეში ორჯერ, სწორი მიმართულებებით.

შეცდომა:  რა მნიშვნელი აქვს რამდენად სწორად იკვებება, მთავარია ხომ საკმარისად ჭამს.

სინამდვილეში: ბავშვის კბილების დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. რათა ავარიდოთ ბავშვი ამგვარ პრობლემებს, აუცილებელია თავიდანვე იკვებოს ბავშვმა დედის რძით. დედის რძე – საკვები და თავდაცვითი ნივთიერებების ყველაზე ძვირფასი წყაროა. უფრო მნიშვნელოვანია თუ, როგორ იღებს ამ ნივთიერებებს ბავშვი. ამისათვის თქვენი ჩვილი დიდ ენერგიას ხარჯავს, რაც აუცილებლია ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

ბავშვის ორგანიზმის განვითარებისათვის დიდი როლი აკისრიათ რძის პროდუქტებს, რადგან აწვდიან კალცს – კბილებისა და ძვლების ძირითად ელემენს. ასე, რომ რძის პროდუქტები აუცილებლად უნდა იყოს ბავშვის რაციონში, განსაკუთრებით 3 წლამდე პერიოდში, როდესაც მთავრდება მუდმივი კბილების ჩასახვა და ჩანასახების ფორმირება. სიტყვამ მოიტანა და არსებობს მშობლების კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, როდესაც ბავშვებს ძილის წინ კვებავენ ტკბილეულით ან აძლევენ ტკბილ წვენებს, განსაკუთრებით ღამე. ამან შესაძლოა გამოიწვიო სარძევე კბილების კარიესი.

შეცდომა: ექიმს უნდა მივმართოთ მხოლოდ ტკივილის ან სხვა სტომატოლოგიური პრობლემების შემთხვევაში

სინამდვილეში: ამ საშინელ შეცდომას სერიოზული პრობლემები მოჰყვება. პირველად ბავში სტომატოლოგთან უნდა მივიყვანოთ ერთი წლის ასაკში, შემდგომ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკურ გამოკვლევებზე, ხოლო თუკი აღმოაჩნდა რაიმე სახის პრობლემები სამ თვეში ერთხელ ან ექიმის დანიშნულების და მიხედვით. შედეგად ყველა პრობლემა ჩანასახშივე იქნება აღმოფხვრილი. ბავშვებში, ხომ პათოლოგიური პროცესები ელვის სისწრაფით ვითარდება, ხოლო მათი დროული დიაგნოსტიკა საშუალებას მოგვცემს ჩავატაროთ მარტივი, სწრაფი, უმტკივნეულო და იაფი მკურნალობა. ამასგარდა კბილების პროფილაქტიკური შემოწმება ბავშვებში არ იწვევს შიშის გრძნობას, იგი გრძნობს, რომ საშიში არაფერია.

შეცდომა: ბოთლის კარიესის ყველასე საუკეთესო მკურნალობა – მოვერცხლვაა.

სინამდვილეში:  ამ მეთოდის ეფექტურობა არაა დამტკიცებული ფართომაშტაბიანი სტომატოლოგიური კვლევებით. სტომატოლოგების უმრავლესობა სწორად მიიჩნევს მოვერცხლვის მეთოდის გამოყენებას ისეთ შემთხვევებში როდესაც კლინიკას არააქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნოლოგიები. საქმე იმაშია, რომ მოვერცხლვა ეფექტურია მხოლოდ საწყისი კარიესი შემთხვევაში, თუკი კარიესმა მიაღწია ღრმა შრეებს აღნიშნული მეთოდი ვეღარ დაგვეხმარება. ამ მეთოდის სხვა ნაკლი მდგომარეობს მის არაესთეტიკურობაში. ვერცხლი მალე შავდება და ბავშვს რცხვენია მისი ღიმილის. თანამედროვე სტომატოლოგიამ შეიმუშავა უამრავი კარიესის საწინააღმდეგო მეთოდი: ფტორირება, ფისურების ჩაბეჭდვა და ა.შ.

