Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ანესთეზია’


მინდა კიდევ ერთხელ და უფრო ფართოდ შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა კბილის ამოღება. ერთი შეხედვით ყველასათვის კარგად ნაცნობი, გამოკვლეული და გავრცელებული თემაა მსოფლიოში, მაგრამ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ზუსტად ამ ოპერაციას უკავშირდება ყველაზე მეტი ნეგატიური აზრი და თანამედროვე სტომატოლოგიის ყველაზე ხშირი გართულებები.

ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა განვეწყოთ და მოვემზადოთ კბილის ამოღების ოპერაციისათვის და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ მას შემდეგ.

ექიმმა გითხრათ, რომ კბილი ამოსაღებია, არ დავიწყებ იმის განხილვას თუ რა ჩვენებები აქვს კბილის ამოღებას და არც იმაზე საუბარს, რომ დროულად უნდა მიგეხედათ კბილისთვის.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი ექიმი გირჩევთ კბილის ამოღებას, ამისათვის მას გააჩნია საფუძველიც. ეჭვი გეპარებათ? ჰკითხეთ სხვა ექიმს. არ ენდობით მეორეს? ჰკითხეთ მესამეს. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ექიმის რჩევა, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ და თქვენვე ხართ პასუხისმგებელი თქვენს გადაწყვეტილებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ! ნებისმიერი ქირურგიული მანიპულაცია მწვავე ანთებადი პროცესის დროს, უფრო რთული გადასატანია, ვიდრე მშვიდ პერიოდში. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ კბილის ამოღება მწვავე ტკივილით უფრო არასასიამოვნოა, ვიდრე დაშლილი კბილის გეგმიური ამოღება.

ამიტომ თუკი დაზუსტებით იცით, რომ კბილი ამოსაღებია ნუ დაელოდებით ატკივებას (იგი აუცილებლად აგტკივდებათ!) სჯობს დროულად მიმართოთ სტომატოლოგს და მოიშოროთ იგი.

კბილის ამოღებამდე

თქვენ ჩაეწერეთ ქირურ-სტომატოლოგთან კბილის ამოღებაზე. გეგმავთ კბილის ამოღების ოპერაციას (მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება კბილის ამოღება ეს მარტივი მაგრამ ქირურგიული ოპერაციაა და ყველა პაციენტს გთხოვთ სერიოზულად მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს).

მიღების დრო. ქირურგიული მანიპულაციების ჩასატარებლად ყველაზე მეტად სჯობს შეარჩიოთ დილის საათები.

მიზეზი რამოდენიმეა:

პირველ რიგში – თქვენ ჯერ არ დაღლილხართ. ორგანიზმი სავსეა ენერგიით, ამიტომ მარტივად გადაიტანს ისეთ სტრესს როგორიც ოპერაციაა.

მეორე – ამოღებიდან რამოდენიმე საათში ჩნდება ტკივილები, რაც დამეთანხმებით არასასიამოვნოა. კარგი იქნება თუკი საღამოსკენ გაივლის და თქვენც მშვიდად დაიძინებთ (თუმცა აქვე მინდა დავამატო, რომ თანამედროვე ტკივილგამაყუჩელი საშუალებებით არც ესაა პრობლემა :))

მესამე – თქვენი ექიმიც არ დაღლილა, შესძლებს მოგიძღვნათ დროის მაქსიმუმი.

მეოთხე – გართულების ან რაიმე პრობლემის შემთხვევაში შესძლებთ მიაკითხოთ თქვენს ექიმს დღის განმავლობში და არ მოგიწევთ შუაღამე საეჭვო დაწესებულებების (არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მეც ვმუშაობდი ღამის ექიმად, ამას თავად პაციენტები აღნიშნავენ) ძებნა.

ძირითადად ნებისმიერი ქირურგიული მანიპულაციის წინ პაციენტს ვურჩევ, რომ იყოს ნაჭამი.

პირველ ყოვლისა, მაძღარი ადამიანი თავს მშვიდად გრძნობს, ხოლო მისი ორგანიზმი იოლად უმკლავდება სტრესს. მეორეც ასეთ დროს სისხლის შედედება უკეთესია, რაც ქირურგიული მანიპულაციების დროს მნიშვნელოვანია.

