Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ჰერპესი’

პირის ღრუში აივ ინფექციის, შიდსის გამოვლინების თავისებურებები.

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია

საქართველოში 2012 წლის 1 მარტის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:

შიდსის ვირუსით ინფიცირების 3195 შემთხვევა

2341 – მამაკაცი

854 – ქალი

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 1953 პაციენტს, 703 გარდაიცვალა.

2012 წელს გამოვლინდა 80 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 1124 პაციენტი, მათგან 35 – ბავშვი.

80-იანი წლებისათვის უკვე ცნობილი იყო პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და პაროდონტის დაზიანების 15-ზე მეტი სიმპტომი, რომლებიც ინფექციური დაავადების სხვადასხვა სტადიაზე ჩნდებოდა. 1985 წელს დევიდ ჰო-მ თანაავტორებთან ერთად გამოავლინა აივ ინფექციის არსებობა პირის ღრუს სითხეში.

ექიმმა-სტომატოლოგმა უნდა იცოდეს პირის ღრუს დაზიანების სიმპტომები დაავადების სხვადასხვა სტადიაზე და მისი განვითარების პათოგენეზი.

ექიმი-სტომატოლოგი შესაძლოა მონაწილეობდეს „აივ ინფექციის“ დიაგნოზის დასმაში, როგორც საწყის ასევე ტერმინალურ სტადიაზე.

ექიმი-სტომატოლოგი ვალდებულია გაუწიოს სრული სტომატოლოგიური მომსახურება აივ ინფიცირებულს ასეპტიკის და ანტისეპტიკის კანონების სრული დაცვით.

აივ-ინფექციის პირის ღრუში გამოვლინება მრავალფეროვანია. სოკოვანი, ვირუსული, ბაქტერიული დაზიანებები და ა.შ. ინკუბაციის პერიოდში ნათელი სიმპტომების არ არსებობის გამო ექიმ-სტომატოლოგს არ შეუძლია აივ-ინფექციის დიაგნოსტირება. მწვავე სტადიის დროს გვხვდება კატარალური გამოვლინებები სტომატიტის, გინგივიტის და მონონუკლეოზის მაგვარი მდგომარეობები.

 აივ-ინფიცირებულების პირის ღრუს და ლორწოვანი გარსის დაზიანება პირველ რიგში დაკავშირებულია ე.წ. მეორადი დაავადებების განვითარებასთან – ოპორტუნისტულ ინფექციებთან და სიმსივნეებთან, რომლებიც ახასიათებს იმუნოდეფიციტურ მდგომარეობებს.

გამოყოფილია ასეთი დაზიანებების 3 ჯგუფი:

  1. პირის ღრუს დაზიანებები, რომლებიც ხშირად დაკავშირებულია აივ-ინფექციასთან: კანდიდოზი, მათ შორის ანგულარული ქეილიტი, „თმიანი ლეიკოპლაკია“, აივ-გინგივიტი, აივ-პაროდონტიტი (გენერალიზებული პაროდონტიტი), კაპოშის სარკომა, ხოჯიკის ლიმფომა;
  2. დაზიანებები, რომლებიც იშვიათადაა დაკავშირებული აივ-ინფექციასთან (მაგალითად, ატიპიური გამოვლინება, სანერწყვე ჯირკვლის დაავადებები);
  3. დაზიანებები, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს აივ-ინფექციასთან; ბაქტერიული ინფექციები (გინგივიტის გარდა, არაგენერალიზებული პაროდონტიტი).

ლორწოვანი გარსის და კანის საფარველის დაზიანება ძირითადად იწყება კანდიდოზის განვითარებით. გამომწვევი – საფუარა სოკოები Candida. არსებული 80 სახეობიდან ადამიანისათვის პათოგენური მხოლოდ 20-ია. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭებათ კანდიდოზებს, რომლებიც გამოწვეულია C. Albicans და C. Tropicalis მიერ. Candida სოკოები აზიანებენ არა მხოლოდ ლორწოვანს, არამედ კანს და მის დანამატებს (თმა, ფრჩხილები), ასევე შინაგან ორგანოებსაც.

