Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ართრიტი’

ღრძილების მკურნალობით შესაძლოა განიკურნოთ სახსრების ტკივილისაგან – ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერების ჯგუფი კეისის დასავლეთ სარეზერვო უნივერსიტეტიდან (Case Western Reserve University) და კლივლენდის საუნივერსიტეტო კლინიკიდან ექიმი ალი ასკარის (Ali Askari) და ნაბილ ბისადის (Nabil Bissada) მეთაურობით 40 ავადმყოფის გამოკვლევის შემდეგ. აღნიშნულ პაციენტებს ერთდროულად ჰქონდათ რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმა და პაროდონტიტის საშუალო და მძიმე ფორმა.

კვლევების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაროდონტიტის წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტებს აღენიშნებოდან ართრიტისაგან საგრძნობი გაუმჯობესება: მცირდებოდა შეშუპება, პაციენტები ხდებოდნენ უფრო მოძრავი, რაც მთავარია – სახსრები იწვევდნენ ნაკლებ ტკივილს.

როგორც ცნობილია, რევმატოიდული ართრიტი – არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სახსრის სინოვიალური (შიგნითა) გარსის ანთებით და ძვლის, ხრტილის, მყესების დაზიანებით. ითვლება, რომ დაავადებას საფუძვლად უდევს იმუნური ანთება, მაგრამ დაავადების განვითარების მიზეზი დღემდე უცნობია და სამწუხაროდ რევმატოიდული ართრიტისაგან სრული განკურნება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

ნაბილ ბისადის აზრით პაროდონტიტს და რევმატოიდულ ართრიტს ბევრი საერთო აქვთ. ანთება, რომელიც ახლავს ამ ორივე დაავადებას აზიანებს, როგორც რბილ ასევე მაგარ ქსოვილებს. დროთა განმავლობაში განიცდის პროგრესირებას და იწვევს ბაქტერიული ინფექციის ტოქსინები.

ანთებადი უბნების ერთ-ერთი ტოქსინია სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფა (tumor necrosis factor-alpha – TNF-α), იგი წარმოადგენს სისხლში ანთებადი პროცესის მარკერს. მოძრაობს რა სისხლძარღვოვან სისტემაში მას შეუძლია არსებული ანთებების გამწვავება, ან ახალი კერების პროვოცირება მათ შორის სინოვიალურ სითხეში და სასახსრე ჩანთაში.

კვლევების დროს პაციენტები დაყვეს ოთხ ჯგუფად, თითოში 10 კაცი. პირველი ორი ჯგუფი იღებდა უახლეს პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავდნენ TNF-α ტოქსინის გამომუშავებას, მაგრამ არ უტარდებოდათ პაროდონტოლოგიური მკურნალობა. ხოლო დანარჩენ ორ ჯგუფს ჩაუტარდათ მხოლოდ სტანდარტული (არაქირურგიული) პაროდონტიტის მკურნალობა, TNF-α ტოქსინის ბლოკატორის გარეშე.

ჯგუფები, რომელთაც ჩაუტარდათ პაროდონტიტის სამკურნალოდ სტომატოლოგიურ დახმარება და არ მიიღეს TNF-α ტოქსინის საწინააღმდეგო მკურნალობა აღენიშნათ მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე რევმატოიდული ართრიტის რემისიის დასაწყისი. ხოლო ჯგუფებში, რომლებიც იღებდნენ ტოქსინის საწინააღმდეგო პრეპარატებს შედეგები იყო კიდევ უფრო უკეთესი.

“ჩვენთვის საინტერესო იყო დაკვირვება, ინფექციის და ღრძილების ანთების მოშორების შემდეგ თუ როდის აღენიშნებოდათ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება მძიმე ფორმის რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს დროულად უნდა ჩაუტარდეთ ღრძილების მკურნალობა. საინტერესოა ამ მიმართულებით ჩატარებული ბოლო კვლევები, რომლებიც ამტკიცებს ღრძილები ანთების როლს და კავშირს ნაადრევ მშობიარობასთან, პროსტატიტთან, გულის დაავადებებთან და შაქრიან დიაბეტთან” – აღნიშნა  პაროდონტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ნაბილ ბისედმა.

ჩვენ კი შეგვიძლია დავამატოთ, რომ ამერიკელი მეცნიერების კვლევები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი ორგანიზმი – ერთი მთლიანია, ხოლო დროული და სწორი პირის ღრუს ჰიგიენა  აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას

 

 

 

Read Full Post »

ართრიტი სახსრის შემადგენელი კომპონენტების ანთებითი ხასიათის დაავადებაა. ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთება შეიძლება დაიყოს ინფექციურ და ტრავმულ ართრიტად. ინფექციური ართრიტი თავის მხრივ იყოფა არასპეციფიურ და სპეციფიურ ართრიტად.

