თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია რენტგენოგრაფიის გარეშე. დღეისათვის დიაგნოსტიკის ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია დავინახოთ პირის ღრუს ისეთი ადგილები, რაც ადრე თვალისთვის უხილავი იყო. კბილის რენტგენოლოგიური სურათი – ერთის მხრივ უკვე ჩვეული და ამავდროულად საშიში სიტყვათა შეთავსება, რომელიც ადამიანებში იწვევს სხვადასხვა ასოციაციებს. რენტგენი – რადიაცია – სხივური დაავადება – დაახლოებით ასეთი წარმოდგენების სია უყალიბდებათ სტომატოლოგიური კლინიკების პაციენტებს. საშიშია თუ არა კბილის რენტგენი, შეიძლება თუ არა რენტგენის გადაღება ფეხმძიმობისას და რა საჭიროა ბავშვის სარძევე კბილების რენტგენი გაეცანით ჩვენს სტატიაში.
რა ჩანს კბილების რენტგენზე?
არხების მკურნალობა, იმპლანტაცია, პროთეზირება, სინუს-ლიფტინგი, – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაცია შეუძლებელია რენტგენის გარეშე. კბილების რენტგენის გადაღება აუცილებელია რათა შეფასდეს ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობა, არხების შევსების ხარისხი (ფესვების სურათი), ფარული კარიესის აღმოსაჩენად, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს: ძველი ბჟენის, გვირგვინის ან კბილითაშუა სივრცეში. კბილის რენტგენზე ასევე ჩანს პერიოდონტის (ფესვის ირგვლივი ქსოვილები) და პაროდონტის (მთლიანად კბილის ირგვლივი ქსოვილები) მდგომარეობა, ბზარები ან არხების ანთებადი პროცესები. რენტგენის საშუალებით სტომატოლოგს შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც პაციენტის ჩივილები და სიმპტომები მიუთითებს რამოდენიმე დაავადებას ერთდროულად ან როდესაც არ გვაქ მკვეთრად გამოხატული დაზიანება. ასეთ დროს სტომატოლოგს არ უწევს გამორიცხვის მეთოდით კბილის ბურღვა.
როგორი სახის რენტგენები არსებობს?
იმის მიხედვით თუ რა ამოცანა დგას ექიმის წინაშე, მას შეუძლია დაუნიშნოს პაციენტს რენტგენოგრაფიის ერთ-ერთი სახე: პირშიგნითა ანუ დენტალური, პანორამული ანუ ორთოპანთომოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია. პირშიგნითა ანუ დენტალური რენტგენი გამოიყენება, როდესაც აუცილებელია მიზანმიმართული სურათი კონკრეტული კბილის ან რამოდენიმე გვერდით მდგომი კბილების. თუკი საჭიროა ზოგადი წარმოდგენა ყბებზე, ანთების კერებზე, ჰაიმორის წიაღებზე, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრებზე, პერიოდონტის ქსოვილებზე ინიშნება პანორამული ანუ ორთოპანთომოგრაფიული სურათი. კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) შეუცვლელია იმპლანტაციის, ძვლის აუგმენტაციის, სინუს-ლიფტინგის დროს. კომპიუტერი აკეთებს ყბის სურათებს სხვადასხვა პროექციით და შემდგომ ადგენს პაციენტის ყბის 3D-მოდელს. ასეთი კბილების 3D რენტგენი საშუალებას იძლევა უფრო ფართო და მოცულობითი წარმოდგენა ვიქონიოთ პაციენტის პირის ღრუს შესახებ.
რამდენად მავნეა კბილის რენტგენი?
პაციენტების უმეტესობას აწუხებს კითხვა: მავნეა თუ არა კბილის რენტგენი? არსებობს აზრი რომ კბილის რენტგენი საზიანოა. დღეისათვის ეს მხოლოდ მითია. რაც ეხება დასხივების დოზას, რომელსაც იღებს ადამიანი ასეთი კვლევის დროს ეს არის 0,002 – 0,003x მზვ (მილიზივერტი – ერთეული, რომელიც გამოიყენება დასხივების რაოდენობის აღსანიშნავად), ხოლო წელიწადში დასაშვები დოზა არის 1 მზვ. ასე, რომ კბილის რენტგენი შეგიძლიათ გადაიღოთ რამდენიც გნებავთ, მთავარი მიზანი ამ კვლევის ხომ – მკურნალობის ხარისხის ამაღლება და პირის ღრუს დაავადებების მკურნალობაა. ასევე აღსანიშნავია, რომ გარემოდან ჩვენ ისედაც ვიღებთ დასხივებას დაახლოებით 2-3 მზვ წელიწადში, ამდენივეს 2-3 საათიანი ფრენის დროს.
ლეტალობის ანუ სიკვდილიანობის გამომწვევი მუტაციის ან სხივური დაავადების შიში საჭიროა როდესაც დასხივება 1000მზვ მეტია. გაეროს ატომური რადიაციის სამეცნიერო კომიტეტის მონაცემებით ერთდროულად 500მზვ დასხივებისას ხდება მცირეხნიანი სისხლის შემადგენლობის ცვლილება, რომელიც თავისით აღდგება.