შეცდომა: კბილების ამოჭრას მუდამ ახლავს მაღალი ტემპერატურა, წუხილი, კუჭის აშლილობა და სხვა ფაქტორები

სინამდვილეში: ბავშვების დიდ ნაწილში ეს პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. თუმცა ხშირია გაღიზიანების პერიოდები, ტკივილები, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევები. იშვიათად, მაგრამ შესაძლოა ამ პროცესს ახლდეს ძლიერი ტკივილებიც. ასეთ შემთხვევაში სასურველია მშობელმა გაიაროს კონსულტაცია პედიატრთან ან ბავშვთა სტომატოლოგთან. რაც შეეხება სიცხეს იგი შესაძლოა ღრძილების შეშუპებით იყოს განპირობებული. მიუხედავად ყველაფრისა მაღალი სიცხეს და კუჭის აშლილობას არ იწვევს კბილების ამოჭრა. ასე, რომ ასეთ შემთხვევაშიც სასურველია სტომატოლოგის ან პედიატრის კონსულტაცია, ვინაიდან შესაძლებელია ამას სხვა მიზეზიც ჰქონდეს.

Read Full Post »

სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას, აქვს არასრული და უმეტესად არასწორი წარმოდგენა ბავშვთა სტომატოლოგიაზე. მიზეზად გვევლინება ცნობიერებაში ღრმად ფესვგადგმული მცდარი შეხედულებები. მოდით განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი და შევაფასოთ.

შეცდომა: სარძევე კბილების მკურნალობა არაა საჭირო, მაინც მოსაცვლელია.

სინამდვილეში: ზუსტად, რომ სარძევე კბილების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მუდმივი კბილების მდგომარეობა. დაავადებების უმრავლესობა სარძევე კბილებიდან გადადის მუდმივებზე. ასეთ შემთხვევაში კი მათი ამოჭრისას ისინი უკვე დაზიანებულია. მეორე პრობლემა დაკავშირებულია სარძევე კბილების არასწორ განლაგებასთან. მან კი შესაძლოა გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა უკვე მოზრდილ ასაკში. შედეგად ბავშვს უჩნდება კომპლექსები, რაც უარყოფითად იმოქმედებს მის ჩამოყალიბებაზე და მთლიანად ცხოვრებაზე. ამიტომ კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა სასურველია დაიწყოთ ამოჭრისთანავე.

შეცდომა: ნებისმიერ სტომატოლოგს, შეუძლია ბავშვის კბილების მკურნალობა. ამიტომ არა აუცილებელი ბავშვთა სტომატოლოგთან მიმართვა.

სინამდვილეში:  ბავშვთა სტომატოლოგია – სტომატოლოგიის ცალკე ნაწილია. ბავშვებთან მუშაობისას სტომატოლოგები ხმარობენ სხვა ინსტრუმენტებს, მასალებს და წამლებს. ამასგარდა ყველა სტომატოლოგს არ შეუძლია ბავშვებთან მუშაობა. საერთოდ ბავშვთა სტომატოლოგების მიმართ მოთხოვნებიც მეტია, კარგი სტომატოლოგის გარდა იგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. რათა იოლად დაამყაროს ბავშვებთან კონტაქტი, ხოლო მკურნალობას ატარებდეს ტკივილისა და ტირილის გარეშე. ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუკი პირველი ვიზიტი მხოლოდ დადებითი ემოციებით დატვირთული იქნება, შემდგომში ბავში სიხარულით გამოგყვებათ სტომატოლოგთან.  ასეთიმიდგომა უკვე დიდი ხანია დაინერგა განივითარებულ ქვეყნებში, სადაც სტომატოლოგთან ვიზიტი გარკვეულ დღესასწაულს ემსგავსება. ექიმთან შესვლის წინ ბავშვები ერთობიან სათამაშოებით, კონტაქტობენ სხვა ბავშვებთან, უყურებენ მულტფილმებს, ხატავენ და კითხულობენ წიგნებს, იღებენ სასიამოვნო საჩუქრებს. თვითონ მკურნალობის პროცედურაც არ იწვევს არანაირ პრობლემებს. რაც შეეხება ანესთეზიას გამოიყენება სპეციალური არომატიზებული გელები და სპრეები. ასეთი კლინიკიდან ბავშვი გამოდის დადებითი ემოციებით, ჯანმრთელი კბილებით და ახალი სათამაშოთი. ასეთი ბავშვი, მთელი ცხოვრების მანძილზე შიშის გარეშე ივლის სტომატოლგთან, შეასრულებს ყველა მის დავალებას, რეკომენდაციას და მოუვლის კბილებს.

შეცდომა: კარიესული კბილების მკურნალობას აზრი არააქვს, ჯობია ამოვიღოთ და დაველოდოთ მუდმივის ამოსვლას.