გლანდულური ქეილიტი ჩნდება, როგორც ერითემა ან ტუჩის კუთხეების ნახეთქი. იგი შესაძლოა განვითარდეს ერითემატოზულ კანდიდოზთან და ფსევდომემბრანულ კანდიდოზთან ერთად, ან ცალკე. მკურნალობის გარეშე დაავადება საკმაოდ დიდ ხანს მიმდინარეობს.

ერითემატოზული კანდიდოზი (მწვავე ატროფიული კანდიდოზი), სავარაუდოდ ყველაზე იშვიათად და შეცდომით დიაგნოსტირებადი აივ-ინფექციის გამოვლინება პირის ღრუში.  დაავადება ვლინდება, როგორც წითელი, ბრტყელი, ძნელად შესამჩნევი დაზიანება ენის დორსალურ ზედაპირზე, მაგარ ან რბილ სასაზე. დაზიანებამ შესაძლოა მიიღის „სარკის“ ფორმა: თუკი დაზიანება აღინიშნება ენაზე უნდა ვეძებოთ იგივე დაზიანება სასაზე და პირიქით.

აღნიშნულ დაავადებას აქვს მკვეთრი სიმპტომები: პაციენტები პირის ღრუში უჩივიან წვის შეგრძნებას, ყველაზე ხშირად – მარილიანი ან ცხარე საკვების ან მჟავე სასმელების მიღებისას. კლინიკური დიაგნოზი ეფუძნება დაზიანების იერსახეს, აგრეთვე დაავადების ისტორიას და მის ვირუსულ სტატუსს.

ფსევდომემბრანოზული კანდიდოზი ჩნდება რბილი, ხაჭოსებრი ბალთების სახით ლოყებზე, ენაზე ან სხვა ლორწოვან ზედაპირებზე. აღნიშნული ბალთები შპადელის დახმარებით ადვილად შორდება, მათ ადგილას კი ჩნდება მოწითალო ან სისხლმდენი ლაქები.  როგორც წესი დაავადებას იწვევს Candida Albicans-ი, ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია აღნიშნული გამოვლინების სხვა ბაქტერიებით გამოწვევის შესახებ. კანდიდოზის აღნიშნული ფორმა გვხვდება აივ-ინფიცირებულების 83,3% შემთხვევაში.

უფრო იშვიათია ქრონიკული ჰიპერპლასტიური კანდიდოზი, რომელიც მწეველების ლეიკოპლაკიას მოგვაგონებს. დაავადების ელემენტები განლაგებულია ლოყების, მაგარი და რბილი სასის ლორწოვანზე ორივე მხარეს.

ჰისტოპლაზმოზი ღრმა სისტემური მიკოზი გამომწვევის ასპირაციული გადაცემის მექანიზმით. იწვევს ორფაზიანი, ან დიმორფული სოკო Histoplasma capsulatum. არაკონტაგიოზურია; გვხვდება მიცელური და საფუარა ვარიანტები. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ ჰისტოპლაზმოზის მარტივ და მეორად, დისემინირებულ ფორმებს.  დისემინირებული ფორმის დროს ლორწოვანის დაზიანება მკვეთრად გამოხატულია: ღრძილები, სასა, ხახა წყლულდება, წყლულების ზედაპირი ბორცვოვანია, კიდეებზე ვითარდება გრანულაციები, ინფილტრაცია. შესაძლებელია კანქვეშა უჯრედისის წყლულოვანი დაზიანებაც.

ბაქტერიული ინფექციები ხშირად ასოცირდება სხვადასხვა გამომწვევებთან (ფუზოსპიროქეტები, სტრეპტო ან სტაფილოკოკები). აღნიშნული ინფექციების გამოვლინება შესაძლოა იყოს გინგივიტი, ღრძილის ან ლოყის, სასის ლორწოვანი გარსის აივ-ნეკროტული დაზიანება, აივ-ქრონიკული პაროდონტიტი.

