Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ანატომია’

სტომატოლოგებს და ექიმ-სპეციალისტებს შეუძლიათ თამამად გამოტოვონ ეს ბლოგი, რადგან ახალს ვერაფერს ვერ გაიგებენ 🙂

მოდით გავიგოთ, თუ, როგორ არის მოწყობილი ჩვენი კბილები და აგებულების რა თავისებურებები მოქმედებენ ზოგიერთი სტომატოლოგიური დაავადების განვითარებაზე. სპეციალურად თქვენთვის მოვამზადე შემდეგი სურათები:

მათი საშუალებით, თქვენ მიიღებთ გარკვეულ წარმოდგენას თუ როგორ არის მოწყობილი კბილები. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული სტატია გამოგადგებათ სტომატოლოგთან ურთიერთობაში და დაავადებების განვითარების და მკურნალობის არსის გაგებაში.

მაშ დავიწყოთ!

ალათ ყველამ იცის, რომ ზრდასრულ ადამიანს 32 კბილი აქვს, სარძევე კბილბის რაოდენობა კი 20-ია. მიუხედავად საკმაოდ შესამჩნევი  განსხვავებისა ზომასა და ფორმაში ყველა ჩვენი კბილი (როგორც მუდმივი ასევე სარძევე) აგებულია თითქმის ერთნაირად და შედგება 2 შესამჩნევი ნაწილისაგან:

კბილის ნაწილს, რომელიც ჩანს პირის ღრუში ეწოდება გვირგვინი ან გვირგვინოვანი ნაწილი. მისი დანიშნულებაა – მყარი და მაგარი საყრდენის შექმნა საკვები დასაქუცმაცებლად, ამიტომ ყველა კბილის გვირგვინი დაფარულია მინანქრით (ემალი).

მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილია, იგი ძვლოვან ქსოვილზეც საკმაოდ მაგარია. იაპონური კატანის (სამურაის ხმალი) პირი ბლაგვდება კბილის მინანქარზე დარტყმით, ხოლო ალმასის ინსტრუმენტები საჭიროებს გამოცვლას კბილზე მუშაობის შემდეგ.

კბილის მინანქარი თითქმის არ შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს (2% ნაკლებს) და არ შეიცავს უჯრედებს. აგრეთვე მინანქარში არ არის ნერვული დაბოლოებები, იგი არ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. ამიტომ კარიესის საწყის სტადიებზე, როდესაც მხოლოდ კბილის მინანქარი ზიანდება პაციენტს აწუხებს მხოლოდ მცირე ზომის ხვრელის არსებობა და საკვების ჩარჩენა (ზოგს ისიც არ აწუხებს).

კბილის მინანქრის წარმომქმნელ უჯრედებს ეწოდებათ ენამელობლასტები (ამელობლასტები). ისინი არიან მხოლოდ კბილის ჩანასახში, ხოლო კბილის ამოჭრის შემდეგ ქრებიან ჩანასახის გარსთან ერთად. ამიტომ კბილის მინანქარს არ შესწევს თვით რეგენერაციის უნარი.

საჭრელებისა და ეშვების ზედაპირზე მინანქარი წარმოქმნის საჭრელ კიდეს, ხოლო საღეჭი კბილების გვირგვინზე – ბორცვებს და ფისურებს:

ასეთი სახით იქმნება ზედაპირი საკვების დასაქუცმაცებლად. კბილის დაბჟენი და რესტავრაციის დროს სტომატოლოგმა უნდა აღადგინოს დაზიანებული ბორცვები და ფისურები – ეს აუცილებელია კბილების და ყბა-კბილთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჩვენი კბილები, რომ ყოფილიყო ბრტყელი და არ ქონოდა ბორცვები გაცილებით მეტი დრო დაგვჭირდებოდა საკვების დასაღეჭად.

უნდა ავღნიშნოთ, რომ მინანქრის სისქე ფისურების არეში საკმაოდ თხელია ვიდრე ბორცვებში. ამასთან ფისურები ძალზედ ძნელად განიცდიან თვითწმენდას, ამიტომ წესიერი ჰიგიენის და პროფილაქტიკის გარეშე ადვილად ზიანდებიან კარიესით, რომელიც ადვილად სცდება კბილის მინანქარს და გადადის დენტინის კარიესში.