სინამდვილეში: უკვე დიდი ხანია, რაც დამტკიცდა, რომ სარძევე კბილების ნაადრევი ექსტრაქცია ბადებს სერიოზულ პრობლემებს. პირველ რიგში დაკავშირებულია მუდმივი კბილის გაძნელებულ ამოჭრასთან. საქმე იმაშია, რომ კბილის ამოღების შემდგომ მეზობელი კბილები იწყებენ გადაადგილებას, წარმოქმნილი სივრცის შესავსებად. ასეთ შემთხვევაში მუდმივი კბილი შესაძლოა ამოიჭრას სხვა ადგილას. რასაც მოჰყვება მოზრდილ ასაკში კბილების გასწორების აუცილებლობა. სარძევე კბილების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს საკვების დამუშავებაზე. ამასთანავე შესაძლოა დაირღვეს თანკბილვის, სახის ჩონჩხის, დიქციის განვითარება და ჩამოყალიბდეს კოსმეტიკური ნაკლი. ყველა ზემო ჩამოთვლილის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ სარძევე კბილების დროულ მკურნალობას.

შეცდომა: ბავშვის თანკბილვაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ, როდესაც იგი დაასრულებს სარძევე კბილების ჩანაცვლებას მუდმივით.

სინამდვილეში: თანკბილვაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ, როგორც კი შეამჩნევთ პრობლემას. არც იფიქროთ, რომ არასწორი თანკბილვა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემაა. იგი შესაძლოა გახდეს გაცილებით სერიოზული პრობლემების მიზეზი – კბილების, მათი საყრდენი აპარატის და ღრძილების დაზიანება. საქმე მასშია, რომ არასწორად მდგომი და მჭიდროდ მყოფი კბილები კარიესის უფრო ხშირი მსხვერპლია, მათი წმენდის სიძნელეებიდან გამომდინარე. ამასგარდა ასეთ კბილებს სხვა პრობლემებიც ემუქრებათ: მომატებული ცვეთა, არაეფექტური ღეჭვა, დამატებითი სტრესი და ყბის სახსრის დაავადებები, რაც თავის მხრივ იწვევს ქრონიკულ შაკიკს, სახისა და კისრის არეში ტკივილებს, აგრეთვე პრობლემებს კუჭ-ნაწლავის და სასუნთ სისტემებში.  თანამედროვე სტომატოლოგია თანკბილვის ანომალიის აღმოფხვრის საშუალებას იძლევა ნებისმიერ ასაკში. მიუხედავად ამისა სტომატოლოგები მაინცურჩევთ პრობლემის მოგვარებას დროულად, ბავშვთა ასაკში, რადგან მკურნალობის პროცესი ამ დროს გაცილებით მოკლე ხანს გრძელდება. დამტკიცებულია, რომ ბავშვები გაცილებით იოლად ეგუებიან პირის ღრუში არსებულ ორთოდონტიულ კონსტრუქციებს. ამასთან სიამაყითაც კი ატარებენ ფერად-ფერად და სხვადასხვა ფორმის ბრეკეტებს. ორთოდონტიული კონსულტაციის საუკეთესო დრო 6-7 წლის ასაკია. ამ ასაკში ხდება პირველი მუდმივი კბილების ამოჭრა. მათი საშუალებით შესაძლებელია მომავალი პათოლოგიის დროული აღმოჩენა. პრობლემის არსებობისას ორთოდონტი შეძლებს იმოქმედოს კბილების სწორ ზრდაზე, ზრდის სიჩქარეზე და ყბების ზომებზე.

შეცდომა: ორთოდონტიული აპარატები აუშნოებს ბავშვების იერსახეს

სინამდვილეში: დღეისათვის ორთოდონტებს შეუძლიათ მთელი რიგი აპარატების შემოთავაზება. ეს შესაძლოა იყოს მოსახსნელი ფირფიტა, რომელსაც ხმარობენ ძირითადად 6-10 წლის ასაკში, თანკბილვის ჩამოყალიბებისას. შესაძლოა იყოს სპეციალური კაპა-ტრეინერები, რომლებიც ხელს უშლის არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას. გარეგნულად ისინი გვანან ბოქსიორის კაპებს, თუმცა სრულიად გამჭვირვალეა. კაპებს იყენებენ 6-15 წლის ასაკში. ძირითადად ბავშვები კაპებს ატარებენ დღის განმავლობაში 1,5-2 საათი. უფრო მოზრდილ ასაკში 11-12წლისას, როდესაც ფესვების ჩამოყალიბება დასრულებულია მათ განკარგულებაშია ბრეკეტ სისტემები.