კლინიკურად აივ-გინგივიტი (ღრძილების ხაზოვანი ერითემა) ვლინდება უწყვეტი ერითემატოზული ზოლის სახით. რომლის სიგანე არ აღემატება 1,0 მმ.  ანემიურად მიმაგრებული ღრძილის ფონზე აღინიშნება სისხლდენა. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა გაქრეს 3-4 კვირაზე, მაგრამ მალევე ჩნდება რეციდივი. ღრძილი მკვეთრად წითელია და შეშუპებული. ღრძილის კიდე და კბილთაშუა დვრილები ნეკროტიზირებულია, იფარება მოსერო-მოყვითალო ფერის ნადებით. ხშირად ზიანდება ფრონტალური უბნის კბილების ლორწოვანი. დაავადებულების ნაწილს წყლულოვან-ნეკროზული აივ-გინგივიტის პროგრესირებადი სახე აქვს – აღინიშნება რბილი ქსოვილების და ძვლოვანი სტრუქტურების დანაკარგი, სექვესტრაცია.


ნეკროზული გინგივიტი და პაროდონტიტი
შესაძლოა ასახავდნენ ერთი და იმავე დაავადებას, თუმცა მათ განასხვავებს ის ფაქტი, რომ ერთი სწრაფად აზიანებს რბილ ქსოვილებს, ხოლო მეორე – მაგარს.

ნეკროზულ-წყლულოვანი პაროდონტიტი  წარმოადგენს იმუნიტეტის დაქვეითების ნიშანს. დაავადებას ახლავს ძლიერი ტკივილი, კბილების დაკარგვა, სისხლდენა ღრძილებიდან, უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ღრძილის დვრილების დაწყლულება და ძვლოვანი ქსოვილის სწრაფი ლიზისი. მტკივნეულ შეგრძნებებს პაციენტები აღწერენ, როგორც „ტკივილი ღრმად ყბაში“.

ვირუსული ინფექციები ხშირად ხელს უწყობენ აივ-ინფიცირებული პაციენტების ლორწოვანი გარსის დაზიანებებს. აივ-ინფიცირებულების კლინიკურ სიმპტომატიკაში ხშრია მარტივი ჰერპესის ვირუსით ლორწოვანის გამოწვეული დაზიანება.

მარტივი ჰერპესი. მარტივი ჰერპესის ვირუსი – დნმ-შემცველი ვირუსი (herpes simplex) Herpesviridaes ოჯახიდან. გამოყოფილია ვირუსის 8 ანტიგენური  ტიპი; ყველაზე გავრცელებულია პირველი ტიპი. მეორე ტიპის ვირუსთან დაკავშირებულია გენიტალური ჰერპესი და ჩვილების გენერალიზებული ინფექცია. პირველადი ინფექცია შესაძლოა იყოს უსიმპტომო, შემდგომ მოდის ფარული პერიოდი

განარჩევენ პირველად და მორეციდივე მარტივ ჰერპესს.

მარტივი ჰერპესის ძირითადი კლინიკური ნიშნებია: ერთჯერადი გამოვლენა კანზე და ლორწოვან გარსზე მცირე ზომის ბუშტუკების ჯგუფების სახით. აღნიშნული ბუშტუკები სავსეა გამჭირვალე სეროზული სითხით, რომელიც თანდათან მუქდება. ხშირად ჰერპესი ჩნდება ტუჩებზე, პირის ირგვლივ კანზე, ცხვირზე, იშვიათად ლოყობზე, ქუთუთოებზე, ყურის ნიჟარებზე.