ხოლო ალკოჰოლის მიღება ოპერაციის წინ არასასურველია – იგი ცვლის სისხლის თვისებებს, შედეგად შესაძლოა გაჩნდეს შესიების და გახანგრძლივებული სისხლდენის საშიშროება. არაფერი, რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ნასვამი ადამიანი უყურადღებოა, შესაძლოა იყოს არაადექვატური და ხშირად ავიწყდებათ ექიმის რეკომენდაციები. შედეგად გამორიცხული არაა გართულებებიც.

თუკი იგეგმება სედაცია, ნარკოზი ან ზოგადი გაუტკივარება საკვების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ, მაგრამ ამის შესახებ, როგორც წესი აფრთხილებს ანესთეზიოლოგი.

მაინც თუ ძალიან ნერვიულობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სუსტი სედატიური საშუალებები – ვალერიანის ნაყენი, კორვალოლი, კარგ ეფექტს იძლევა ატარაქსი და ა.შ. ჩვენებების მიხედვით.

თუკი იგეგმება დიდი ქირურგიული ჩარევა, მაგალითად სიბრძნის კბილის რთული ექსტრაქცია, კარგ შედეგებს იძლევა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების და ტკივილგამაყუჩებლების, აგრეთვე ანტიბიოტიკების წინასწარი მიღება. თუ რა, როგორ და რა დოზით ამას მკურნალი ექიმი აგიხსნით.

და ბოლოს ყველაზე მთავარი კარგი და პოზიტიური განწყობა – შედეგიანი მკურნალობის საფუძველია. დაკვირვებული ვარ, რომ მხიარულ და დადებითად განწყობილ პაციენტებს ყველაზე რთული მანიპულაციებიც კი მარტივად გადააქვთ და რეაბილიტაციის პროცესსაც მალე გადიან. ამიტომ მეტი პოზიტივი და კარგი განწყობა! ეს ძალზედ მნიშვნელოვანია!

ვიზიტზე.

პრაქტიკული ქირურგიის პირველი ეტაპი – გაუტკივარებაა. სტომატოლოგიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია – ანესთეტიკებით ოპერაციის ველში ხდება ინერვაციის ბლოკირება, მყარდება ხარისხიანი გაუტკივარება რამოდენიმე საათით.

რა უნდა ვიცოდეთ ანესთეზიის შესახებ?

ყველა თანამედროვე ანესთეტიკი უსაფრთხო და არატოქსიურია, მათი სწორი შერჩევის შემთხვევაში. სტომატოლოგიაში ანესთეზიისათვის გამოიყენება სპეციალური ერთჯერადი შპრიცები და ანესთეტიკის სპეციალური კარპულები. გამორიცხულია ხსნარის ყველანაირი კონტაქტი გარემოსთან და შპრიცთან. ეს ყველაფერი გაუტკივარების პროცესს ხდის მაქსიმალურად კომფორტულს და უსაფრთხოს.

სწორი შერჩევის შემთხვევაში ანესთეტიკები არ მოქმედებს ფეხმძიმობაზე და ძუძუთი კვებაზე. ამიტომ ფეხმძიმეებს და მეძუძურ დედებ შეუძლით და უნდა მიხედონ კბილებს.

ანესთეტიკის შერჩევა ბავშვებში ხდება ასაკის და სხეულის მასის მიხედვით. ანესთეტიკის დოზა ითვლება მილილიტრებში კილოგრამ წონაზე, ძალზედ ადრეულ ასაკში სასურველია ანესთეტიკები ვაზოკონსტრიქტორის (ეპინეფრინი ან ადრენალინი) გარეშე. ბავშვთა ანესთეზიის ძირითადი პრობლემა არა ალერგია, არამედ ზედმეტი დოზის მიღებაა.

თანამედროვე ანესთეტიკები ჰიპოალერგიუალია. ძალზედ სუპერჰიპოალერგიუალი 🙂 ალერგიის შემთხვევები ძალზედ იშვიათია.

არ არსებობს ადამიანი, რომელზეც არ მოქმედებს ანესთეზია. 

ანესთეტიკები არ გროვდება ორგანიზმში. როგორც კი გაივლის მისი მოქმედება – ანესთეტიკი ტოვებს ორგანიზმს, იგი საკმაოდ მალე იშლება. ამიტომ, როგორც კი გაივლის მისი მოქმედება შეიძლება დამატება.