შეცდომა: ბრეკეტ-სისტემები დაცინვის საგანს წარმოადგენს

სინამდვილეში: სტომატოლოგები უკვე დიდი ხანია აღარ იყენებენ უზარმაზარ და მახინჯ ბრეკეტებს. თანამედროვე ბრეკეტ-სისტემები იმდენად სიმპათიური და მრავალფეროვანია, რომ ბავშვები და მოზარდები სიხარულით და კმაყოფილებით ატარებენ მათ. ბრეკეტ სისტემები წარმოადგენს პატარა საკეტებს, რომლებიც ემაგრება კბილებზე გარეთა ან შიგნითა მხრიდან. ამ საკეტებს ერთმანეთთან აერთიანებს ფორმის მახსოვრობის მქონე, თხელი ლითონის რკალი, რომელიც როგორც არ უნდა მოიღუნოს იბრუნებს წინასწარ მდგომარეობას. დღეისათვის ჩვენს კლინიკაში ბავშვს საშუალება აქვს თავად აირჩიოს სასურველი ბრეკეტის ფერი. ამასთანავე შესაძლებელია ბრეკეტებზე სასურველი ცხოველების, სათამაშოებისა და ფორმების მოთავსება. ამასთან გვინდა გაცნობოთ, რომ ბრეკეტები მზადდება სხვადასხვა მასალისაგან და აქვთ განსხვავებული იერსახე. არსებობს ლითონის, პლასტმასის, საფირის და კერამიკული ბრეკეტები.

შეცდომა: ბავშვის კბილების დაბჟენა არ შეიძლება კომპოზიციური ბჟენებით.

სინამდვილეში: ეს სიცრუეა. უბრალოდ სტომატოლოგიურ კლინიკებში არაა საჭირო პირობები, რათა ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში მშვიდად იჯდეს სავარძელში და მიცეს ექიმს საშუალება ნორმალური მუშაობისათვის.

სპეციალიზირებულ ბავშვთა კლინიკებში კი მკურნალობას ეძლევა თამაშის სახე და დროც სწრაფად გადის. ხოლო დაბჟენისათვის გამოიყენება თანამედროვე, ჰიგიენური, ფერადი და ესთეტიური კომპოზიციური მასალები. ყოველივე მკურნალობას ხდის სახალისოს, ხელს უწყობს ბავშვის მოდუნებას, ხოლო ექიმს ეხმარება კბილის ხარისხიანად მკურნალობაში.

შეცდომა: თუკი ბავშვს დავაშინებთ სტომატოლოგით, იგი უკეთესად მოუვლის პირის ღრუს.

სინამდვილეში: ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა. ეს შიში ბავშვსშესაძლოა მოზრდილ ასაკშიც გაჰყვეს. პირიქით ბავშვს გამუდმებით უნდა უნერგავდეთ, რომსტომატოლოგთან ვიზიტი – უვნებელი და სასიამოვნო პროცესიც კია. ასეთი ქცევით ძალიან ბევრქვეყანაში გადაწყდა სტომატოლოგის შიშის პრობლემა. ასეთ ქვეყნებში სტომატოლოგიური მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება, მოსახლეობამ მკურნალობას პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება არჩია, რაც იაფი და მარტივი პროცესია. ჩვენთან სამწუხაროდ ასეთი აღზრდის მეთოდი ჯერ კიდევ ნორმალურად ითვლება. თუმცა თუკი ამ პრობლემას ჩაუღრმავდებით ამაში არა მშობლები არამედ თვითონ ექიმები არიან დამნაშავენი, რომლებმაც პირველივე ვიზიტზე ტკივილი მიაყენეს პატარას და სიძულვილის გრძნობები გაუღვივეს. ასეთ შემთხვევაში სასურველია დროულად გამოიცვალოს სპეციალისტი. გაიკითხეთ მეგობრებში და მეზობლებში ბავშვთა სტომატოლოგი. დაიმახსოვრეთ ადრეულ ასაკში სტომატოლოგთან მიღებული უარყოფითი შთაბეჭდილებები შესაძლოა შეიცვალოს დადებითით, ხოლო როდესაც ბავშვი იზრდება ამის გაკეთება უკვე შეულებელია.

Read Full Post »