პიველად ჰერპესულ გინგივოსტომატიტს აქვს ლოკალური და ზოგადი გამოვლინებები. ავადდებიან ძირითადად ბავშვები, მოზარდები ან დიდები 25 წლამდე. დაავადებას ახლავს ციებ-ცხელება და შეუძლოდ ყოფნა. რეგიონული ლიმფური კვანძები შესიებული და პალპაციით მტკივნეულია. 1-2 დღეში ჩნდება დაზიანებები ღრძილზე, მაგარ სასაზე და ლორწოვანი გარსის სხვა უბნებზე, ასევე ტუჩის წითელ ყაეთანზე.

დაზიანების ელემენტებად გვევლინება ბუშტუკები, რომლებიც მალე სკდება და გადაიქცევა მტკივნეულ ეროზიებად და წყლულებად. მათი შეხორცება მიმდინარეობს 1 დღიდან 2 კვირამდე.

აივ-ინფექციისას აღნიშნავენ ჰერპესული დაზიანებების ხშირ რეციდივებს პირის ღრუში, ტუჩებზე და სასქესო ორგანოებზე. ლოკალიზაციის მიხედვით ეს დაზიანებები ატიპიურია და მტკივნეული, რჩება დიდი ხნით; ჩნდებიან ენაზე, რბილ სასაზე, პირის ღრუს ფსკერზე, ტუჩებზე.

ჰერპესული წყლულები აივ-ინფექციისას დიდი ზომისაა და მათი დიამეტრი აღწევს 3 სმ. მათ აქვთ უსწორმასწორო, კრატერისებრი, წამოწეული კიდეები და წითელი ფსკერი. შესაძლოა დაფარული იყოს მოთეთრო-მოსერო ფერის ნადებით. დაზიანების ელემენტები მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემას, წყლოლოვან-ნეკროზულ სტომატიტს ან მძიმე ფორმის კანდიდოზს მოგვაგონებს.

მორეციდივე ჰერპესის დროს გამონაყარი ძირითადად განლაგებულია ერთი და იმავე ადგილას. ჰერპესის გამონაყარს თან ახლავს ქავილის, ჩხვლეტის, ხანდახან ტკივილის შეგრძნებაც. ქერქები თანდათან ცვივა, ეროზიები განიცდის ეპითელიზაციას.

შემომსარტყვლელი ჰერპესი. ვირუსული დაავადება, გამოწვეული დნმ შემცველი ვირუსით (Varicella zoster virus – VZV)Herpesviridaes ოჯახიდან.

ძირითადი კლინიკური გამოვლინებებია: მრავლობითი ვეზიკულური გამონაყარი ჰიპერემიულ და შეშუპებულ ფონზე, გარკვეული ნერვების მიმართულებით, ძირითადად სხეულის ცალ მხარეზე.

დაავადებას წინ ახლავს ქავილის, ჩხვლეტის შეგრძნება, ძირითადად ნევრელგიური ხასიათის  ტკივილები დაზიანებული ნერვის გასწვრივ. ტკივილი ძლიერ გამოხატულია გამონაყარის არეში სამწვერა ნერვის მიმართულებით. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჩხვლეტის შეგრძნებებს, ჰიპერალგეზიას, პარესთეზიას, შესაძლოა ტემპერატურის მომატება 38-390C

კანზე გამონაყარი იწყება შეშუპებული ერითემით, მის ფონზე კი ჩნდება ბუშტუკები მღვრიე მოსერო ან მოსერო-ჰემორაგიული შიგთავსით.

ჩნდება რეგიონული ლიმფადენიტები, ბუშტუკები კანზე წარმოქნიან ქერქებს, რომელთა მოცილების შემდეგ ჩნდება კანის პიგმენტაცია.

შემომსარტყვლელი ჰერპესი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. თუმცა 10 წლამდე ბავშვებში იგი თითქმის არ გვხვდება. დაავადების პროგნოზი ძირითადად საიმედოა. დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს.