კბილის ნაწილს, რომელიც მდებარეობს ღრძილში (ალვეოლაში) ეწოდება ფესვი. კბილის ფესვი დაფარულია დუღაბით, თითქმის ისეთივე მაგარი ნივთიერებით, როგორიც მინანქარია. თუმცა დუღაბი შეიცავს უფრო მეტ ორგანულ ნივთიერებებს, იგი ნაკლებად მყარია ამიტომ მარტივად ზიანდება გარეგანი ზემოქმედებით – ხშირად ვხვდებით ფესვის კარიესს და სოლისებრ დეფექტებს, როდესაც ფესვი გაშიშვლებულია, მაგალითად ღრძილის რეცესიის ან პაროდონტიტის დროს და ა.შ.

დუღაბს უერთდება პაროდონტის ბოჭკოები, რომლებიც იჭერს კბილს ალვეოლაში.  ისინი განსაკუთრებით გამოხატულია კბილის ყელის მიდამოში. იქ მდებარეობს კბილის ირგვლივი იოგი – სწორედ მისი აშრევება ხდება კბილის ამოღების წინ, რათა კბილი ამოვიდეს ზედმეტი ზეწოლის გარეშე და არ გამოიყოლოს გარშემომყოფი ქსოვილები.

კბილის ფესვების რაოდენობა და ფორმა შესაძლოა ვარირებდეს ფართო მაშტაბებში. საჭრელებს და ეშვებს როგორც წესი აქვთ თითო ფესვი, ზედა პატარა საღეჭებს (პრემოლარებს) – ერთი-ორი, ქვედა პრემოლარებს – თითო, ზედა დიდ საღეჭებს (მოლარებს) – სამი, ქვედა მოლარებს –  ორი. მაგრამ ეს წესი მკაცრად დაცული არაა.

1. საჭრელები 2. ეშვები 3. პატარა საღეჭები (პრემოლარები) 4. დიდი საღეჭები (მოლარები)

ფესვების ფორმა ხშირად დამოკიდებულია იმ პირობებზე სადაც კბილი გაიზარდა, რადგან მათი ფორმირება ხდება ყბების ზრდასთან და კბილების ამოჭრასთან ერთად. აი წარმოუდგენელი ფორმის ფესვები:

მოდით გავხერხოთ კბილი შუაზე და ვნახოთ მისი შიგნით რა ხდება:

სურათზე კარგად ჩანს მინანქრის სისქე ბორცვების და ფისურების არეში.

ემალის ქვეშ მდებარეობს დენტინი, იგი წარმოადგენს კბილის ძირითად მასას და მოცულობას. დენტინი ნაკლებად მყარია, ვიდრე მინანქარი და დუღაბი, შეიცავს რა მეტი რაოდენობით ორგანულ ნივთიერებებს. ამასთან ერთად დენტინი წარმოადგენს ფოროვან სტრუქტურას გრძელი სწორი არხებით, რომლებშიც მდებაორებს ოდონტობლასტების მორჩები.

თავად უჯრედი-ოდონტობლასტები მდებარეობენ პულპური ღრუს კედლებზე, ხოლო მათი მორჩები გადიან რა დენტინის მილაკებში მთავრდებიან მინანქარ-დენტინის საზღვარზე.

მინანქარ-დენტინის საზღვარი – ძალიან მგრძნობიარე ზონაა. როგორც კი კარიესული პროცესი უახლოვდება ამ არეს, პაციენტს ეწყება უსიამოვნო შეგრძნებები. გამუდმებული გაღიზიანებების შედეგად ოდონტობლასტების მორჩები კვდება, დენტინის მილაკები ივსება საკვების ნარჩენებით და ბაქტერიებით, ამიტომ გარკვეული დროით კბილის წუხილი ქრება, მიუხედავად იმისა რომ კარიესი აგრძელებს განვითარებას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დენტინის კარიესი ვითარდება უფრო სწრაფად და მოიცავს უფრო დიდ მაშტაბებს ვიდრე მინანქრის. ამიტომ არის რომ მინანქარში მცირე ზომის კარიესული ღრუ დენტინის შემთხვევაში დიდი ზომის დეფექტის სახით გვევლინება.

ამით აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ “ბურღავს” კბილს სტომატოლოგი ერთი შეხედვით მცირე ზომის დეფექტის დროსაც.