კბილის ამოღების დროს:

კბილის ამოღების ბევრი მეთოდი არსებობს – ყველაფერი დამოკიდებულია საწყის სიტუაციაზე და იმაზე თუ რომელი კბილია ამოსაღები. ყველა კბილისათვის არსებობს სპეციალური ინსტრუმენტი, ამიტომ ექიმის ხელში შესაძლოა აღმოჩნდეს სხვადასხვა ფორმის “მაშები”.

ოპერაციის დროს ექიმის ძირითადი ამოცანაა – არა მარტო ამოიღოს კბილი, შეასრულოს ყველაფერი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კომფორტულად. არ მოგერიდოთ და თქვენი ყველა შეგრძნების შესახებ აცნობეთ ექიმს – ეს მას მუშაობაში დაეხმარება.

მუშაობის დროს შესაძოა იგრძნოთ ზეწოლა, გაიგონოთ მტვრევის ან ტკაცუნის ხმა და ა.შ. ძირითადად კბილის ამოღება არ ითხოვს განსაკუთრებულ ფიზიკურ ზეწოლას, ამიტომ თუკი იქმნება ამის საჭიროება ექიმი გაგაფრთხილებთ ამის შესახებ. მოეკიდეთ ყოველივეს გაგებით. 

ნუ მოითმენთ! როგორც კი იგრძნობთ ტკივილს ან რაიმე დისკომფორტს – აცნობეთ თქვენს ექიმს. დარწმუნებული ვარ იგი სადისტი არ იქნება და აუცილებლობის შემთხვევაში დაგიმატებთ ანესთეზიას.

ამოღებამ საერთო ჯამში შესაძლოა შეადგინოს რამოდენიმე წამიდან 1-2 საათამდე. ყველაფერი დამოკიდებული საწყის სიტუაციაზე.

მას შემდეგ რაც ამოღებულ იქნა კბილი ექიმი ამუშავებს ჭრილობას და აუცილებლობის შემთხვევაში ადებს ნაკერებს. ნაკერების დადების აუცილებლობას წყეტს ექიმი.

თუკი ეჭვი გეპარებათ კბილის მთლიანობაში, ანუ სრულებით მოხდა კბილის ამოღება თუ არა შეგიძლიათ ექიმს სთხოვოთ გაჩვენოთ კბილი. თუკი ნათლათ იხილეთ კბილი მისი ყველა ფესვით საკონტროლო სურათის გადაღება საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

თუკი თქვენც და თქვენს ექიმს ეჭვი ეპარება სრულებით მოხდა თუ არა კბილის ექსტრაქცია (ასეთებიც ხდება ხოლმე, როდესაც ძალიან დაშლილი კბილია) საკონტროლო სურათი ნათელს მოჰფენს არსებულ სიტუაციას.

კბილის ამოღების შემდეგ, ძირითადად ჭრილობა იფარება ბინტის ფილთით. მისი გამოყენების ძირითადი მიზანი – არა სისხლის შეწოვაა, არამედ ჭრილობის კედლების კომპრესია, სისხლდენის შესაჩერებლად. სჯობს კარგად დააჭიროთ და გაიჩეროთ – ჭრილობიდან სისხლდენა გაჩერდება.

რეკომენდაციები კბილის ამოღების შემდეგ

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ორგანიზმი კბილის ამოღებას აღიქვამს, როგორც ტრავმას და შესაბამისად რეაგირებს აღნიშნულ მანიპულაციაზე – პოსტტრავმული ანთება. მისი ხასიათი დამოკიდებულია, როგორც ჩარევის მოცულობაზე ასევე თქვენს ორგანიზმზე, ამიტომ შეუძლებელია პოსტოპერაციული მდგომარეობის ზუსტი გამოცნობა. მიუხედავად ამისა, ექიმის რეკომენდაციების და დანიშნულების მიზანია – ზემოთ ხსენებული ანთების კუპირება. ამიტომ თუ როგორ ჩაივლის პოსტოპერაციული პერიოდი, რამდენად კომფორტული იქნება იგი თქვენთვის, ძირითადად დამოკიდებულია თქვენზე.

1. ბინტის ფილთა გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. ცალკეულ შემთხვევებში (ცუდი შედედების მქონე პაციენტებში ან მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში) 40-60 წუთიც. კიდევ ერთხელ გავმეორდები ფილთის დანიშნულებაა არა სისხლის შეწოვა არამედ კომპრესია (ზეწოლა) ჭრილობაზე, კაპილარული სისხლდენის შესაჩერებლად.