აივ-ინფექციისას შემომსარტყვლელი ჰერპესის გამოვლინებას შესაძლოა ჰქონდეს ნებისმიერი ლოკალიზაცია, მათ შორის სახეზე და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, ხოლო შიდსის სტადიაში მარტივი და შემომსარტყვლელი ჰერპესი მიმდინარეობს მკვეთრად გამოხატული გამონაყარით, დაავადებას ემატება მეორადი პიოგენური მიკროფლორა, რასაც ავადმყოფები ძნელად იტანენ.

„თმიანი“ ლეიკოპლაკია გვხვდება აივ ინფიცირებულების 98%-ში, რაც მას დაავადების მარკერადაც ხდის. „თმიანი“ ლეიკოპლაკიის განვითარება დაკავშირებულია ენის ეპითელიუმში ეპშტეინ-ბარის ვირუსის რეპლიკაციის მაღალ მაჩვენებელთან.

 „თმიან“ ლეიკოპლაკია წარმოადგენს ენის გვერდების გასწვრივ მდებარე მოთეთრო ფერის ზოლებს, რომლებიც მოფხეკის დროს არ ცილდება. ისინი ასევე შესაძლოა განლაგებული იყოს ენის ზურგზე, ლოყების ლორწოვანზე, პირის ღრუს ფსკერზე და სასაზე. ძლიერი ანტირეტროვირუსული პრეპარატების გამოჩენის შემდეგ აღნიშნული დაავადების გამოვლინების სიხშირე შემცირდა. აღნიშნული დაავადება მიმდინარეობს, როგორც წესი უსიმპტომოდ და არ საჭიროებს მკურნალობას, მხოლოდ კოსმეტიკური თვალსაზრისით პაციენტს შესაძლოა აწუხებდეს ენის მდგომარეობა. მნიშნველოვანია ის ფაქტი, რომ „თმიანი“ ლეიკოპლაკია აღინიშნება იმუნიტეტის დაქვეითებისას, ანტივირუსული მკურნალობისას მისი არსებობა მკურნალობის არაადექვატურობაზე მიუთითებს.

ვირუსული მეჭეჭი. დაავადება, რომელიც ნაწილობრივ აზიანებს აივ-ინფიცირებულებს. მისი გამომწვევია დნმ შემცველი პაპილომავირუსი Papovaviridae ოჯახიდან Papillomavirus ჯგუფი. ცნობილია ადამიანის 50 პაპილომავირუსი, მათ შორის 6-და 11 ტიპები ასოცირდება მეჭეჭების განვითარებასთან პირის ღრუს, პირ-ხახის და სასქესო ორგანოების ლორწოვანზე.

პირის ღრუში პაპილომა ვირუსით გამოწვეული მეჭეჭების გამოვლენა მნიშვნელოვნად გახშირდა ახალი მაღალეფექტური ანტირეტროვირუსული პრეპარატების გამოჩენით. როგორც კვლევებიდან ჩანს HPV მეჭეჭების გამოჩენა დაკავშირებულია სისიხლის პლაზმაში აივ-რნმ-ის შემცირებასთან ათჯერ ან უფრო მეტად. ამ დაკვირვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეჭეჭების გაჩენა დაკავშირებულია იმუნიტეტის აღდგენასთან. მეჭეჭების ზედაპირი წააგავს ყვავილოვან კომბოსტოს, აქვს ბასრი კიდეები, შესაძლოა იყოს გამოშვერილი ან ბრტყელი.

აივ-ინფიცირებულებში აღწერილია სასის, ზედა და ქვედა ყბის ალვეოლური მორჩის მრავლობითი კონდილომები. მათი გამოჩენა დაკავშირებულია აივ-ინფექციის გადასვლასთან შიდსში.

ასევე ხშირია აფთოზური წყლულები, მათი გაჩენის მიზეზები უცნობია. ისინი ძალზედ მტკივნეულია მარილიანი, მჟავე და ცხარე საკვების ან სასმელის მიღებისას. იმუნიტეტის დეფიციტიან პაციენტებში აღნიშნული დაზიანებები 7-14 კვირა გრძელდება.