არასპეციფიური ინფექციური ართრიტი ვითარდება სახსარში ბანალური (არასპეციფიკური) ინფექციის შეღწევის შედეგად. ინფექციის გავრცელების გზის მიხედვით არჩევენ ჰემატოგენურ და კონტაქტურ ართრიტებს. ჰემატოგენური ართრიტი ვითარდება ზოგადი ინფექციური დაავადებებისაგან (გრიპი, დიფტერია, ყვავილი, ტიფი, ანგინა,ზედა სასუნთქი გზების კატარი, ოდონტოგენური ქრონიო-სეფსისი და სხვა). კონტაქტური ართრიტი ვითარდება სახსარში ინფექციური პროცესების შეჭრით მეზობელი ქსოვილებიდან. ბავშვებში უფრო ხშირად ეს არის შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, როდესაც ანთებითი პროცესი იწვევს ძვლოვანი სტრუქტურების დაშლას. მოზრდილებში – ქვედა ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, მასტოიდიტი.

მწვავე ართრიტის  დროს აღინიშნება სეროზული ანთება და იშვიათად – ჩირქოვანი. ავადმყოფი უჩივის სახსარში მძაფრი ტკივილის უეცარ გამოჩენას, რომელიც გადაეცემა ყურისა და საფეთქლის მიმართულებით. ქვედა ყბის ნებისმიერი მოძრაობა აძლიერებს ტკივილს.

კლინიკური სურათისათვის მწვავე ფაზაში დამახასიათებელია ქსოვილების ინფილტრაცია და ჰიპერემია სახსრის არეში. გარეთა სასმენი მილი შევიწროებულია. სახსრის პალპაცია. სახსრის პალპაცია ძლიერ მტკივნეულია. სეროზული ანთება მიმდინარეობს ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე, სისხლის ფორმიანი ელემენტების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე.

ქრონიკული ფაზისათვის დამახასითებელია ზომიერი თვითნებითი ტკივილები, რომლებიც ძლიერდებიან პირის გაღების დროს. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პირის გაღება შეზღუდულია, ღეჭვა გაძნელებული.

ქრონიკული ართრიტის დამახასიათებელი ნიშანია ტკაცუნი. იგი შეიძლება იყოს სუსტად, ზომიერად და მკვეთრად გამოხატული, როცა ის პაციენტის გარდა თავისუფლად ესმის ახლომყოფ პირებს.

არასპეციფიკური ართრიტი შეიძლება განვითარდეს რევმატიული ინტოქსიკაციის ფონზე (რევმატიული ართრიტი).  ასეთ შემთხვევაში პროცესი ერთდროულად ლოკალიზებულია ორივე სახსარში. სახსრის ფუნქცია დარღვეულია, სახსრის ირგვლივი ქსოვილების რეაქცია სუსტადაა გამოხატული. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებით, რომლის დროსაც ადგილი აქვს სხეულის სუბფებრილურ ტემპერატურას, ტკივილებს საფეთქელ-ქვედა ყბის ორივე სახსარში და ხშირად სხვა სახსრებშიც. კომპლექსური მკურნალობის ფონზე ანთებითი მოვლენები სწრაფად წყნარდებიან.

მწვავე ტრავმულ ართრიტი ვითარდება სახსრის ერთჯერადი დაზიანებით ტრავმული აგენტის მოქმედების შედეგად (დარტყმა, დაჟეჟვა, ჭრილობა) ან პირის მაქსიმალური გაღებით. მწვავე (დახურული) ტრავმა იწვევს სახსრის იოგოვანი აპარატი გაგლეჯას და სისხლჩაქცევას სახსარში, რასაც მოსდევს სისხლის კოლტის წარმოქმნა. ეს უკანასკნელი შეიძლება გარდაიქმნას ფიბროზულ ზონრებად, რამაც მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზული ანკილოზის განვითარება.

ქრონიკული ტრავმული ართრიტი გამოწვეულია ქვედა ყბის თავის მანკოვანი, არასწორი მდებარეობით ქვედა ყბის ფოსოში, რისი მიზეზიც შეიძლება გახდეს კბილების დიდი ჯგუფის დაკარგვა, არასწორი პროთეზირება, ღრმა თანკბილვა, კბილების გაცვეთა. ზემოხსენებული მიზეზებით მუდმივად და ხანგრძლივად ხდება ქვედა ყბის თავის, ქვედა ყბის ფოსოს და სასახსრე დისკის ტრავმირება.

დასაწყისში ადგილი აქვს უსიამოვნო შეგრძნებას სახსრის არეში, რაც შემდგომში გადადის მუდმივი ხასიათის მნიშვნელოვან ტკივილში, რომელიც ძლიერდება პირის გაღების დროს.

Read Full Post »