ადრე რენტგენის სურათის მისაღებად გამოიყენებოდა ფირი, დაახლოებით ისეთი, რომელიც იდება ფოტოაპარატში. მასზე ხდებოდა სურათის პროეცირება. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა შევცვალოთ ტრადიციული რენტგენის ფირი სენსორით, რომელიც გარდაქმნის რენტგენის სხივს ციფრულ სიგნალში. ამასთან აპარატი რჩება იგივე, იცვლება მხოლოდ ამღმქმელი მოწყობილობა. მაგრამ ციფრულ სენსორს სჭირდება 5 ჯერ ნაკლები დრო ვიდრე ფირს, შესაბამისად დასხივების დოზაც მცირდება პროპორციულად. აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება დასხივებას, რომელიც გრძელდება წამის მეასედები: 0,05-0,3 ციფრული ვიზიოგრაფი და 0,5-1,2 ფირის შემთხვევაში. რთული არაა იმის გამოთვლა თუ წელიწადში რამდენჯერ შეიძლება რენტგენის გადაღება უსაფრთხოდ: 300-500 ჯერ ციფრულ აპარატზე და 100 ჯერ ფირზე.
რატომ უნდა მოვიხსნათ საყურეები რენტგენის გადაღებისას?
მთელი ყბის გადაღების დროს რენტგენოლოგები პაციენტებს თხოვენ მოიხსნან სამკაულები. ეს ხდება იმისთვის, რომ გამოსახულებაზე არ გამოჩნდეს ჩრდილები ან ე.წ. “არტეფაქტები”, რაც უარყოფითად აისახება სურათის ხარისხზე და შეიძება შეცდომაში შეიყვანოს ექიმი. რენტგენოლოგიურ სურათზე უცხო სხეულების არსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი დიაგნოსტირება
როგორ გამოიყურება კბილების სურათი: რენტგენის ფოტო
შესაძლოა თუ არა რენტგენის გადაღება ფეხმძიმობისას?
ფეხმძიმობისთვის საჭიროა წინასწარ მომზადება, ამ მომზადების გეგმაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ვიზიტი სტომატოლოგთან. თუმცა თუკი ისე მოხდა, რომ საჭიროა რენტგენის გადაღება ფეხმძიმობისას, აუცილებელია კონკრეტული დანიშნულების შესრულება და ექიმის რჩევების მოსმენა. არ არის სასურველი პირველ ტრიმესტრში სურათის გადაღება, სჯობს 5 თვემდე თავის შეკავება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ დასხივების საერთო დოზა ფეხმძიმობისას არ აღემატებოდეს 1მზვ. როგორც დავითვალეთ ეს არის დაახლოებით 300 სურათი თანამედროვე ციფრულ აპარატზე ან 80 პანორამა ან 20 კომპიუტერული ტომოგრაფია. ამასთან სასურველია გამოვიყენოთ ყველანაირი დამცავი საშუალებები: სპეციალური ტყვიის წინსაფარი მუცელზე და საყელო. უნდა გვახსოვდეს, რომ რენტგენზე მეტი ზიანი ორსულისთვის არის ექიმთან მისვლის და ამა თუ იმ მანიპულაციის უსაფრთხოების სტრესი, არაფერი რომ არ ვთქვათ ტკივილზე.
საშიშია თუ არა რენტგენი ძუძუთი კვების დროს?
რენტგენოლოგიური გამოსხივება არ რჩება გარემოში, შუქის ტალღებივით გადის ობიექტებში, მკვრივ საგნებში და სხეულებში ჩერდება მეტხანს, ხოლო უფრო ფაშარში ნაკლებხანს. ასე, რომ ყველას ვისაც აწუხებს კითხვა შეიძლება თუ არა ძუძუთი კვების დროს რენტგენის გადაღება შეგვიძლია უპასუხოთ: რა თქმა უნდა შეიძლება. რძეს დასხივება არ “გააფუჭებს” 🙂 იგი შესაძლოა მცირე ხნით გაჩერდეს სარძევე ჯირკვლებში. სტომატოლოგიაში და საერთოდ მედიცინაშიც გამოიყენება დასხივების მინი დოზები, რამოდენიმე ათეულით ნაკლები ვიდრე საშიშ დოზებად მიღებული დასხივებები. ამიტომ ჩვენების არსებობისას და სათანადოდ აღჭურვილი კლინიკის პირობებში იგი საკმაოდ უსაფრთხოა. საკუთარი თავის დამშვიდების მიზნით კი შეგიძლიათ ერთი კვება ჩააგდოთ.
რატომ უნდა გადაუღოთ რენტგენი ბავშვებს?
ბავშვების და მოზარდების პირის ღრუს დაავადებების ადექვატური დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის არსებობა. ასეთი ინფორმაციის მოცემა შეუძლია პანორამულ სურათს. კბილების 50% დაფარულია და სტომატოლოგი უბრალოდ ვერ ხედავს მათ. ასეთ შემთხვევებში ექიმის დამხმარედ გვევლინება რენტგენი. პანორამულ სურათზე გამოჩნდება კბილთა შუა სივრცეებში კარიესი ხომ არაა, ფესვების მდგომარეობა, მუდმივი კბილების ჩანასახები. სურათის მიხედვით სტომატოლოგს შეუძლია ივარაუდოს მოცვლის ვადები, აღმოაჩინოს რეტენციული ან გადახრილი ჩანასახები. ასეთი ადრეული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა გამოვიცნოთ თანკბილვის შესაძლო ანომალია და თავიდან ავირიდოთ იგი. ამ სტადიაზე თანკვილვის გამოსწორება გაცილებით იოლია და რიგ შემთხვევებში საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ბრეკეტებით მკურნალობა.
კომენტარის დატოვება