კაპოშის სარკომა (სისხლძარღვოვანი სიმსივნე, ანგიორეტიკულოზი) ჯერ კიდევ რჩება ყველაზე ხშირ პირის ღრუს დაავადებად აივ-ინფიცირებულებში. თუმცა მისი გავრცელება საკმაოდ შემცირდა ახალი ანტირეტროვირუსული პრეპარატების გამოჩენის შემდეგ.

ჩვეულებრივ კაპოშის სარკომა, არაა დაკავშირებული აივ-ინფექციასთან, ვითარდება ხნიერ ასაკში. ვლინდება ქვედა კიდურების დისტალური ნაწილების სიმეტრიულ დაზიანებაში, შემდგომ ვრცელდება კანის სხვა ზედაპირებზე.

აივ-ინფექციის დროს განვითარებული კაპოშის სარკომის განმასხვავებელი ნიშნებია – ახალგაზრდა ასაკი და აგრესიული განვითარება. კაპოშის სარკომა, როგორც აივ-ინფექციის საწყისი ნიშანი გვხვდება დაავადებულების 30%, მათ შორის 50-90% აღენიშნება დაზიანება პირის ღრუში. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ლაქების, კვანძების, შესიები ან წყლელების სახით, ხოლო ფერი ვარირებს წითლიდან მეწამულამდე. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია ბიოფსია.

B-უჯრედოვანი ლიმფომა (ხოჯკინის) აღწერილია 1982 წელს. აივ-ინფიცირებულებში გავრცელების მხრივ კაპოშის სარკომის შემდგომ მას მეორე ადგილი უკავია.

უნდა აღინოშნოს, რომ ეფექტური ანტირეტროვირუსული პრეპარატების გამოჩენის შემდეგ აივ-ინფექციის გამოვლინება პირის ღრუში შემცირდა. საერთო ჯამში შეინიშნება კანდიდოზების, კაპოშის სარკომის, „თმიანი“ ლეიკოპლაკიის და წყლულოვან-ნეკროზული პაროდონტიტის შემცირება. იზრდება სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები, მატულობს მეჭეჭების რიცხვი და კარიესი „მსხვრევადი კბილების სინდრომის“ სახით. წყლულოვანი დაავადებების პროცენტული მაჩვენებელი უცვლელია.

დაახლოებით 400 მდე სამკურნალო პრეპარატი იწვევს პირის ღრუს სიმშრალეს. აივ-ინფიცირებული პაციენტების 30-40% წამლების მიღების ნიადაგზე აწუხებს ქსეროსტომია (სიმშრალე).

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა გამომწვევის წყაროს გამოვლენა შეუძლებელია, მედ პერსონალის დასაცავად აივ და ჰეპატიტის ვირუსისაგან შემუშავებულია უნივერსალური პრინციპი: ყველა პაციენტი უნდა იყოს განხილული, როგორც პოტენციურად ინფიცირებული.

აქედან გამომდინარე აუცილებელია ასეპტიკისა და ანტისეპტიკის ყველა ნორმის მკაცრი დაცვა.

Read Full Post »