2. 2-3 საათი არ შეიძლება საკვების და სასმელების მიღება. სანამ ჭრილობაში არ ჩამოყალიბდება მყარი თრომბი (შედედებული სისხლი), მასში შესაძლოა მოხვდეს საკვების ნარჩენები და გამოიწვიოს გართულება.  24 საათით იკრძალება ცხელი საკვების და სასმელის მიღება, რადგან შესაძლოა დაირღვეს თრომბის წარმოქმნის პროცესი, რაც გამოიწვევეს ისეთ უსიამოვნო გართლებას, როგორიცაა ალვეოლიტი.

3. 3 დღით გამორიცხეთ მაგარი, ცხელი და ცხარე საკვების მიღება. მაგარმა საკვებმა, ისეთმა როგორიცაა ორცხობილა (სუხარი), ჩიპსი, თხილი, შესაძლოა მოხვდენ ჭრილობაში და გამოიწვიონ ანთება. ცხელი ან ცხარე საკვები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ჭრილობის არეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოსტოპერაციული ანთების გაძლიერება და ტკივილები. ექსტრაქციის შემდეგ ოპტიმალური საკვებია, რომელიც არ გააღიზიანებს ლორწოვანს.

4. 2-3 დღით თავი შეიკავეთ საუნის, სოლარიუმის და ფიზიკური დატვირთვებისაგან. ამ პროცედურებმა შესაძლოა გამოიწვიონ წნევის მომატება, თრომბის ამოვარდნა შედეგად – ტკივილი, შესიება, სისხლდენა და სხვა უსიამოვნებები.

5. ნუ იქექებით ჭრილობაში, ნუ ეცდებით მის გამოწმენდას.  ერთმა პაციენტმა საყვარელი თუთიყუშის ბუბმბულით მოახდინა ჭრილობის ამოიწმენდა საკვებისაგან. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ ამგვარი მანიპულაციებისაგან. თუკი შეამჩნიეთ რამე უჩვეულო დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

6. არ შეიძლება ჭრილობის გამოვლება, ნუ გამოიყენებთ აბაზანებს, მაზებს კომპრესებს და ა.შ. არ ეხება იმ სიტუაციებს თუკი ეს თავად ექიმმა გირჩიათ. სავლებისა და აბაზანების გამოყენებით ხშირად ხდება თრომბის გამორეცხვა. ცარიელი ჭრილობა კი მალე ივსება საკვების ნარჩენებით და ინფიცირდება.

7. პირის ღრუს ჰიგიენა. კბილები უნდა ვიხეხოთ რეგულარულად დღეში 2-ჯერ, ჭრილობის გამოტოვებით. კბილის ამოღების შემდეგ არ შეიძლება ირიგატორის გამოყენება.  (ეჭვი მაქ, რომ საქართველოში ალბათ 1%-იც არ ხმარობს)

8. არავითარ შემთხვევაში სახეზე არ მიიდოთ თბილი კომპრესები! გაცხელებით ძლიერდება სისხლის მიწოდება და შესაძლოა მივიღოთ სერიოზული გართულებები. ცივის გამოყენება კიდევ გამართლებულია, ცივი კომპრესი არა მარტო ავიწროებს სისხლძარღვებს, არამედ ამცირებს შესიების რისკს, სისხლის მიწოდების შემცირებით ამცირებს პოსტოპერაციული ანთების განვითარების რისკს. არ დაგავიწყდეთ მიიდეთ ყინული ნაჭერში ან პირსახოცში გახვეული. კონკრეტულად თუ რამდენი ხნით და როგორ აგიხსნით მკურნალი ექიმი.

9. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არტერიულ წნევა და მიიღონ შესაბამისი პრეპარატები. ჭრილობიდან სისხლდენის, შესიების და ჰემატომის ჩამოყალიბების მიზეზებიდან 90% შემთხვევას შეადგენს მომატებული არტერიული წნევა. ამიტომ სტაბილური არტერიული წნევა – კომფორტული პოსტოპერაციული პერიოდისათვის უმნიშვნელოვანესია.