კბილის შიგნით მდებარეობს პულპური ღრუ, რომელშიც მდებარეობს პულპა – შემაერთებელი ქსოვილის განსაკუთრებული სახე. პულპა თავის შემადგენლობაში შეიცავს სისხლძარღვებს და ნერვებს, ამიტომ ძალიან მგრძნობიარეა – ხალხში მას “ნერვს” ეძახიან. ნერვ-სისხლძარღვოვანი კონის გარდა, პულპის შემადგენლობაში შედიან შემაერთებელი ქსოვილისათვის დამახასიათებელი ტიპიური უჯრედები და სტრუქტურები (ფიბროციტები, ფიბრობლასტები, კოლაგენური ბოჭკოები და ა.შ.), აგრეთვე სპეციფიური უჯრედები – ოდონტობლასტები. ეს უკანასკნელები როგორც ავღნიშნე მდებარეობს პულპური ღრუს კამერის პერიფერიაზე, იღებენ რა აქტიურ მონაწილეობას დენტინის რეგენერაციაში. დიახ რომ რეგენერაციაში, მინანქრისგან და დუღაბისაგან განსხვავებით დენტინს შეუძლია რეგენერაცია. თუმცა ეს პროცესი არც თუ ისე  ჩვეულად მიმდინარეობს – გაჩენილი დაზიანების უბანი არ ხორცდება, მის მაგივრად პულპური ღრუს მხრიდან ხდეაბ ახალი დენტინის წარმოქმნა, რითაც ცდილობს დაზიანებულ უბანსა და ჯანმრთელ ქსოვილებს შორის მანძილის გაზრდას.

პულპური ღრუ გადადის ფესვის არხებში. არხების ფორმა და რაოდენობა კიდევ უფრო ვარიაბელურია ვიდრე ფესვების – ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი არხი შეიცავს 2 ან 3 არხს. არხში გადის ნერვ-სისხლძარღვოვანი კონა, რომელიც კვებავს კბილის პულპას. იგი კბილიდან გამოდის ფესვის აპიკალური ხვრელით და უერთდება ქვედა ან ზედა ყბის ნერვ-სისხლძარღვოვან წნულებს.

როგორც ავღნიშნეთ კბილის ფესვი დაფარულია დუღაბის თხელი ფენით. იმის გამო, რომ დენტინ-დუღაბის საზღვარი ძალზედ ახლოს მდებარეობს ზედაპირთან, მისი გაშიშვლება ძალზედ მგრძნობიარეს ხდის კბილს.

თუკი გავაფერადებთ ჩვენს შუაზე გაჭრილ კბილს, მივიღებთ შემდეგ სურათს

მოდით განვიხილოთ თანმიმდევრობით:

– ნერვ-სისხლძარღვოვანი კონა, როგორც ავღნიშნეთ კვებავს და აინერვირებს კბილს. ზუსტად მას აშორებს სტომატოლოგი ანთების დროს.

– ღრძილი – ძალზედ მკვრივი ლორწოვანი გარსი. კბილთან წარმოქმნის კბილ- ღრძილოვან ღარს, რომელიც როგორც წესი ცუდად იწმინდება და სადაც გროვდება ნადები და მრავლდებიან ბაქტერიები.

– პერიოდონტალური იოგი, ამაზეც ვისაუბრეთ იჭერს კბილს კბილბუდეში.

მისი ძირითადი ფუნქცია – საღეჭი დატვირთვის ამორტიზაცია და თანაბარი გადანაწილება. რომ არ ყოფილიყო პერიოდონტალური იოგი, ღეჭვა დაემსგავსებოდა ქვა-ღორღიან გზაზე ამორტიზატორების და რესორების გარეშე ავტომობილით სიარულს.

აგრეთვე პერიოდონტალური იოგი შეიცავს რეცეპტორებს, რომლებიც არეგულირებენ საღეჭ ძალას უკუ კავშირის პრინციპით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საღეჭი კუნთები ანვითარებენ გიგანტურ ძალას (600კგ/კვ. სმ), ჩვენი კბილები მთელია.

– რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს კბილი მდებარეობს კბილბუდეში, რომელიც თავის მხრივ მდებარეობს ყბის ალვეოლურ მორჩზე და გარშემორტყმულია ძვლოვანი ქსოვილით. ამიტომ კბილის ამოღების შემდეგ ხანდახან რჩება ხოლმე ამოშვერილი ძვლის ფრაგმენტები, რომლებიც ფესვის ნარჩენებში ერევათ.

თითქმის ყველა ჩამოთვლილი სტრუქტურა ჩანს რენტგენოლოგიურ სურათზე

არ არის საჭირო კბილის ამოღება და შუაზე გაჭრა, რომ ვნახოთ თუ რა არის შიგნით – ამას ყველაფერს ნათლად ვხედავთ რენტგენოლოგიური კვლევებისას. ამიტომ ყველა სტომატოლოგმა, ყველა სტომატოლოგის პაციენტმა კეთილი სიტყვით მოვიხსენიოთ ვილჰელმ კონრად რენტგენი, რომელმაც 1895 წელს მოახდინა შესანიშნავი აღმოჩენა.

Read Full Post »