მარტივი ჰერპესი (herpex simplex) ადამიანის ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა, იგი გამოწვეულია მარტივი ჰერპესის ვირუსით, ვლინდება მოზრდილების 75-90%-ში. ინფექციის წყაროა ავადმყოფი და ვირუსმატარებელი. პირველადი ინფიცირება, ძირითადად, ხდება სიცოცხლის მე-6 თვის შემდეგ, რადგან ამ დრომდე ახალშობილთა უმრავლესობას სისხლში აქვს დედისგან მიღებული მარტივი ჰერპესის საწინააღმდეგო ანტისხეულები. სიცოცხლის პირველ თვეებში ეს დაავადება ძალზე იშვიათია და გამოვლინდება კანის, ლორწოვანი გარსის, ღვიძლის, თავის ტვინის, თვალისა და სხვა ორგანოების მძიმე გენერალიზებული დაზიანებით. მარტივი ჰერპესისადმი ყველაზე მეტად მგრძნობიარენი არიან 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვები. შეინიშნება მწვავე ჰერპესული სტომატიტის აფეთქებები სკოლამდელ საბავშვო დაწესებულებებში. 3 წლის ასაკის შემდეგ პირველადი ინფიცირება სულ უფრო იშვიათია, თუმცა, შეიძლება დაინფიცირდეს მოზრდილიც. ძალიან ხშირად პირველადი ინფიცირება მიმდინარეობს სუბკლინიკურად ან უსიმპტომოდ. მარტივი ჰერპესის ვირუსი მოხვდება რა ორგანიზმში, რჩება იქ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჰერპესული სტომატიტი მიეკუთვნება ჰერპესის ვირუსით გამოწვეულ იმუნოინფექციურ დაავადებებს. იგი ვითარდება როგორც მწვავე დაავადება ან ლატენტური ვირუსული ინფექციის აქტივიზაციის შედეგად.

ჰერპესული ინფექცია პირის ღრუში კლინიკურად ვლინდება 2 ფორმით: პირველადი ჰერპესული ინფექციის – მწვავე ჰერპესული სტომატიტის და ქრონიკული რეციდიული ჰერპესის (რეციდივული ჰერპესული სტომატიტი) სახით.

მწვავე ჰერპესული სტომატიტი

დაავადება იწყება მწვავედ, სხეულის ტემპერატურის მომატებით (37-41°C ) და ზოგადი სისუსტით. 1-2 დღის შემდეგ იწყება ტკივილი პირის ღრუში, რომელიც ძლიერდება ჭამის და საუბრის დროს. ლორწოვანი გარსი წითლდება და შეშუპებულია. მასზე ჩნდება ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული წვრილი ბუშტები, რომელთა რაოდენობა მერყეობს 2-3 დან რამოდენიმე ათეულამდე.
მწვავე ჰერპესული სტომატიტის პირველ დღეებში, ასევე რეციდივების დროს, ჰერპესის ვირუსი ადვილად გამოიყოფა ბუშტუკების შიგთავსიდან.

დაავადების პროგნოზი საიმედოა, 1-3 კვირაში ყალიბდება კლინიკური გამოჯანმრთელება, აფთები ხორცდება უნაწიბუროდ, ღრძილის კიდე ინარჩუნებს თავის ფორმას.

შესაძლებელია მწვავე ჰერპესული სტომატიტის თვითგანკურნება, თუმცა მკურნალობა ხელს უწყობს დაავადების უფრო მსუბუქ მიმდინარეობას, უზრუნველყოფს გართულებების თავიდან აცილებას, ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას. სამკურნალო ღონისძიებების მოცულობა და ხასიათი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე, მიმდინარეობის სიმძიმესა და მეორად ინფიცირებაზე.

ეფექტურია ანტივირუსული და იმუნოკორელაციური პრეპარატები. გამონაყარის პირველ დღეებში ინიშნება ანტივირუსული პრეპარატები.

ქრონიკული რეციდივული ჰერპესი

ქრონიკული რეციდივული ჰერპესი საკმაოდ ხშირი მოვლენაა ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებული მარტივი ჰერპესის ვირუსით და არა აქვთ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ორგანიზმისთვის არახელსაყრელ ზოგად ან ადგილობრივ პირობებში არამყარი იმუნიტეტი სუსტდება. ამას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივება, ზოგადი დაავადებები (გრიპი და ადენოვირუსული დაავადებები, პნევმონია, მალარია და სხვა.), ინტოქსიკაცია, სტრესული მდგომარეობა სენსიბილიზაცია.

ტუჩების, ლოყების, ენის, მაგარი სასის ლორწოვან გარსზე ჩნდება 2-3-დან რამოდენიმე ათეულამდე ერთმანეთის გვერდით მდებარე წვრილი ბუშტუკები, რომლებიც სწრაფად სკდება. მათ ადგილზე წარმოიქმნება ზედაპირული ეროზიები, რომლებიც შემდგომ ერწყმიან ერთმანეთს და იწყება დაავადების განვითარების პერიოდი.