10. ალბათ ექიმი დაგინიშნავთ რაიმე პრეპარატებს. მათი მიღება აუცილებელია, ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. არაეთიკურია მოიაროთ კლინიკები შეკითხვით, თუ რამდენად სწორია დანიშნული მკურნალობა. რახან ენდეთ თქვენს კონკრეტულ ექიმს, ბოლომდე მიჰყევით მის დანიშნულებას.

  11. თუკი გაწუხებთ რამე, გაქვთ უცნაური შეგრძნებები ან უბრალოდ გაგიჩნდათ შეკითხვა – პირველ რიგში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს. ყველა ნორმალური ექიმი პაციენტს აძლევს საკონტაქტო ნომერს. ხოლო უკეთეს შემთხვევაში იბარებენ პოსტოპერაციულ ვიზიტზე. 

კბილის ამოღების შემდეგ შესაძლოა გქონდეთ სხვადასხვა შეგრძნებები, რაც ასე თუ ისე ახლავს ყველა ქირურგიულ მანიპულაციას:

– ტკივილი ჭრილობის არეში. როგორც წესი ყველაზე მტკივნეული პერიოდი 1-2 საათია ამოღების შემდეგ, როდესაც ანესთეზია იწყებს გასვლას. სხვა შემთხვევებში მცირე ტკივილები შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე დღე – ამიტომ ნიშნავს ექიმი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს.

– ჭრილობის ირგვლივ ღრძილის ან სახის რბილი ქსოვილების შესამჩნევი შესიება. შესიების მიზეზად კვლავ გვევლინება პოსტტრავმული ანთება. განსაკუთრებით ეს ეხება სიბრძნის კბილებს. თავის მაქსიმუმს შესიება აღწევს ოპერაციიდან 2-3 დღეს, ამისი ნუ შეგეშინდებათ. მაგრამ აუცილებელია შესიების კონტროლი, თუკი იგრძნობთ სიტუაციის გაუარესებას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

– პირის გაღების გაძნელება, ტკივილი ყლაპვის დროს. განსაკუთრებით ხშირად ახლავს სიბრძნის კბილების ექსტრაქციას, რაც დაკავშირებულია მათ ანატომიურ მდებარეობასთან. პირის გაღების გაძნელება ვითარდება თუკი პოსტტრავმული შესიება გავრცელდა საღეჭ კუნთებზე. როგორც წესი ამოღებიდან 3-4 დღეს სიტუაცია უკეთესდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

– კანზე სილურჯის ან ჰემატომის (სისხლჩაქცევა) გაჩენა ამოღებულის კბილის მიდამოში. ხშირათ ემართებათ პაციენტებს მომატებული არტერიული წნევით, აგრეთვე სიბრძნის კბილის ექსტრაქციის შემდეგ.

– საღამოს საათებში ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე. ამასთან ღამით ტემპერატურა მაქსიმალურია, ხოლო დილისკენ ნორმალური ან ოდნავ მომატებული. ეს ნორმალური პროცესია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზმი ებრძვის და ერევა წარმოქმნილ ანთებას. აღნიშნულ შემთხვევაში მომატებული ტემპერატურ უნდა განვიხილოთ არა როგორც პათოლოგია, არამედ როგორც ორგანიზმის დაცვითი რეაქცია. ტემპერატური კონტროლი უნდა მოხდეს დღეში ორჯერ ერთსა და იმავე დროს. შედეგები უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს.

– მცირე ხნით ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. როგორიც არ უნდა იყოს ნებისმიერი ოპერაცია – სერიოზული სტრესია. რაზეც ორგანიზმი რეაგირებს შესაბამისად. თეორიულად შეგვიძლია მისი აღმოფხვრა, მაგრამ პრაქტიკულად ეს ყოველთვის არ ხდება – შედეგად ვიღებთ უსიამოვნო შეგრძნებებს თავის ტკივილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობის და ა.შ. სახით. აქ რთულია ვთქვათ რაა ნორმა და რა პათოლოგია, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში დაეკითხეთ მკურნალ ექიმს.

