Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სოკო’

ეს დაავადება გამოწვეულია Candida-ს გვარის სოკოებით. მას ასევე უწოდებენ კანდიდომიკოზს, რძიანას და სხვა.

გამოწვეულია საფუარასებრი, პირობითპათოგენური სოკო (Candida albicans, იშვიათად Candida tropicalis ან სხვა სოკოები) აერობები, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული გარემოში. იგი შეიძლება აღმოჩნდეს ჯანმრთელი კანისა და ლორწოვანის ზედაპირზე, ადამიანის ორგანიზმის გამონაყოფში. Candida albicans შედის ადამიანის პირის ღრუს რეზიდენტული ფლორის შემადგენლობაში და შემთხვევათა 50-70%-ში, არააქტიურ მდგომარეობაში, უმნიშვნელო რაოდენობით გამოვლინდება უკანდიდოზო პაციენტებშიც.

კანდიდოზის წარმოქმნას ხელს უწყობს:

  1. ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
  2. პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენური მდგომარეობა;
  3. გალვანიზმის არსებობა (სხვადასხვა მეტალების ერთდროული არსებობა პირის ღრუში);
  4. ადგილობრივი დამცავი (იმუნოლოგიური) ფაქტორების ფუნქციური აქტივობის დათრგუნვა;
  5. სხივური თერაპია;
  6. იმუნოსუპრესორული თერაპია

დიაგნოსტიკისათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებს, ასევე დაზიანების კერებიდან ჩამოფხეკის გზით მიღებულ პრეპარატებში მიცელიუმის ძაფების გამოვლენას.

განასხვავებენ პირის ღრუს კანდიდოზის ფსევდომემბრანულ, ატროფიულ და ჰიპერკერატოზულ ფორმებს.

ფსევდომემბრანული ფორმის დროს დაზიანება მდებარეობს ლოყის, ენის, სასის და ღრძილების ლორწოვან გარსზე. ზოგჯერ პროცესი შეიძლება გავრცელდეს ხორხზე, ხახის პირზე საყლაპავზე. ნადები ადვილად ცილდება, რის შემდეგაც შიშვლდება გლუვი ჰიპერემიული ზედაპირი. ნადები შედგება ეპითელიუმის უჯრედების, ფიბრინის, მიკროორგანიზმებისა და საფუარასებური მიცელიუმისაგან. პაციენტები უჩივიან წვას, სიმშრალეს, დისკომფორტს, ზოგჯერ მტკივნეულობას, შეიძლება აღინიშნოს ბლანტი ნერწყვი. კანდიდოზური ნახეთქები, ძირითადად, აღინიშნება ხანშიშესულ ადამიანებში B-ჰიპოვიტამინოზისა და თანკბილვის სიმაღლის დაწევის ფონზე.

ატროფიული ფორმის დროს ლორწოვანი გარსი ძლიერად არის ჰიპერემიული (კანდიდოზური სტომატიტი), ზოგჯერ ოდნავ შეშუპებულია. ტუჩების დაზიანებისას (კანდიდოზური ქეილიტი) ლორწოვანი გარსი (ხშირად ქვედა ტუჩის) ჰიპერემიულია, ზოგჯერ დაფარულია მოთეთრო ფერის ქერქებით. კანდიდოზური გლოსიტის გამოვლენის ადგილი ხშირად ემთხვევა ენის ნაოჭებს. პაციენტები უჩივიან სიმშრალეს, წვას და ტკივილის შეგრძნებას შესაბამის უბნებზე.

ჰიპერკერატოზული ფორმა ჰგავს ფსევდომემბრანულს, თუმცა ნადები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვემდებარე ქსოვილებთან, გაჟღენთილია ფიბრინით და ძნელად სცილდება. მისი მოხსნის შემდეგ შეიმჩნევა სისხლმდენი ზედაპირი.

ქრონიკული კანდიდოზი (რძიანა) – ბავშვებში, მიშვებული შემთხვევების დროს ქრონიკული კანდიდოზი პირის ღრუს ლორწოვანზე აისახება, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკვაშირებული ყვითელი ან ღიაყავისფერი მომრგვალო წარმონაქმნებით, რომელიც ამოწეულია ენი, ლოყოს და სასის ლორწოვანის ზედაპირებიდან. ლორწოვანი ჰიპერემიული, შეშუპებული და მტკივნეულია. შეინიშნება რეგიონული ლიმფური კვანძების შესიება. ჩნდება პირის ღრუს სიმშრალე, ტკივილიდან გამომდინარე ბავშვები არიან დათრგუნულები.

მკურნალობა აუცილიებელია იყოს კომპლექსური და რაციონალური. ძლიერ ბავშვებში მარტივი ფორმების დროს შესაძლებელია გამოვიყენოთ დამატუტიანებელი საშუალებები ადგილობრივად. რაც სოკოების ვეგეტაციას უშლის ხელს მაგ.: პირის გამოვლება 10-15% ნატრიუმის ბორატი გლიცერინში, 1-2% ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (საჭმელი სოდა). რაციონალურია ნისტატინის მოყრა.

მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური რადგან კანდიდოზი გვევლინება, როგორც მეორადი დაავადება, სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული იმუნური დაცვის შემცირებით.

კანდიდოზის პროფილაქტიკა მდგომარეობს პირის ღრუს სწორ მოვლაში. ანტიბიოტიკებით და კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია პროფილაქტიკურად ანტიფუნგალური პრეპარატების დანიშნვა.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 704 other followers