მკურნალობა ძირითადად მიმართულია რეციდივების თავიდან აცილებისაკენ. ამ მიზნით აღმოფხვრიან ორგანიზმში არსებულ ინფექციის ყველა კერას, მათ შორის პირის ღრუში (პერიოდონტიტი, პაროდონტიტი, ტონზილიტი) აღმოფხვრიან გამონაყარის წარმოქმნის ხელისშემწყობ ადგილობრივ მიზეზებს (ტუჩების სიმშრალე, ტუჩების ქრონიკული ნახეთქები). თუ რეციდივები ვლინდება ხშირად, მაშინ წარმატებით იყენებენ ჰერპესის საწინააღმდეგო პოლივაქცინას.

შემომსარტყვლელი ჰერპესი

შემომსარტყვლელი ჰერპესი (herpes zoster), ანუ შემომსარტყვლელი ლიქენი გამოწვეულია ვირუსით varicella zoster. არსებობს ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების ორი ფორმა: ჩუტყვავილა და შემომსარტყვლელი ჰერპესი. ჩუტყვავილა ვითარდება ვირუსთან პირველადი კონტაქტის დროს. შემომსარტყვლელი ჰერპესი უვითარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებმაც ადრე იავადმყოფეს ჩუტყვავილით და აქვთ ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები. დაავადება ჩნდება ლატენტური ვირუსული გააქტიურების შედეგად ან მეორადი ეგზოგენური ინფექციების გამო. შემომსარტყვლელი ჰერპესის გენერალიზებული ფორმის დროს შერწყმულია დაავადების ორივე კლინიკური ფორმა.

შემომსარტყვლელი ჰერპესით ავადდებიან ბავშვები და მოზრდილები, უფრო ხშირად კი ხანდაზმულები. ინფექცია ვრცელდება კონტაქტური ან ჰაერ-წვეთოვანი გზით. შემომსარტყვლელი ჰერპესი ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში, ახასიათებს ცხელება, თავის ტვინისა და ხერხემლის ზოგიერთი ნერვის განგლიების ანთება, ერითემულ-ვეზიკულური გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსზე დაზიანებული მგრძნობიარე ნერვების გასწვრივ. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება უკავშირდება პროცესში გასერის კვანძის (ჰეპესული განგლიოიტი), სამწვერა ნერვის მეორე და მესამე ტოტების ჩართვას ერთდროულად ზიანდება კანის შესაბამისი უბნები.

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 7-10 დღე. შემდეგ გამოვლინდება ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურა იმატებს 38-39°C -მდე, მაგრამ ინტოქსიკაციის მოვლენები შეიძლება იყოს უმნიშვნელო. ზოგად სიმპტომებთან ერთად (ან ცოტა მოგვიანებით), ვითარდება მწვავე შეტევითი ნევრალგიური ტკივილი დაზიანებული ნერვების გასწვრივ, ტკივილის ირადიაცია კბილში. კანზე გამონაყართან ერთად წარმოიქმნება მრავლობითი ვეზიკულური გამონაყარი პირის ღრუს ჰიპერემიული და შეშუპებული ლორწოვანი გარსის ფონზე.

შემომსარტყვლელი ჰერპესი მიმდინარეობს საშუალოდ 2-3 კვრია. პროგნოზი, ძირითადად საიმედოა. იშვიათია გართულებები რამდენიმე თვის ან წელიწადის განმავლობაში ნევრალგიების, დაზიანებულ მიდამოებში ტროფიკული დარღვევების, ჰიპერპათიისა და ჰიპერესთეზიის სახით.

დაავადება ტოვებს ხანგრძლივ იმუნიტეტს, თუმცა ცნობილია რეციდივული მიმდინარეობის შემთხვევები.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 726 other followers