საერთო ჯამში ყველა ეს უსიამოვნო შეგრძნება გადის 6-10 დღეში (განსაკუთრებით რთულ შემთხვევებშ ორ კვირაში), იმ პირობით, რომ შეასრულებთ მკურნალი ექიმის ყველა დანიშნულებას. ყველაზე მთავარი წესი არანაირი თვითმკურნალობა. გართულებების 99% მოდის ან თვითმკურნალობაზე ან დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 

Advertisements

Read Full Post »

საიდუმლო არაა, რომ ჩვენი სტომატოლოგთან ვიზიტის მორიგი გადადების მიზეზი ტკივილის განცდის საშიშროებაა, ხოლო ყველა თავმოყვარე კლინიკის ამოცანაა გადაჭრას ეს პრობლემა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. ამიტომ ღირს ცოტაოდენი ვისაუბროთ ანესთეზიაზეც.

თანამედროვე სტომატოლოგია არ ეთანხმება მოძველებულ წარმოდგენას ”ცოტა მოვითმინოთ” – პაციენტმა არ უნდა იგრძნოს არა მარტო კბილის ტკივილი არამედ უსიამოვნო შეგრძნებებიც კი  მკურნალობისას.

ანესთეზია ახდენს არა „ტკივილის“ ბლოკირებას, არამედ ნერვული იმპულსისას, რომელიც გადასცემს სიგნალს თავის ტვინს. ანესთეტიკი ქსოვილებში მოხვედრის შემდეგ დროებით იწვევს ნერვის ელექტრონული იმპულსების გატარების შეზღუდვას. ამის შემდგომ ანესთეტიკი  სპეციალური ფერმენტების ზემოქმედებით იშლება და ხდება მისი გამოდევნა ორგანიზმიდან. შემდგომ ნერვი აღიდგენს თავის ფუქციებს და თუ სტომატოლოგი აღმოჩნდა სასურველ „დონეზე“, მაშინ უკვე იგრძნობთ საყვარელი საკვების გემოს და არა ტკივილს.

ანესთეზიის ეფექტურობა და მოქმედების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანესთეტიკის სახეობაზე, მის დოზირებასა და შესრულების ტექნიკაზე. დღეისათვის ყველაზე თანამედროვე ანესთეტიკებს წარმოადგენს არტიკაინის ჯგუფის პრეპარატები. აღნიშნული შენაერთი სულ რამოდენიმე წელია რაც გამოჩნდა და წარმოადგენს ისეთი პრეპარატების ფუძეს როგორიცაა: „ულტრაკაინი“, „უბისთეზინი“, „სეპტონესტი“, „ალფაკაინი“ და ა.შ.

არტიკაინის აქტიური მოქმედება 6 ჯერ აღემატება ჩვენთვის კარგად ნაცნობ ნოვოკაინისას, ამიტომ ანესთეზიის დოზა სულ რაღაც 1,5 მლ, განსხვავებით 4-8 მლ რაც ადრე გამოიყენებოდა. მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვები დოზა, მისი ნაკლებ ტოქსიურობიდან გამომდინარე 10,5 მლ-მდეა. ღრმა ანესთეზიის ხანგრძლივობა 6 საათამდეა. ანესთეზიის მოქმედების ძალასა და ხანგრძლივობაზე დიდ გავლენას ახდენს ანესთეტიკში ვაზოკონსტრიქტორის (სისხლძარღვების შემავიწროვებელი) დამატება. მათგან ყველაზე ცნობილი – ადრენალინი და ნორადრენალინია. თანამედროვე პრეპარატებში ვაზოკონსტრიქტორებს ამატებენ ქარხნული წესით, აქედან გამომდინარე დოზების არევა და გადამეტება გამორიცხულია, რასაც ადრეულ ხანებში ჰქონდა ადგილი გულის სწრაფი აჩქარების სახით. ასეთი გართულებები დღეისათვის ძალიან იშვიათია.

ანესთეტიკები რასაც ვიყენებთ ჩვენს კლინიკაში ქარხნულადაა დამზადებული, შეფუთულია შუშის 1,7 მლ ერთჯერად კარპულებში და დაფუძნებულია ზემოთ ხსენებულ არტიკაინზე. ინექცია წარმოებს პირდაპირ კარპულიდან სპეციალური ნემსისა და შპრიცის საშუალებით. ქარხნული შეფუთვიდან იგი არსად არ გადაისხმება და არაფერს არ ერევა.

ალბათ უმეტესობას კარგად ახსოვს სტომატოლოგიურ სავარძელში გაკეთებული „ჩხვლეტა“, რომელიც წარმოებდა ჩვეულებრივი კუნთში გასაკეთებელი ნემსით. ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ულტრა-თხელ 0,3 მმ სისქის ნემსებს, რაც ჩხვლეტის მომენტს თითქმის უმტკივნეულოს ხდის. რა თქმა უნდა საჩხვლეტი არე წინასწარ მუშავდება აეროზოლის ან არომატული გელის დახმარებით.

ბევრს ალბათ აწუხებს პრობლემა, რომ მათზე ანესთეზია არ მოქმედებს. ეს მცდარი შეხედულებაა, სინამდვილეში პრეპარატის მოქმედება დამოკიდებულია: ძვლის აგებულებაზე, ანთებადი კბილის მდგომარეობაზე, ანესთეტიკის ხარისხსა და რაოდენობაზე.

კარგად შესრულებული ანესთეზიის შემდგომ ოპერაციის შემდგომი ტკივილები თითქმის არ აღინიშნება.

ალერგიული რეაქციები არტიკაინის ჯგუფის პრეპარატებზე არ არის აღნიშნული. მათემატიკური გამოთვლებით რექციის საშიშროება 1 – 400 მილიონზე. მაგრამ რათქმა უნდა „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“ და აუცილებელია ექიმი წინასწარ გაფრთხილებულ იქნას პაციენტის ალერგიულობის შესახებ.

არსებობს ანესთეზიის შემდგომი მეთოდები:

აპლიკაციური ანეთეზია

ყველაზე ხშირად აპლიკაციური ანესთეზიისათვის გამოიყენება ლიდოკაინის აეროზოლი და არომატიზირებული გელები. ეს არის ზედაპირული ანესთეზია, რომელიც არ ვრცელდება ღრმად მდებარე ქსოვილებზე. მისი გამოყენება შესაძლებელია: ქვების მოშორებისას, მორყეული კბილების ამოსაღებად, მცირე ზომის პაროდონტალური აბსცესების გასახსნელად, აგრეთვე უფრო ღრმა ანესთეზიის გაკეთების წინ ჩხვლეტის ტკივილის ასაცილებლად.

ინფილტრაციული ანესთეზია

სტომატოლოგიაში ყველაზე მეტად გავრცელებული ანესთეზიის ფორმა, ყველასათვის ნაცნობი ”ჩხვლეტა”. ინფილტრაციული ანესთეზია ტარდება ანესთეტიკის შეყვანით ლორწოვანის, ძვლის საზრდელას ან ძვლის შიგნით. პრეპარატი მარტივად აღწევს ქსოვილებში და დაახლოებით 3-5 წუთში დგება ანესთეზია. გაუტკივარების ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში. მაგ: სტომატოლოგიური ოპერაციებისას, კბილების მკურნალობისას, დეპულპაციისა და არხების დამუშავების დროს. გაუტკივარების ხანგრძლივობა საკმარისია ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევისათვის 60 წუთის განმავლობაში.

გამტარებლობითი ანესთეზია
ამ ანესთეზიის დროს პრეპარატი შეჰყავთ სამწვერა ნერვის ტოტთან, რითაც ხდება ერთ-ერთი მისი ტოტის ბლოკადა. ამასთან გაუტკივარების ეფექტი ვლინდება მხოლოდ იმ მხარეს საითაც მოხდა ანესთეზია. გამტარებლობითი ანესთეზია გამოიყენება ოპერაციული ჩარევებისას დიდ საღეჭ კბილებზე, ღრძილებზე და ფართომაშტაბიანი ოპერაციისას.

Read Full Post »

გერმანელმა სტომატოლოგმა მარია კატერინა კლარკოვსკიმ, რომელიც ფლობს სტომატოლოგიურ კლინიკას მიუნხენში, საკუთარი პერსონალი გამოაწყო ღრმა დეკოლტიან ტანსაცმელში. მისი აზრით ღრმა დეკოლტე იწვევს პაციენტის ყურადღების გადატანას უსიამოვნო პროცედურებისგან. უნიფორმაში ჩაცმული ფერიების შემხედვარე, პაციენტების განწყობა კლინიკაში შესვლისთანავე მაღლდება. გაურკვეველია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს კლინიკა მარტო მამაკაცებს ემსახურება?! ან იქნებ ქალბატონებისთვისაც არიან საწინააღმდეგო სქესის ექიმები? თორე რაღაც დისკრიმინაციის სუნი დაჰკრავს ამ ამბავს

Read Full Post »